მეცნიერება

15 ინფექციური დაავადება, რომელთა არსებობა ვაქცინებმა მიგვავიწყა




იმუნიზაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო მონაპოვარია, რომლის წყალობითაც ყოველ წელს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არის შესაძლებელი. 

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] გამოთვლებით, ერთი წლის განმავლობაში, ვაქცინაციის წყალობით, 3 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება ისეთი დაავადებებით სიკვდილისგან, როგორებიცაა ინფლუენზას ინფექცია, ტეტანუსი, დიფტერია და წითელა.

იმუნიზაცია პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და ყოველი ადამიანის უფლებაა, ჰქონდეს მასზე წვდომა. ვაქცინების არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაავადებების აფეთქებების თავიდან არიდებისთვის: მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია ჯანდაცვის გლობალური უსაფრთხოება.

ჩამოთვლილი სიკეთეების მიუხედავად, 20 მილიონ ჩვილს ყოველ წელს ხელი არ მიუწვდება საჭირო ვაქცინებზე. 

სხვადასხვა მიზეზით, ზოგ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შეფერხდა. იმუნიზაციის პროცესის მიმართ ეჭვის შეტანა კი კაცობრიობას ხელს უშლის, ისარგებლოს ამ მიღწევის უდიდესი სიკეთეებით, რომლის ჩანაცვლება შეუძლებელია. 

სამკურნალო მედიკამენტისგან განსხვავებით, ვაქცინას ვიღებთ იქამდე, ვიდრე დაავადება შეგვეყრება. ვაქცინა გვიცავს დაავადებისგან ან მისი მძიმე ფორმების განვითარებისგან. 

ვაქცინა ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას წვრთნის, რათა ეფექტურად შეამზადოს ის უცხო სხეულის ან პათოგენის წინააღმდეგ. ვაქცინები შეიცავენ ან გაუვნებელყოფილ, მკვდარ ვირუსებს, ან მათ გენეტიკურ ფრაგმენტებს [დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა, დნმ ან რიბონუკლეინის მჟავა, რნმ] ან ცილებს.

ვაქცინები მთლიან ან ცოცხალ ვირუსს არ შეიცავენ, შესაბამისად, ისინი ადამიანებს არ აავადებენ. 

ვაქცინების უმრავლესობა ინექციის საშუალებით შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში, ნაწილის მიღება პირიდან არის შესაძლებელი, ნაწილი კი - ცხვირის სპრეის სახითაც არსებობს. 

ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ინფექციური დაავადება ვაქცინაციამ დაარეგულირა. რუტინული ვაქცინაციის შედეგად, ისინი კაცობრიობას საფრთხეს აღარ უქმნიან. 

ყველა მათგანი შედის საქართველოში დაწესებული პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში

 

1. ყვავილი 

ყვავილის ინფექცია ერთ–ერთი ყველაზე გამანადგურებელი დაავადება იყო კაცობრიობის ისტორიაში და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა იქამდე, სანამ აღმოიფხვრებოდა. 

ითვლება, რომ ყვავილი, სულ მცირე, 3000 წლის განმავლობაში არსებობდა დედამიწაზე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ [WHO] 1967 წელს  ყვავილის  აღმოფხვრის ინტენსიური გეგმის განხორციელება დაიწყო. რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიოში ფართო-სახალხო იმუნიზაცია და მეთვალყურეობა მიმდინარეობდა. 

ყვავილის ბოლო ცნობილი შემთხვევა სომალიში აღიწერა, 1977 წელს.

1980 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ  ყვავილი აღმოფხვრილად გამოაცხადა. შედეგად, ყვავილი აქამდე ერთადერთი ინფექციური დაავადებაა, რომელიც სრულიად აღმოიფხვრა.  

ყვავილის აღმოფხვრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად რჩება.

 

2. პოლიომიელიტი / Polio 

პოლიომიელიტი მწვავე და პოტენციურად მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც პოლიოს ვირუსი იწვევს. ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის და მან, შესაძლოა, ინფიცირებული ადამიანის თავის ტვინსა და ზურგის ტვინში შეაღწიოს და პარალიზი გამოიწვიოს. 

პოლიოს ელიმინაცია/აღმოფხვრა ამერიკის შეერთებულ შტატებში [ა.შ.შ.] ვაქცინაციით მოხერხდა, პოლიოს   ვაქცინის განუწყვეტელმა გამოყენებამ კი ეს ქვეყანა პოლიოსგან თავისუფალ ქვეყნად აქცია. 

ახალშობილების და ბავშვების აცრა პოლიოს შეჩერების საუკეთესო გზაა.

 

3. ტეტანუსი / Tetanus

ტეტანუსი კუნთების მტკივნეულ გამაგრებას, ყბის  კრუნჩხვით შეკუმშვას იწვევს და შესაძლოა, სიკვდილის მიზეზი გახდეს. მშობლები ბავშვებს ტეტანუსის შესახებ ყოველ ჯერზე აფრთხილებდნენ, როცა მეტალთან შეხების შემდეგ კანზე ტრავმა გაუჩნდებოდათ - მაგალითად,  ნაკაწრი, ნაჩხვლეტი, თუ ჭრილობა.  

დღეს ტეტანუსის ვაქცინა  DtaP-ის სახელით ცნობილი ვაქცინის ნაწილია, რომელიც ტეტანუსის გარდა, იცავს სხვა ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა დიფტერია და ყივანახველა. 

 

4. ინფლუენზა / The Flu [Influenza], ცნობილი როგორც "გრიპი" ან "გაციება"

ინფლუენზას ინფექცია სასუნთქი გზების დაავადებაა, რომელსაც ინფლუენზას ვირუსი იწვევს. ვირუსი აინფიცირებს ცხვირს,  ყელს და ფილტვებს. მან ადამიანებზე, მათი იმუნური სისტემის, ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვანაირი გავლენა შეიძლება მოახდინოს. 

ინფლუენზა, რომელსაც რამდენიმე ტიპი აქვს, ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს.  გრიპს ბავშვებში, შესაძლოა, შემდეგი სიმპტომები ახასიათებდეს: ხველა, სიცხე, ტკივილები, დაღლის შეგრძნება, ღებინება და დიარეა. აშშ-ში, ყოველ წელს, გრიპის გართულებისგან სხვა მხრივ ჯანმრთელი ბავშვების ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო. არის სიკვდილის შემთხვევებიც. აშშ-ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრების [CDC] მონაცემებით, 2010 წლიდან გრიპთან დაკავშირებულმა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 7 ათასიდან - 26 ათასამდე შემთხვევა შეადგინა. 

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ თუ 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვი ინფლუენზათი დაინფიცირდა, დიდი ალბათობით, მისი საავადმყოფოში დაწვენა გახდება საჭირო. პრობლემა ის არის, რომ ამ ასაკის ბავშვები  ძალიან პატარები არიან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ასაცრელად და ისინი დაუცველები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ.

ბავშვების ინფლუენზასგან დასაცავი საუკეთესო გზაა მისი საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულობის პერიოდში დედის აცრა. მნიშვნელოვანია მომვლელის და ბავშვთან ახლო კონტაქტში მყოფი პირების აცრა. ყველას, 6 თვის ასაკიდან ზემოთ, ყოველ წელს სჭირდება ინფლუენზას ვაქცინით აცრა.

 

5. B ჰეპატიტი / Hepatitis B

იცოდით, რომ მსოფლიო მასშტაბით, ყოველ წელს 780 ათასი ადამიანი კვდება B ჰეპატიტით გამოწვეული გართულებებით?

B ჰეპატიტი სისხლით ან სხეულის სხვა სითხის საშუალებით გადაეცემა. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან B ჰეპატიტის ვირუსი, შესაძლოა, ბავშვს გადაეცეს ინფიცირებული დედისგან მშობიარობის დროს. 

10-დან 9 ბავშვი, რომელთაც ეს ვირუსი დედისგან ხვდებათ, ქრონიკულად ინფიცირებულები ხდებიან. ამიტომ ბავშვებმა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა დაბადებიდან მალევე უნდა მიიღონ. ყველა ორსული ქალი უნდა გაიტესტოს ვირუსზე და ყველა ბავშვი უნდა იყოს ვაქცინირიებული.

 

6. A ჰეპატიტი / Hepatitis A

A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა 1995 წელს შექმნეს და მას შემდეგ ამ დაავადების შემთხვევები აშშ-ში საგრძნობლად შემცირდა. A ჰეპატიტი ღვიძლის გადამდები დაავადებაა. მისი გადადება შესაძლებელია ადამიანიდან ადამიანზე ან დაბინძურებული წყლისა და საკვების საშუალებით. 

ბავშვის A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საუკეთესო გზაა თქვენი შვილის ამ ვირუსისგან დასაცავად და ჯანმრთელობისთვის.

 

7. წითურა / Rubella

წითურა ხველით და ცემინებით გადადის. ის განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალისა და ნაყოფისთვის. თუ არავაქცინირებულ ქალს წითურა შეხვდება, შესაძლოა, მას მუცელი მოეშალოს ან ბავშვი დაბადების შემდეგ დაიღუპოს. ქალმა, შესაძლოა,  დაავადება ნაყოფს გადასცეს, რაც  ნაყოფში სხვადასხვა დეფექტის ალბათობას ზრდის.

 

7. ჰიB / Hib

ჰიB-ს ან როგორც მისი ოფიციალური სახელია, ჰემოფილუს ინფლუენზა ტიპ B-ს ისე კარგად არ იცნობენ, როგორც სხვა დაავადებებს და ეს ვაქცინების დამსახურებაა. ჰიB-ს ბავშვის იმუნური სისტემის სერიოზული დაზიანება შეუძლია და, შესაძლოა, თავის ტვინის დაზიანების, სმენის დაკარგვის და სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. 

ჰიB ყველაზე ხშირად 5 წლამდე ბავშვებს ემართებათ. მის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნამდე, ჰიB-ით ყოველ წელს 20 ათასი ბავშვი ინფიცირდებოდა. ამ ბავშვებიდან, 5-დან ერთს თავის ტვინის დაზიანება ემართებოდა ან სმენა ეკარგებოდა. მკურნალობის შემთხვევაშიც  20 ბავშვიდან ერთი ჰიB-ის მენინგიტით კვდება. 

 

9. წითელა / Measles

იცოდით, რომ თქვენ ბავშვს მაშინაც კი შეიძლება შეხვდეს წითელა, თუ ის იმ ოთახში შევა, სადაც წითელათი ინფიცირებული პირი იმყოფებოდა? და ეს, შესაძლოა, ამ ოთახიდან ამ ადამიანის გასვლის 2 საათის შემდეგაც მოხდეს? წითელა ძალიან გადამდები ინფექციაა და ის შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგების მქონე აღმოჩნდეს, განასაკუთრებით, პატარა ბავშვებისთვის. 

იმის გამო, რომ წითელა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გავრცელებულია, თუ არ ხართ ვაქცინირებული, შესაძლოა, დაინფიცირდეთ.

ყველა, ვინც წითელასგან ვაქცინით დაცული არ არის, რისკის ქვეშაა. 

 

10. ყივანახველა / Whooping Cough [Pertussis]

ყივანახველა ძალიან გადამდები დაავადებაა, რომელიც ბავშვისთვის, შესაძლოა, მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. ყივანახველამ შეიძლება გამოიწვიოს უკონტროლო, მწვავე ყველა, რის შედეგადაც რთულია სუნთქვა. მისი სახელი, - ყივანახველა, მომდინარეობს იმ მკვეთრი ხმის გამო, რომელიც მწვავე ხველის ეპიზოდის შემდგომ შესუნთქვას ახასიათებს. ბავშვებში ამ დაავადებამ ხველის გარეშეც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში სუნთქვის დაყოვნება. ყივანახველა განსაკუთრებით საშიშია იმ ბავშებისთვის, რომლებიც ძალიან პატარები არიან ვაქცინაციისთვის. ამიტომ დედებმა უნდა გაიკეთონ ყივანახევლას ვაქცინა ორსულობის დროს, რომ ბავშვს დაბადებამდე ანტისხეულები გამოუმუშავდეს. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შვილისთვის, რომ ყივანახველას საწინააღმდეგოდ დროულად აცრათ, იმისთვის, რომ დაავადების საწინააღმდეგოდ საკუთარი იმუნიტეტის გამომუშება დაიწყოს.

2010 წლიდაან ა.შ.შ.-ში  ყოველწლიურად ყივანახველას 15 ათასიდან - 50 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება, შემთხვევები ვლინდება ყველა შტატში.

 

11.  პნევმოკოკური ინფექცია / Pneumococcal Disease

პნევმოკოკურ დაავადებას იწვევს ბაქტერია, სახელწოდებით Streptococcus Pneumoniae. ის იწვევს ყურის ინფექციას, სინუსიტს, პნევმონიას და მენინგიტსაც კი, რაც მას ბავშებისთვის ძალიან საშიშად აქცევს. მიკრობებმა შეიძლება შეაღწიონ სხეულის ნაწილებში - თავის ან ზურგის ტვინში, სადაც, როგორც წესი, მიკრობები ვერ აღწევენ.

აუცილებლად აცერით ბავშვები ამ საშიში დაავადებისგან.

 

12.  როტავირუსი / Rotavirus

როტავირუსი გადამდებია და შეიძლება გამოიწვიოს მწვავე დიარეა, რომელსაც ახლავს ღებინება, სიცხე და მუცლის ტკივილი. ბავშვებმა ამ ინფექციის შედეგად შეიძლება მწვავე დეჰიდრატაცია განიცადონ და ჰოსპიტალიზაცია გახდეს საჭირო. თუ ბავშვს სითხის მწვავე ნაკლებობა განუვითარდა და არ მიიღებს საჭირო დახმარებას, ის შეიძლება მოკვდეს. როტავირუსი ერთ-ერთი პირველი ვაქცინაა, რომლსაც ბავშვს უკეთებენ. ვაქცინა როტავირუსისგან საუკეთესო დაცვაა.

 

13.  ყბაყურა / Mumps

ყბაყურას ახასიათებს ლოყების და ყბის შეშუპება. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ დროს სანერწყვე ჯირკვლებში ანთება ვითარდება. სხვა სიმპტომებში აღინიშნება  სიცხე, თავის და კუნთის ტკივილი და დაღლილობა. 

ყბაყურა გადამდები დაავადებაა და მისი მკურნალობა შეუძლებელია. 

ბოლო წლებში ყბაყურის გავრცელება ხდებოდა, მაგალითად, საკლასო ოთახში ან ერთ სპორტულ გუნდში თამაშისას. MMR ვაქცინა იცავს ადამიანს ყბაყურასგან, წითელასგან და წითურასგან.

 

14. ჩუტყვავილა / Chickenpox

ჩუტყვავილას შედეგად დაავადებულ ადამიანს კანი უწყლულდება და ექავება, რასაც სიცხე ახლავს. ჩუტყვავილის მიმდინარეობისას, დაავადებულ ადამიანს სხეულზე 500-მდე წყლული შეიძლება გაუჩნდეს. ეს საკმაოდ სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, მოზრდილებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც  დასუსტებული იმუნური სისტემა აქვთ. ჩუტყვავილათი ჯანმრთელი ადამიანებიც შეიძლება ძალიან ავად გახდნენ. ბავშვების ადრე ვაქცინაცია მათი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

 

15.  დიფტერია / Diphtheria

ბევრი ჩვენგანი დიფტერიას იცნობს, როგორც დიდი ხნის წინ არსებულ დაავადებას, დღეს ჩვენ მასთან შეხება თითქმის აღარ გვიწევს, ვაქცინის დამსახურებით.  ვაქცინა, სახელწოდებით  DTaP იცავს დიფტერიისგან, ტეტანუსისგან და ყივანახველასგან. დიფტერიის პრევენციის მიუხედავად, ის ჯერ კიდევ არსებობს. მან ცხვირის უკანა ნაწილსა და ყელში სქელი ნადები შეიძლება გამოიწვიოს,  რაც სუნთქვას და ყლაპვას ართულებს. დიფტერია შეიძლება გულის დაზიანების, პარალიზის და სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. აცერით ბავშვები ამ საშიში დაავადების საწინააღმდეგო აცრით.

 

 

 მასალის წყაროა ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები [CDC] - Diseases You Almost Forgot About [Thanks to Vaccines]. CDC-ს ვებ-გვერდზე ინფორმაცია ბოლოს 2020 წლის 8 მაისს განახლდა. 

 

♦ მსგავსი მონაცემები:

  ყვავილი - ინფექციური დაავადება, რომელიც ვაქცინაციამ აღმოფხვრა 

  ახალი კორონავირუსის ვაქცინების ცნობარი

  ახალი კორონავირუსის ვაქცინებით იმუნიზაციის მონაცემები საქართველოში

 

♦ მასალა მოამზადა თაკო ფარადაშვილმა. თაკო კომუნიკაციის მენეჯერია ჰოლანდიურ სამედიცინო პროფილის კომპანიაში Bambi Medical. მანამდე, მუშაობდა ჟურნალისტად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, ჟურნალ „ლიბერალში“ და media.ge-ში. პერიოდულად თარგმნიდა ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის სტატიებს გაზეთ „24-საათისთვის.“ თაკოს ფლობს ორ სამაგისტრო ხარისხს მედიისა და კომუნიკაციების მენეჯმენტის და მედიისა და ხელოვნების კვლევის პროგრამებში. "ლინკდინის" პროფილი - Tamar Pharadashvili

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>