ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ახალი კორონავირუსის მიმართ გამომუშავებული იმუნური უჯრედები რჩებიან ისეთი პაციენტების ძვლის ტვინის ქსოვილებში, რომლებმაც გადაიტანეს ახალი კორონავირუსი ან მიიღეს ვაქცინა.
“ახალი კვლევები შესაბამისობაშია უკვე არსებულ მონაცემებთან, რომლებიც მიანიშნებენ, რომ ახალი კორონავირუსის ინფექციითა და ვაქცინებით გამოწვეული იმუნური პასუხი ხანგრძლივია,” - ამბობს სკოტ ჰენსლი, იმუნოლოგი, რომელიც პენსილვანიის უნივერსტიტეტში მუშაობს და რომელიც ხსენებულ კვლევებში არ იყო ჩართული.
ახალი კვლევა იმედებს იძლევა, რომ ახალი კორონავირუსის მიმართ გამომუშავებული იმუნიტეტი არ არის ისე სწრაფად მინავლებადი, როგორიც ის იმუნიტეტი, რომელიც სხვა კორონავირუსების მიმართ გამომუშავდება, - იმ კორონავირუსებისა, რომლებიც ყოველ სეზონზე “ჩვეულებრივი გაციების” მსგავს ინფექციას იწვევენ.
ექიმ ჰენსლის აზრით, კორონავირუსები [იგულისხმება სხვა სეზონური კორონავირუსები და არა ახალი კორონავირუსი] მნიშვნელოვნად იცვლებიან, სეზონთან ერთად.
“მიზეზი, თუ რატომ ვინფიცირდებით ყოველ წელს კორონავირუსებით მთელი ცხოვრების განმავლობაში, შესაძლოა, იყოს ის, რომ ეს ვირუსები სწრაფად იცვლებიან და ეს არ უკავშირდება მათდამი გამომუშავებული იმუნიტეტის ხარისხს,” ამბობს ჰენსლი.
მაიკლ ნუზენცვაიგი, ნიუ იორკის როკფელერის უნივერსიტეტის იმუნოლოგი, რომელიც Sars-CoV-2-ის მიმართ იმუნიტეტის მეხსიერების უჯრედების მუშაობის ევოლუციასა და დახვეწასთან დაკავშირებით კვლევის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ სინამდვილეში, იმუნიტეტის მეხსიერების B უჯრედებიც მძლავრ პასუხს იძლევიან ახალი კორონავირუსის - Sars-CoV-2-ის მიმართ, ისეთ ძლიერს, რომ ამ ვირუსის ახალ ვარიანტებსაც კი ისე უმკლავდებიან, რომ ზოგჯერ მეორე, ე.წ. “ბუსტერი” დოზებიც არ ხდება აუცილებელი.
“ადამიანებს, რომლებიც დაინფიცირდნენ COVID-19-ით და შემდეგ ვაქცინა მიიღეს, ძალიან ძლიერი იმუნური პასუხი ჰქონდათ, ანტისხეულები - დამაკმაყოფილებელი რაოდენობით. ანტისხეულებიც ვითარდებიან, გადიან ევოლუციას,” - ამბობს დოქტორი ნუზენცვაიგი.
ეს შედეგები არ ეხება მხოლოდ იმუნიტეტით გამოწვეულ დაცვას. იმუნური მეხსიერება ვაქცინაციის შემდეგ სხვანაირად ორგანიზდება, ვიდრე ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ.
დოქტორ ნუზენცვაიგის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ხალხს, რომლებსაც ჯერ არ ჰქონია COVID-19 ინფექცია და მიიღეს ვაქცინა, დროთა განმავლობაში, მაინც დასჭირდება “ბუსტერი” - მეორე დოზა.
“ეს დაზუსტებით ძალიან მალე გვეცოდინება,” - ამბობს ის.
ვირუსთან პირველი შეხების შემდეგ, იმუნიტეტის მეხსიერების B უჯრედები სწრაფად მრავლდებიან და გამოიმუშავებენ დიდი რაოდენობით ანტისხეულებს. ინფექციის შესუსტებისა და ალაგების შემდეგ, B უჯრედების მცირე ნაწილი ძვლის ტვინში გადაინაცვლებს და სტაბილური პერიოდულობით გამოსცემს ანტისხეულების ზომიერ და საჭირო ოდენობას.
ახალი კორონავირუსის მიმართ გამომუშავებული მეხსიერების B უჯრედები ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს. კვლევას ალი ელიბედი ხელმძღვანელობდა.
კვლევის ფარგლებში, სამი თვის ინტერვალით, 77 ადამიანს აუღეს სისხლის ნიმუშები. პირველი ნიმუში ინფიცირებიდან ერთი თვის შემდეგ აუღეს და ასე მიმდევრობით. 77 ინდივიდიდან მხოლოდ 6 იყო ჰოსპიტალიზებული; დანარჩენებს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდათ.
ანტისხეულების დონეები კვლევაში მონაწილეებში მკვეთრად დაეცა ინფექციდან 4 თვის შემდეგ და ეცემოდა მომავალი თვეების განმავლობაშიც - ეს შედეგები ემთხვევა აქამდე არსებულ ტენდენციებს.
ზოგი მეცნიერის აზრით, ანტისხეულების რაოდენობის დაცემა დასუსტებულ იმუნიტეტზე მიუთითებდა. სხვები ამბობდნენ, რომ სწორედ ასეც უნდა მომხდარიყო. ორგანიზმში შეჭრილი ყველა მიმდინარე პათოგენის ანტისხეული სისხლში რომ დიდი რაოდენობით ინახებოდეს, ისინი სწრაფად გადაიქცეოდნენ მოსქელო, შლამისმაგვარ, მასად.
სისხლში ანტისხეულების რაოდენობა მკვეთრად ეცემა მწვავე ინფექციის დასრულების შემდეგ, ხოლო მეხსიერების B უჯრედები ძვლის ქსოვილებში რჩებიან, დროებით უმოქმედოდ, “ჩუმად” არიან, მაგრამ - მუდმივად მზად, რომ საჭიროებისამებრ იმოქმედონ.
დოქტორ ელიბედის ჯგუფმა ძვლის ტვინის ქსოვილების სინჯები აიღო 19 ადამიანისგან, რომლებიც სინჯების აღებიდან 7 თვით ადრე იყვნენ ინფიცირებულები. 15 მათგანს ჰქონდა გაზომვადი B უჯრედები, ოთხს - არ ჰქონდა, რაც იმის დასკვნის საშულებას იძლევა, რომ ზოგ ადამიანს B უჯრედები შედარებით მცირე რაოდენობით ენახება, ზოგს კი - საერთოდ არ აღენიშნება.
“ეს ნიშნავს, რომ ინფიცირება იდეალური იმუნიტეტის გამომუშავებას არ ნიშნავს,” - ამბობს დოქტორი ელიბედი.
კვლევის აღმოჩენის ეს დეტალი ამყარებს მოსაზრებას იმაზე, რომ იმ პაციენტების ვაქცინირებაც უნდა მოხდეს, რომლებმაც გადაიტანეს COVID-19.
დოქტორ ელიბედის კვლევის ხუთმა მონაწილემ კვლევის ავტორებს ძვლის ქსოვილების ნიმუშები პირველი ინფიცირებიდან შვიდი ან რვა თვის შემდეგაც გადასცეს და განმეორებით ისევ - ოთხი თვის შემდეგ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იმუნიტეტის მეხსიერების B უჯრედები ამ ხნის განმავლობაში სტაბილურად ნარჩუნდებოდა მათი ძვლის ტვინის ქსოვილებში.
ტორონტოს უნივერსიტეტის იმუნოლოგის, ჯენიფერ გომერმანის თქმით, ეს შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კვლევის მონაწილეებისგან ძვლის ქსოვილების სინჯების აღება/მიღება რთული და იშვიათი საქმეა.
ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც 2007 წელს გამოქვეყნდა, ავითარებდა თეორიას, რომ ანტისხეულები ათწლეულების განმავლობაშიც კი ნარჩუნდებიან, ან მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი ძლებენ, რაც მეხსიერების B უჯრედების ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლის შესახებ ირიბად მიუთითებდნენ. დოქტორ გომერმანის თქმით, ახალმა კვლევამ კიდევ უფრო მეტი სიმყარე შესძინა ძველ თეორიას.
დოქტორ ნუზენცვაიგის გუნდმა შეისწავლა, თუ როგორ იცვლება და იხვეწება იმუნიტეტის B უჯრედები დროთა განმავლობაში.
მკვლევარებმა შეისწავლეს 63 ისეთი ადამიანის სისხლის სინჯები, რომლებმაც COVID-19 ინფექცია ერთი წლის წინ გადაიტანეს. მონაწილეების უმრავლეობას მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, ხოლო 26-მა Moderna-ს ან the Pfizer-BioNTech-ის ერთი ან ორი დოზა ვაქცინა მიიღო.
სამეცნიერო გუნდმა დაინახა, რომ ე.წ. მანეიტრალიზებელი ანტისხეულები, რომლებიც ინფექციის პრევენციისთვის არის საჭირო, 6-12 თვის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა, ხოლო შედარებით უმნიშვნელო ტიპის ანტისხეულები ქრებოდნენ.
იმუნური მეხსიერების B უჯრედების ევოლუციასთან ერთად, მათ მიერ წარმოებული ანტისხეულები ინარჩუნებდნენ მანეიტრალიზებელ ფუნქციას ვირუსის სხვადასხვა, უფრო ფართო სპექტრის ვარიანტების მიმართაც.
იმუნური მეხსიერების უჯრედების მუშაობის სრულყოფის უწყვეტი პროცესი, სავარაუდოდ, ორგანიზმში დარჩენილი ვირუსის ნარჩენებზე მათი რეაქციის შედეგი იყო, რომლებიც მათი სამიზნე და ერთგვარი სავარჯიშო იყო.
ინფექციიდან ერთი წლის შემდეგ მანეიტრალიზებელი უნარი იმ ადამიანებისა, რომლებსაც ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული, უფრო სუსტი იყო ვირუსის ყველა არსებული ვარიანტის მიმართ, ყველაზე მეტად კი აფრიკულ ვარიანტთან მიმართებაში.
ვაქცინაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა ანტისხეულების რაოდენობას, რაც სხვა კვლევებმაც დაადასტურა.
ვაქცინების ორივე დოზა თითქმის თითქმის 50-ჯერ აძლიერებდა მანეიტრალიზებელი ანტისხეულების გამომუშავების უნარს.
შაბათს სენატორ რენდ პოლმა, რესპუბლიკელმა კენტუკიდან, განაცხადა, რომ ის ჯერ არ მიიღებდა ახალი კორონავირუსის ვაქცინას, რადგან გასული წლის მარტში მოიხადა ეს ინფექცია და მისი მოსაზრებით, იმუნური იყო.
ინფიცირება არ არის გარანტია, რომ ინდივიდის იმუნიტეტი საკმარისად ძლიერი იქნება წლების განმავლობაში, მათ შორის ახალი კორონავირუსის ახალი ვარიანტების მიმართ, რომლებიც გარვეულწილად, ცდილობენ “დაემალონ” და დაუსხლტნენ ადამიანის იმუნიტეტს.
დოქტორ ნუზენცვაიგის კვლევის თანახმად, ადამიანებს, რომლებმაც მოიხადეს COVID-19 ინფექცია და თან ვაქცინაც გაიკეთეს, განსაკუთრებით მაღალი ხარისხითა და ოდენობით ჰქონდათ დაცულობა ახალი ვარიანტების მიმართაც, მეორე დოზის გარეშეც კი.
“სწორედ ასე გამოიყურება B უჯრედის საუკეთესოდ მუშაობის მაგალითი,” ამბობს მარიონ პეპერი, ვოშინგტონის უნივერსიტეტის იმუნოლოგი, რომელიც ახალ კვლევაში არ იყო ჩართული.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ იმუნიტეტი სხვადასხვანაირად მუშაობს ვაქცინირებულ ადამიანებსა და ისეთებში, რომლებსაც საერთოდ არ გადაუტანიათ COVID-19. უშუალოდ ვირუსთან ბრძოლის დროს იმუნიტეტი სხვანაირად მუშაობს, ვიდრე ვირუსის მხოლოდ ერთი ტიპის ცილის მიმართ გამომუშავებული იმუნიტეტი, რომელსაც ვაქცინა შეიცავს [როგორც წესი, უმეტესად, S სპაიკ ცილა, ჩინური ვაქცინების გამორიცხვით].
“ვაქცინირებული და არავაქცინირებული ადამიანის იმუნიტეტის მოქმედების ძალა ერთმანეთისგან განსხვავდება,” ამბობს ექიმი პეპერი. “თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინირებულების იმუნური პასუხი არ იქნება ფართო და ყოვლისმომცველი ახალი კორონავირუსის მიმართ. უბრალოდ, განსხვავებული იქნება.”
♦ მასალის პირდაპირი წყაროა The New York Times-ის სტატია Immunity to the Coronavirus May Persist for Years, Scientists Find, რომლის ავტორია სამედიცინო ჟურნალისტი აპურვა მანდავილი.