მეცნიერება

ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებული თრომბოზები ანტისხეულების იშვიათ რეაქციას უკავშირდება




გერმანიასა და ნორვეგიაში გამოიკვლიეს იმ ახალგაზრდებთან დაკავშირებული შემთხვევები, რომელთაც ასტრაზენეკას ვაქცინის მიღების შემდეგ სერიოზული და ზოგჯერ ფატალური შედეგის მქონე სისხლისმიერი წარმოშობის აშლილობები განუვითარდათ.

ახალი კვლევებით გამოიკვეთა უჩვეულო ანტისხეულების როლი, რომლებსაც, როგორც ჩანს, წვლილი მიუძღვით იმ სერიოზული და ზოგჯერ ფატალური შედეგის მქონე თრომბოზის წარმოქმნაში იმ ადამიანებში, რომელთაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინა გაიკეთეს.

ჯერ კიდევ უცნობია, ზუსტად რატომ ჩნდება ეს იშვიათი რეაქცია კონკრეტულად ამ ვაქცინის მიღების შემდეგ და მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ჯგუფში.

გერმანელმა და ნორვეგიელმა მეცნიერთა ჯგუფებმა აღმოაჩინეს, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც ვაქცინაციის შემდეგ თრომბოზი განუვითარდათ, ისეთი ანტისხეულები გამოიმუშავეს, რომლებმაც, თავის მხრივ, თრომბოციტები, - სისხლის შედედებაში მონაწილე კომპონენტები, - გაააქტიურეს. გავრცელებული ახალი მოხსენებები დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ამ მოვლენის შესახებ, რაზეც მკვლევრები აქამდეც მიანიშნებდნენ. 

ცნობილია, რომ ეს გართულება ახალგაზრდებს უფრო ეხებათ, ვიდრე ასაკოვნებს. თუმცა, მკვლევარების თქმით, მათ არ იციან კონკრეტულად რა მოვლენა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის რა წინაპირობა აქცევს ადამიანთა ნაწილს ამ დაავადების განვითარების რისკ ჯგუფად. მეცნიერების აზრით, ეს მღელვარების საფუძველს იძლევა, რადგან არ შეგვიძლია წინასწარ გამოვიცნოთ, ესა თუ ის ადამიანი შედის თუ არა მაღალი რისკის ჯგუფში.

თრომბოზის შესახებ ცნობებმა ბევრ ქვეყანას გადააწყვეტინა შეეზღუდა ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება და ის მხოლოდ ასაკოვანი ადამიანებისთვის გაეკეთებინა ან სრულიად შეეჩერებინა. ამ შემთხვევებმა დიდი დარტყმა მიაყენა მსოფლიოს მცდელობას შეეჩერებინა ახალი კორონავირუსის პანდემია, რადგან ასტრაზენეკას ვაქცინა, რომელიც იაფი და ადვილი შესანახია, 100-ზე მეტ ქვეყანაში იქცა ვაქცინაციის პროგრამების მთავარ საყრდენად.  

ევროპის წამლის რეგულირების სააგენტომ [EMA] ბევრჯერ გაუსვა ხაზი, რომ თრომბოზთან დაკავშირებული გართულება იშვიათია და რომ ვაქცინის გამოყენებით მიღებული სარგებელი ბევრად აღემატება მის რისკებს. მაგრამ, როცა გვერდით ეფექტს აქვს პოტენციალი, იყოს ჯანმრთელობის გამანადგურებელი ან სულაც ფატალური შედეგის მქონე -  მაგალითად, როგორიცაა სისხლის შედედებები თავის ტვინში, - ზოგი მარეგულირებელი და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი რისკის დაშვება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათია, მაინც მიუღებელია.

კვირას [11 აპრილს], ევროპის მარეგულირებლებმა მიიღეს შეტყობინება სისხლის შედედების იშვიათი პრობლემის განვითარების 222 შემთხვევის შესახებ. ეს შემთხვევები დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ეკონომიკურ კავშირში შემავალ 30 სახელმწიფოში [ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აგრეთვე ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი] აღირიცხა. მათი თქმით, ამ ქვეყნებში 34  მილიონ ადამიანს გაუკეთეს ასტრაზენეკას ვაქცინა და თრომბოზის შემთხვევათა რიცხვმა შეადგინა 100 ათასიდან 1 ადამიანი.

ევროპის მარეგულირებლის თქმით, 22 მარტიდან მათ 86 შემთხვევა დეტალურად მიმოიხილეს და ამ შემთხვევებიდან 18 ფატალურად დასრულდა.

ვაქცინის უსაფრთხოებაზე დაწესებული თამასა მაღალია, რადგან მას ჯანმრთელ ადამიანებს უკეთებენ. ახალგაზრდების მეტად მოწყვლადობა სისხლის შედედების დაავადებასთან მიმართებაში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, რადგან მათთვის კოვიდის მწვავე შემთხვევის განვითარების რისკი ისედაც მცირეა, ვიდრე ასაკოვან მოსახლეობაში. საერთო ჯამში, ასაკოვნებთან შედარებით, ახალგაზრდებს უფრო მეტი აქვთ დასაკარგი: ასტრაზენეკას ვაქცინისგან შეიძლება უფრო ნაკლები სარგებელი ჰქონდეთ და მეტი ზარალიც მიიღონ.

გერმანია, ჰოლანდია, ფილიპინები, პორტუგალია და ესპანეთი რეკომენდაციას იძლევიან, რომ ასტრაზენეკა მხოლოდ 60 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს გაუკეთდეთ. კანადამ და საფრანგეთმა ვაქცინის მისაღებ ზღვრად 55 წელი დააწესეს, ავსტრალიამ - 50 წელზე მეტი, ბელგიამ - 56 წელზე მეტი. დიდმა ბრიტანეთმა, სადაც ვაქცინა შექმნეს, და რომელიც ვაქცინის ურყევი დამცველი იყო, ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ 30 წელზე ახალგაზრდებს ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებმაც ასტრაზენეკას ვაქცინის დიზაინი შექმნეს, სამშაბათს განაცხადეს, რომ დიდ ბრიტანეთში მიმდინარე, ორთვიანი კვლევა ბავშვებსა და თინეიჯერებზე  შეაჩერეს და ელოდებიან მარეგულირებლის გადაწყვეტილებას.

კამერუნმა, კონგოს დემოკრატიულმა არესპუბლიკამ, დანიამ და ნორვეგიამ ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს.

ასტრაზენეკათი სრული ვაქცინაცია საჭიროებს ორ დოზას, მაგრამ საფრანგეთის და გერმანიის მარეგულირებლების რეკომენდაციით, 55 წელს ქვემოთ პირებმა, რომელთაც ვაქცინის ერთი დოზა მიიღეს, მეორე დოზისთვის სხვა ვაქცინა უნდა გაიკეთონ.

ასტრაზენეკას ვაქცინას ავტორიზაცია არ აქვს გავლილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ კომპანიამ განაცხადა, რომ გეგმავს განაცხადი შეიტანოს ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციაში [FDA] საგანგებო გამოყენებისთვის ნებართვის მისაღებად. FDA-მ  პარასკევს უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე სისხლის შედედების იშვიათ შემთხვევებთან დაკავშირებით.

ოთხშაბათს ევროპის წამლის სააგენტომ [EMA] განაცხადა, რომ ვაქცინის ეტიკეტირება უნდა შეიცვალოს და უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომ თრომბოზი  ვაქცინის „ძალიან იშვიათი“ გვერდითა ეფექტია.

საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, მწარმოებელი კომპანია ასტრაზენეკა ამბობს, რომ ის „აქტიურად თანამშრომლობს მარეგულირებლებთან, რომ დანერგოს ეს ცვლილებები პროდუქტის ინფრომაციასთან დაკავშირებით და რომ ის უკვე მუშაობს თრომბოზთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევების, ეპიდემიოლოგიის და შესაძლო მექანიზმების გამოსაძიებლად, რამაც შეიძლება ამოხსნას, რას უკავშირდება ეს ძალიან იშვიათი შემთხვევები.“

The New England Journal of Medicine-მა ორი კვლევა გამოაქვეყნა. ერთი გერმანიიდანაა და აღწერს 11 პაციენტს, მათ შორის 9 ქალს, რომელთა ასაკი 22-49 წელია. ვაქცინაციიდან 5-დან 16 დღემდე პერიოდში, მათ ერთზე მეტი თრომბი აღმოაჩნდათ. 9 მათგანს დაუდგინდა თავის ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზი, ეს თრომბი ბლოკავდა ვენას, რომელიც თავის ტვინში სისხლის ცერკულაციაზეა პასუხისმგებელი. ზოგ მათგანს  თრომბი ფილტვებში, გულმკერდსა და ორგანიზმის სხვა ნაწილებში განუვითარდა. 11-დან 6 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი თავის ტვინში სისხლდენით.

მიუხედავადა იმისა, რომ პაციენტების უმეტესობა იყო ქალი, უცნობია, ქალები უფრო მოწყვლადები არიან თუ არა კაცებთან შედარებით. გერმანიაში ჯანდაცვის სფეროში  ძირითადად ქალები მუშაობენ და პირველად ვაქცინა მათ გაუკეთეს.

ერთ პაციენტს უკვე ჰქონდა ჯანმრთლობის ისეთი მდგომარეობა, რამაც თრომბოზის წარმოქმნაზე გავლენა იქონია.

პარასკევს გამართულ ბრიფინგზე, კვლევის ავტორმა დოქტორმა ანდრეას გრაინახერმა, განაცხადა, რომ ამ კონდიციამ, სავარაუდოდ, მცირე როლი შეასრულა იმ რეაქციაში, რაც ვაქცინაციას მოჰყვა. მან აგრეთვე თქვა, რომ „არსებობს ალბათობა,“ რომ ადამიანებს, ვისაც თრომბოზი განუვითარდათ, აღენიშნებოდათ იშვიათი, უცნობი ბიოლოგიური მახასიათებლები, რასაც მან ინდივიდუალური „თანაფაქტორები“ დაარქვა. ამ თანაფაქტორებმა ვაქცინაზე საპასუხოდ გამოიწვია მათი იმუნური სისტემის რეაქცია, გამოემუშავებინა ძლიერი, არასწორად მიმართული ანტისხეულები. მან ამას „კარგი ამბავი“ უწოდა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელთაც ეს თანაფაქტორები არ აღენიშნებათ.

არსებობს „აშკარა მტკიცებულება,“ რომ ასტრაზენეკას ვაქცინა, იშვიათ შემთხვევაში, აიძულებს ორგანიზმს გამოიმუშავოს ანტისხეულები, რომლებიც თრომბოციტების გააქტიურებას უწყობს ხელს, - ამბობს დოქტორი გრაინახერი.

მაგრამ, ამბობს ის: „არაა აუცილებელი, ეს ანტისხეულები ყველა ჩვენგანის ორგანიზმში წარმოიქმნას.“

ამ ეტაპზე, მის ლაბორატორიაში  დაახლოებით 40 შემთხვევა დაფიქსირდა იმ 1.4 მილიონი ადამიანიდან გერმანიაში, რომელმაც ეს ვაქცინა გაიკეთეს. მხოლოდ ვაქცინა რომ იწვევდეს პრობლემას,  ინდივიდუალური თანაფაქტორების გარეშე, ბევრად მეტი შემთხვევა გვექნებოდაო, ამბობს ექიმი გრაინახერი.

მან ახალგაზრდების სიკვდილს „ტრაგიკული“ უწოდა, მაგრამ აღნიშნა, რომ მონაცემები მცირეა. „ვაქცინის არგაკეთების შედეგად იქნება უფრო მეტი ადამიანი მწვავე გართულებებით, ვიდრე ვაქცინაციის შედეგად,“ ამბობს ის.

მის კვლევაში მონაწილე ყველა იმ 11 ადამიანს, რომლებსაც სისხლი გაუტესტეს, ასევე იმ 17-ს, ვისაც თრომბოზი განუვითარდა ვაქცინაციის შემდეგ, აღმოაჩნდა ანტისხეულები, რომლებიც თრომბოციტებს ააქტიურებენ.

ანტისხეულები იწვევენ მდგომარეობას,  რომელსაც თრომბოზულ თრომბოციტოპენიას უწოდებენ და რომელიც იწვევს როგორც თრომბოზს, ასევე პათოლოგიურ სისხლდენას. მკვლევრების შემოთავაზებაა, რომ ამ პაციენტებში აღმოჩენილ დაავადების ახალ ვერსიას ეწოდოს „ვაქცინით გამოწვეული იმუნური თრომბოზული თრომბოციტოპენია“ – “vaccine-induced immune thrombotic thrombocytopenia,” VITT.

იმის თაობაზე, თუ რა იწვევს იმუნურ რეაქციას, მეცნიერებმა სხვადასხვა თეორიები წარმოადგინეს. ასტრაზენეკას ვაქცინა პლატფორმად შიმპანზეს ადენოვირუსს იყენებს, რომელიც დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის ფრაგმენტებს ატარებს მიმღებ ადამიანში შესაყვანად, რომ  იმუნიტეტტმა კორონავირუსის მიმართ რეაქცია გამოიმუშაოს. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შიმპანზეს ვირუსმა ან დეზოქსირიბონუკლეინის მჟავამ, შეიძლება პრობლემა შექმნას.

ექიმმა გრეინახერმა ეს თეორიები დაუშვა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა მათი დამტკიცება.

სტატია აღწერს სპეცილიზირებულ სისხლის ანალიზის შესაძლებლობას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ამ დაავადების აღმოსაჩენად და სხვა, ვაქცინასთან კავშირში არმყოფი, სისხლის შედედების პრობლემებისგან გამოსაყოფად. მკვლევართა ჯგუფმა წამოაყენა იდეა ისეთი პრეპარატით მკურნალობაზე, როგორიცებიცაა ინტრავენური იმუნური გლობულინი. ის გამოიყენება სხვადასხვა იმუნური დაავადების სამკურნალოდ. დოქტორმა  გრაინბახერმა ეს მკურნალობა ხანძრის ჩაქრობას შეადარა.

შესაძლოა, ისეთი წამლების გამოყენებაც, რომელთაც სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებებად ან სისხლის გამათხელებლად მიიჩნევენ. მაგრამ მკვლევრების რეკომენდაციაა, არ გამოწერონ ფართო მოხმარებაში მყოფი ჰეპარინი, რადგან ვაქცინით გამოწვეული მდგომარეობა ძალიან ჰგავს იმ მწვავე რეაქციას, რაც იშვიათად ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ჰეპარინს იღებენ.

მეორე კვლევა ნორვეგიიდან აღწერს ხუთ პაციენტის შემთხვევას-  ერთ მამაკაცს და ოთხ ქალს, რომლებიც ჯანდაცვის სექტორის მუშაკები არიან. მათი ასაკი 32-54 წელია. მათ ჩამოუყალიბდათ თრომბოზი და დაეწყოთ სისხლდენა ასტრაზენეკას ვაქცინის მიღებიდან 7- 10 დღის შუალედში. ოთხ მათგანს თავის ტვინში მწვავე თრომბოზი ჩამოუყალიბდა, რაც სიკვდილით დასრულდა. მწვავე თავის ტკივილი მათი ადრეული სიმპტომი იყო. გერმანელი პაციენტებივით, ყველა მათგანს ანტისხეულების მაღალი დონე აღენიშნებოდა, რომელთაც, პოტენციურად, თრომბოციტების გააქტიურება შეეძლოთ.

ნორვეგიის გუნდმა რეკომენდაცია გაუწია ინტრავენური იმუნური გლობულინით მკურნალობას. მკვლევრების თქმით, ავადმყოფობა იშვიათია, მაგრამ „ეს ფენომენი გამანადგურებელი ეფექტის მქონეა ჯანმრთელი ადამიანებისთვის“ და მათი ვარაუდით, ეს შეიძლება უფრო ხშირად გვხვდებოდეს, ვიდრე ასტრაზენეკას აქამდე ჩატარებული კვლევები ამაზე მიუთითებდა.

პარასკევს ევროპის მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ ისინი მიმოიხილავდნენ თრომბოზის შემთხვევებს იმ ადამიანებში, რომლებმაც ჯონსონ და ჯონსონის ვაქცინა გაიკეთეს. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალური სააგენტოები იძიებენ სხვა სახის უჩვეული სისხლის დაავადებას, რა დროსაც რამდენიმე ათეულ ადამიანს აღენიშნა თრომბოციტების მკვეთრი ვარდნა პფაიზერ-ბიოენტექის და მოდერნას ვაქცინების გაკეთების შემდეგ.  

 

♦ მასალის წყაროა ამერიკულ გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმზის სტატია Blood Clots Linked to AstraZeneca Vaccine Stem From Rare Antibody Reaction, რომლის ავტორია სამედიცინო ჟურნალისტი დენის გრეიდი.

 

♦ მასალა თარგმნა თაკო ფარადაშვილმა. თაკო კომუნიკაციის მენეჯერია ჰოლანდიურ სამედიცინო პროფილის კომპანიაში Bambi Medical. მანამდე, მუშაობდა ჟურნალისტად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, ჟურნალ „ლიბერალში“ და media.ge-ში. პერიოდულად თარგმნიდა ამერიკულ გაზეთ The New York Times-ის სტატიებს გაზეთ „24-საათისთვის.“ თაკოს ფლობს ორ სამაგისტრო ხარისხს მედიისა და კომუნიკაციების მენეჯმენტის და მედიისა და ხელოვნების კვლევის პროგრამებში. "ლინკდინის" პროფილი - Tamar Pharadashvili

 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>