პანდემია სრული დატვირთვით გვამყოფებს ერთად. სწავლა ყველაფრიდან შეიძლება და არც ერთად ყოფნიდან უნდა გამოვიდეთ ბრიყვები.
დიდი ხნის წინ, მე და ერთი კაცი შევთანხმდით, რომ ფიზიკურად ერთ სივრცეში არ ვიცხოვრებდით, მაგრამ სულ ერთად ვიქნებოდით. რომც დავქორწინებულიყავით, კვირაში რამდენიმე ღამეს მაინც ჩემი მანჰეტენის სახლში გავატარებდი.
ამ გლობალური ტრაგედიის დროს, გასაგები მიზეზებითა და საჭიროებით, იძულებულები ვართ, მთელი დრო ერთად ვიყოთ. ერთად ყოფნა, გარკვეულწილად, გამოწვევაცაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მე და ჩემი კაცი - ისევე, როგორც ბევრი სხვა შეყვარებული - ამას გაუძლებს.
უფრო მეტიც - გაიფურჩქნება კიდეც.
რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას?
40 წელზე მეტია, ქორწინების ევოლუციას, ღალატსა და გაყრას ვსწავლობ, - თავის ტვინის ბიოლოგიას ამ უნივერსალური გრძნობის გარშემო. სინამდვილეში, რომანტიკული სიყვარული და ვინმესთან ღრმად მიზიდულობის თუ მიკუთვნებულობის განცდა თავის ტვინის მუშაობის თავისებურებიდან გამომდინარეობს.
სიყვარული ყველაზე ძველი, ამავე დროს, ევოლუციას დაქვემდებარებული მოვლენაა, რომელიც სულ იარსებებს.
ახალმა კორონავირუსმა გვაიძულა, კიდევ ერთხელ მკაცრად გადაგვეხედა ჩვენი საჭიროებებისთვის, მიგვეღო რთული გადაწყვეტილებები და გვეშენებინა უფრო ძლიერი პარტნიორობა საყვარელ ადამიანებთან და საკუთარ ოჯახის წევრებთან. პანდემია უდიდესი შესაძლებლობაა, უფრო მეტი გავიგოთ საკუთარ პარტნიორსა თუ ახლობლებზე, ერთად გავიზარდოთ.
ერთი მხრივ, ადამიანი თავისუფლებისმოყვარე, მოხეტიალე არსებაა, მაგრამ მეორე მხრივ - მთელი რიგი მიზეზების გამო, მას სახლიც სჭირდება. 24/7 ვინმესთან ახლოს ყოფნა შემოქმედებითობას მოითხოვს.
კონცენტრირდით დადებითზე
არ აჩვენოთ სიძულვილი საყვარელ ადამიანს. ნუ დაემუქრებით გაყრით. მიუსმინეთ აქტიურად. წადით კომპრომისებზე.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც ჩემი და ნეირომეცნიერ ლუსი ბრაუნის და თავის ტვინზე მომუშავე მეცნიერთა ჯგუფის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარეობს.
შევამოწმეთ ბედნიერ ურთიერთობაში მყოფი წყვილების თავის ტვინები [ამერიკასა და ჩინეთში]; აღმოვაჩინეთ განსაკუთრებით აქტიური სამი რეგიონი: ერთი, რომელიც დაკავშირებულია ემპათიის გრძნობის გამომუშავებასთან; მეორე - სტრესთან და ემოციების გამოწვევასთან; და მესამე, რომელიც ცდილობს, არაფრად ჩააგდოს პარტნიორის ცუდი თვისებები და მხოლოდ იმას ეჭიდება, რაც მოსწონს - ამას “პოზიტიურ ილუზიას” ეძახიან.
ჩემს პარტნიორთან ყოველღე პრაქტიკაშიც იგივეს ვიმეორებ.
უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ საერთოდ არ მიჯერებს. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ქალებს უფრო მეტი უნარი გვაქვს, რამდენიმე საქმე ერთდროულად ვაკეთოთ - ეს უნარი, ალბათ, ჩვენი პრეისტორიული წარსულიდან გამომდინარეობს, როცა ჩვილის გაზრდასთან ერთად, ბევრი საოჯახო საქმის შეთავსება გვიწევდა. კაცებს დროის კონკრეტულ მონაკვეთში მხოლოდ ერთი საქმის კეთება შეუძლიათ.
იმის ნაცვლად, რომ ვიფიქრო, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ანგარიშს არ მიწევს, ვფიქრობ, რომ მას ერთ საქმეზე კონცენტრაციის უნარი აქვს, რაც მას ბრწყინვალე კარიერის დაგეგმვაში დაეხმარა.
იფიქრეთ მხოლოდ დადებითზე. ეს შედეგს გამოიღებს.
შექმენით თქვენი უსაფრთხო სივრცე
ჩვენს ბინაში ჩემი სივრცე შემოვსაზღვრე - ადგილი, სადაც ვიქნები და ხელს არავინ შემიშლის. თუ ჩემს პარტნიორს ვჭირდები, კარზე აკაკუნებს და მეკითხება, თუ მცალია.
კვლევები და მონაცემები აჩვენებს, რომ ადამიანებს ავტონომიური სივრცე სჭირდებათ; ასეთი სივრცე მათ აძლევს საშუალებას, კონტროლის შეგრძნება შეინარჩუნონ.
თუ სახლში ბავშვებიც გყავთ, მათაც აარჩევინეთ და მოანიშნინეთ საკუთარი სივრცე.
შექმენით დღის წესრიგი
ჩემს საყვარელ ადამიანსა და მე ყოველდღიური დღის წესრიგი გვაქვს.
გეგმა ყოველდღე დგება.
ზოგადად, გაურკვევლობის და ბუნდოვანების მიმართ ყველას სხვადასხვა რეაქცია აქვს. ზოგს დიდად არ აღელვებს გაურკვეველი მომავალი. ეს მე არ მეხება: მომწონს გეგმები. მეხმარება დრო სწორად გადავანაწილო.
დილის ყავასთან ერთად, მთელი დღის გეგმებს ვაწყობთ. როგორც წესი, კომპიუტერთან დროის გარკვეულ პერიოდს ვატარებთ და ლანჩსაც ცალ-ცალკე მივირთმევთ - როგორც წესი, წინა სადილებიდან მორჩენილ ნამცეცებს.
კრიზისის დროს მნიშვნელოვანია სამუშაო დროის განსაზღვრა. უნდა დავიწყნაროთ გონება. დავგეგმოთ, როდის ვითამაშებთ და როდის - ვისადილებთ.
სპეციალურად ვიმოსებით სადილისთვის - არავითარი პიჟამო და ძველი სვიტერები. ახლახან ჩემს კაცს დაბადების დღე ჰქონდა. საჩუქრები ვუყიდე და ვთხოვე, საზეიმოდ გამოწყობილიყო. სააბაზანოდან სმოკინგით გამოვიდა. მე კი მთელი თვე გამყვა ეს საღამო.
ითამაშეთ ერთად
ყოველ საღამოს მისაღები ოთახის დივანზე ვსხდებით ხოლმე და ერთად ვთამაშობთ ონლაინ თამაშებს.
ისეთ თამაშებსაც ვთამაშობთ, რომელიც ჩვენს ერთობლივ წარსულს გვახსენებს. განსაკუთრებით მომწონს თამაში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოვიგონე “გახსოვს, როცა...?” ასე ვიხსენებ ჩვენი ნაცნობობის საუკეთესო წამებს.
გუშინ ასე დავიწყე: “გახსოვს ჩვენი პირველი პაემანი - კარზე რომ დააკაკუნე და წამიერად მოიბოდიშე, ზედმეტი პუნქტუალურობისთვის?”
ნოსტალგიის გამოწვევა კარგია - თუ ზომიერად იზამთ. იმის ნაცვლად, რომ “ძველ კარგ დროს” მისტიროდეთ, შეინახეთ, გაიმეორეთ და ხელახლა განიცადეთ ისინი.
ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თამაშია: “ჩემი საყვარელი მომენტი.” ზოგჯერ საღამოობით, ერთმანეთს ე-მეილებს ვწერთ, სადაც ერთმანეთს დღის მნიშვნელოვან წამებს ვუყვებით და ვუზიარებთ. ორი დღის წინ ჩემთვის ასეთი მომენტი იმის გახსენება იყო, რომ წინა დღით სუპერმარკეტში თვალი ჩამიკრა.
პარტნიორს რომ ვასიამოვნოთ, უნდა ვიცოდეთ, რა უნდა და რა სიამოვნებს მას. კოქტეილის საათიც გვაქვს. ასეთ დროს ერთმანეთს რამე ბანალურ ისტორიას ვუყვებით.
ხშირად შეეხეთ ერთმანეთს
ზოგჯერ ერთმანეთს ვეხუტებით. ასე, ჩახუტებულები, ვუსმენთ აუდიო-წიგნს. შეხება [მათ შორის, კოცნა] მნიშვნელოვანია: ყველა სახის შეხება თავის ტვინიდან ოქსიტოცინის გამოყოფას უწყობს ხელს და სიშვიდესა და უსაფრთხო მიჯაჭვულობის შეგრძნებას აღვიძებს.
დაგეგმეთ მომავალი შვებულება
ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ჩემს საყვარელ კაცთან შვებულების დაგეგმვაა. იმედი მაქვს, მომავალ გაზაფხულზე სკანდინავიაში წავალთ. მანამდე, ერთად ვსხედვართ კომიუტერის წინ და ვუყურებთ რუკებს, მუზეუმებს, ბუნებას და ისტორიულ ადგილებს.
წარმოიდგინეთ ცხოვრება ჟამიანობის შემდეგ. კვლევები აჩვენებს, რომ შვებულების დაგეგმვა და სასიამოვნო მომავლის წარმოდგენა ადამიანს აბედნიერებს.
მთელი ოჯახი ჩართეთ პროცესში
თუ ოჯახში ბავშვები გყავთ, ჩართეთ ისინი ოჯახის ყოველღიური დაგეგმვის რუტინაში, ან ამბების მოყოლის ყოველდღიურ საათში.
ბავშვებს მიეცით საშუალება, დროის გარკვეული ნაწილი ისე გაატარონ, როგორც უნდათ. ახალი გამოწვევებიც შესთავაზეთ: სადილის მომზადება, მაგალითად. შეიძლება, დიდად ვერაფერი გამოუვიდეთ, მაგრამ ისწავლიან და იცინებენ.
სიცილი გადარჩენის ელექსირია - მან გადაგვატანინა ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდები.
სიყვარული სიახლეებით გაახალისეთ
ჩართეთ მუსიკა და იცეკვეთ - მაშინაც კი, როცა ცეკვა არ გეხერხებათ. ერთად მოამზადეთ საჭმელი - ახალი რეცეპტები მოძებნეთ. ვირტუალურად დაათვალიერეთ მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები, ქალაქები და ბუნების დაცული ტერიტორიები.
ძველი ფოტოები ერთად დაათვალიერეთ. მომავალი წვეულება დაგეგმეთ. ჰელოუინის გამართვაც სცადეთ, ან რამე მსგავსი ახალი ფორმის წვეულება გამართეთ.
რამე ახალი გააკეთეთ. სიახლეს დოფამინი მოაქვს და ენერგიითა და ოპტიმიზმით ავსებს ადამიანს. შემოქმედებით მიუდექით სიყვარულს. როცა პანდემია დასრულდება, მიხვდებით, რომ კი არ დაშორდით ერთმანეთს, არამედ უფრო დაახლოვდით.
♦ სტატიის Cupid in Quarantine: What Brain Science Can Teach Us About Love ავტორია ჰელენ ე. ფიშერი. ჰელენი არის ბიოლოგიური ანთროპოლოგი და უფროსი მკვლევარი ინდიანას უნივერსიტეტის კინსის ინსტიტუტში. ის ექვსი წიგნის ავტორია, მათ შორის “სიყვარულის ანატომია: რატომ ვწყვილდებით, რატომ ვქორწინდებით და რატომ ვიწყებთ გარე-გარე წანწალს.”
♦ მთავარ ფოტოზე: დიანა და კუპიდონი; ნახატის ავტორია პომპეო ბატონი, იტალიელი მხატვარი. მისი ეს ნამუშევარი ამჟამად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება