ყვავილი [smallpox] მწვავე გადამდები დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ვარიოლას ვირუსით [variola virus], რომელიც ორთოპოქსვირუსების ოჯახის [orthopoxvirus] წარმომადგენელია.
ყვავილის ინფექცია ერთ–ერთი ყველაზე გამანადგურებელი დაავადება იყო კაცობრიობის ისტორიაში და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა იქამდე, სანამ აღმოიფხვრებოდა.
ითვლება, რომ ყვავილი, სულ მცირე, 3000 წლის განმავლობაში არსებობდა დედამიწაზე.
ყვავილის ვაქცინა, რომელიც ბრიტანელმა მეცნიერმა ედუარდ ჯენერმა 1796 წელს შექმნა, პირველი წარმატებული ვაქცინა იყო ამ პათოგენის წინააღმდეგ. ჯენერმა შეამჩნია, რომ მერძევეებს, რომლებსაც ადრე შეხვდათ ყვავილის ინფექცია, შემდეგ დაცულნი [იმუნურნი] იყვნენ ამ დაავადების წინააღმდეგ. ჯენერმა დაუშვა ჰიპოთეზა, რომ მსგავსი ხერხის გამოყენება შეიძლება ადამიანებში ყვავილის თავიდან ასაცილებლად - პრევენციისთვის.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ [WHO] 1967 წელს ყვავილის აღმოფხვრის ინტენსიური გეგმის განხორციელება დაიწყო. რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიოში ფართო-სახალხო იმუნიზაცია და მეთვალყურეობა მიმდინარეობდა.
ყვავილის ბოლო ცნობილი შემთხვევა სომალიში აღიწერა, 1977 წელს.
ალი მაოუ მაალინი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ბოლო ადამიანია, რომელსაც ყვავილის დაავადება ჰქონდა. მერკა, სომალი, 1977 © ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები, Centers for Disease Control and Prevention, CDC
1980 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყვავილი აღმოფხვრილად გამოაცხადა. შედეგად, ყვავილი აქამდე ერთადერთი ინფექციური დაავადებაა, რომელიც სრულიად აღმოიფხვრა.
ყვავილის აღმოფხვრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად რჩება.
ჩვილის აცრა ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინით, პაკისტანში, ქალაქ კარაჩიში © Keystone/Hulton Archive/Getty Images
ყვავილის სიმპტომები
ყვავილი ადრეულ სიმპტომებია მაღალი სიცხე, დაღლილობა, ზურგის მწვავე ტკივილი და ნაკლებად ხშირად, მუცლის ტკივილი და პირღებინება. ორიდან სამი დღის შემდეგ ვირუსი გამოიმუშავებს დამახასიათებელ გამონაყარს კანზე, გამჭვირვალე სითხით სავსე მუწუკებით, რომლებიც მოგვიანებით ივსება ჩირქით, რომელიც მოგვიანებით შრება და იშლება.
გამონაყარი იწყება სახეზე და ხელებზე, შემდეგ ვრცელდება დანარჩენ სხეულზე. დაზიანების კერები ვითარდება ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსებში და წყლულდება, ფორმირებიდან მალევე.
ყვავილი გადადის ადამიანიდან ადამიანზე, ინფექციური წვეთების საშუალებით, ინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტის დროს, რომელთაც აქვთ დაავადების სიმპტომები, ან ზოგიერთ შემთხვევაში დაავადებულის ტანსაცმლით და დაავადებული პირის ნივთებით.
ვირუსის ინკუბაციის პერიოდია 7-17 დღე; დაავადებული ადამიანი გადამდებია მაღალი ტემპერატურის და სხვა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. ინფიცირება რჩება იქამდე, სანამ სხეულიდან ბოლო ქერცლები არ გაქრება.
ყვავილის ინფექცია ფატალური შედეგით დასრულდა ინფიცირებულების დაახლოებით 30% შემთხვევაში.
WHO-ის საპასუხო რეაქცია
ყვავილის აღმოფხვრის პერიოდი განისაზღვრა ხანგრძლივი და რთული დებატების შედეგად, რომელიც შენახული ცოცხალი ვარიოლას ვირუსის განადგურებას ეხებოდა.
1996 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო 49-ე ასამბლეაზე, წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, რომ შენახული ვირუსები განადგურებულიყო 1999 წლის ივნისში და დაცული ყოფილიყო მცირე ზომის ნიმუშების სახით, ორ ყველაზე უსაფრთხო ლაბორატორიაში მსოფლიოში - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციაში.
ყვავილის ვირუსის დაცული ნიმუშები მხოლოდ და მხოლოდ კვლევებისთვის გამოიყენება, რომელსაც მეთვალყურეობას ვარიოლის ვირუსის კვლევის მრჩეველთა კომიტეტი უწევს [Advisory Committee for Variola Virus Research]. კომიტეტის წევრები ყოველწლიურად იკრიბებიან.
ჯანმოს ყვავილის სამდივნო [The WHO Smallpox Secretariat], რომელიც ორგანიზაციის შტაბბინიდან მუშაობს, ყვავილის ვაქცინის საგანგებო ოდენობასაც [Smallpox Vaccine Emergency Stockpile] ინახავს, რომელიც საგანგებო სიტუაციისთვის არსებობს, ვირუსის კერების ხელახალი გაჩენის შემთხვევაში და მის პოტენციურად სამართავად.
WHO-ს ყვავილის სამდივნო ასევე კოორდინაციას უწევს კვლევით საქმიანობას, აკონტროლებს საცავების ბიოუსაფრთხოებასა და ბიოდაცულობას და ანგარიშს აბარებს ჯანმოს მმართველ ორგანოებს.
♦ მასალა მოამზადა ილია ჯახაიამ. ილია ბიოსამედიცინო და გენეტიკური ინჟინერიის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტია. ილიას ინტერესების სფეროა თავის ტვინის ნეირობიოლოგია. ილია ჩართულია არაერთ პროექტში, რომელიც სამედიცინო მეცნიერებასა და დიპლომატიას უკავშირდება.
♦ ამავე თემაზე წაიკითხეთ:
14 ინფექციური დაავადება, რომელთა არსებობა ვაქცინებმა მიგვავიწყა
როგორ მთავრდება პანდემიები?