ახალი კორონავირუსის ინდური ვარიანტი - რა ვიცით აქამდე





მეცნიერება

ახალი კორონავირუსის ინდური ვარიანტი - რა ვიცით აქამდე




დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის ე.წ "ინდური ვარიანტის" შემთხვევები აღირიცხა. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, დაინფიცირებული ხუთი ინდივიდიდან სამმა საქართველო უკვე დატოვა, ხოლო ორი - იზოლირებულია. ცენტრის ინფორმაციით, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

 

რა ვიცით "ორმაგ მუტანტ" ახალ ინდურ ვარიანტზე?

ახალი კორონავირუსის ერთ-ერთი ახალი ვარიანტი, აღნიშვნით B.1.617, პირველად ოქტომბერში გამოჩნდა და ამჟამად ის ყველაზე მეტად ინდოეთშია გავრცელებული.

ეს ვარიანტი ათზე მეტი მუტაციის ნაერთია, მაგრამ ხშირად მას "ორმაგ მუტანტს" ეძახიან, რადგან  ორ ცნობილ მუტაციას შეიცავს: E484Q-სა და L452R-ს.

მუტაცია L452R ასევე არის ნაპოვნი შტამ B.1.429-ში, რომელიც კალიფორნიაშია გავრცელებული. ამ მუტაციას, სავარაუდოდ, შეუძლია ვირუსს დაეხმაროს, უფრო ძლიერად მიებას ადამიანის ACE2 რეცეპტორს და უფრო სწრაფად გამრავლდეს ადამიანის ორგანიზმში. 

მუტაცია E484Q, სავარაუდოდ, ჰგავს მუტაცია E484K-ს, რომელსაც ბრიტანული და სამხრეთ-აფრიკული შტამები შეიცავდა და რომლებიც უფრო მდგრადები აღმოჩნდნენ ვაქცინების მიმართ. E484K მუტაციას ასევე აქვს უნარი, დაემალოს ადამიანის ანტისხეულების გარკვეულ კატეგორიებს.

ინდოელმა მედიკოსებმა უკვე გამოთქვეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ  B.1.617 შტამი ძალიან გადამდები იყო და მთელი დადებითი შემთხვევების 60%-ს შეადგენდა COVID-19-ის ეპიცენტრ მაჰარაშტრაში, ინდოეთში. 

ინდური შტამი B.1.617 სხვა ქვეყნებშიც აღმოაჩინეს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ა.შ.შ.-ში, ისრაელში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და გერმანიაში.

ისრაელში სამშაბათს აღმოაჩინეს ეს შტამი 8 მოქალაქეში - მათი უმრავლესობა მოგზაურობიდან დაბრუნდა. ისრაელში განაცხადეს, რომ Pfizer-BioNTech ვაქცინას ამ შტამის მიმართ ჰქონდა "გარკვეული ეფექტურობა, მაგრამ სავარაუდოდ, შემცირებული," - წერს როიტერსი.

 

რა არ ვიცით?

მკვლევარები ჯერ კიდევ ცდილობენ გასცენ პასუხი კითხვებზე ორმაგ მუტანტთან დაკავშირებით.

"ბლუმბერგის" თანახმად, მუტაცია L452R, რომელსაც ეს შტამი შეიცავს, ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგად არის შესწავლილი და ცნობილია, რომ ის 20%-ით უფრო გადამდებია და ვაქცინების ეფექტურობა მის წინააღმდეგ არის 50%. ეს ნიშნავს, რომ ამ ვარიანტის მიმართ ვაქცინები ნაკლებად ძლიერნი შესაძლოა იყონ, მაგრამ ისრაელიდან წამოსული მონაცემებით, ვაქცინები სულ მცირე, გარკვეული დონით მაინც იცავენ ადამიანს ამ შტამის წინააღმდეგ.

ჯერ არ არის მონაცემები იმასთან დაკავშირებითაც, არის თუ არა ეს შტამი უფრო ძლიერი და მომაკვდინებელი, თუმცა, მან  ინდოეთის ერთ-ერთ გეოგრაფიულ არეალში ვირუსის აფეთქება გამოწვია. ინდოეთში, მაჰარაშტრას საგანგებო შტაბის ექსპერტმა ინდურ გამოცემა Indian Express-ს უთხრა, რომ ეს შტამი სრაფად ვრცელდება, მაგრამ ნაკლებად ვირულენტურია და დრამატულად არ ზრდის ჰოსპიტალიზაციას. თუმცა, ეს მონაცემები ანეგდოტურია და დიდი მონაცემების შედარებით ანალიზს არ გულისხმობს. 

 

WHO - "საყურადღებო ვარიანტი"
 
10 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ე.წ. "ინდური ვარიანტი" 'საყურადღებოდ' გამოაცხადა.
 
ახალი კორონავირუსის საყურადღებო ვარიანტი [variant of concern (VOC)], WHO-ს კლასიფიკაციით, ისეთი სახეობაა, რომელსაც აქვს პოტენციალი, იყოს მეტად გადამდები, შეცვალოს პანდემიის სურათი, იყოს უფრო ვირულენტური ან ხელს უშლიდეს პანდემიის მართვას, ასუსტებდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს პანდემიის დროს, ამცირებდეს ვაქცინების ეფექტურობას და ცვლიდეს სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებების მუშაობის პრინციპს. 
 
 
როგორ მუშაობენ არსებული ვაქცინები "ინდური ვარიანტის" წინააღმდეგ?
 
კვლევის მიხედვით, რომელიც Public Health England-მა ჩაატარა, ნათქვამია, რომ არსებული ვაქცინები იცავენ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან.
 
პფაიზერის ვაქცინა 88% -ით იცავდა სიმპტომური დაავადების განვითარებისგან "ინდური ვარიანტით" დაინფიცირების შემთხვევაში, ხოლო ასტრაზენეკას ვაქცინა - 60%-ით.
 
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, უფრო მაღალი სანდოობით დასაცავად, აუცილებელია ვაქცინის ორივე დოზის მიღება. 
 
საქართველოში ამჟამად ორივე დოზით აცრილია 19 392 მოქალაქე, ხოლო ერთი დოზით - 125 601.
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>