27 მაისს ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნდა მონაცემების ანალიზი, რომლის ფარგლებშიც ჩინელმა მეცნიერებმა ადამიანთა გარკვეული ჯგუფის სისხლის შრატში ახალი კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის მიმართ COVID-19-ის “სინოვაკის” ვაქცინის მანეიტრალიზებელი ძალა გაზომეს.
“სინოვაკის” ვაქცინის ეფექტურობის გასაზომად კვლევის ავტორებმა 93 ჯანმრთელი ინდივიდის სისხლის შრატი აიღეს, მათში ანტისხეულების ტიტრების შესამოწმებლად, როგორც ვაქცინამდე, ასევე ვაქცინის მიღების შემდეგ. 93 ინდივიდის სისხლის შრატი ვაქცინის პირველ დოზის მიღებამდე და მეორე დოზის მიღებიდან მე-14 დღეს აიღეს.
პირები, რომელთა მონაცემები კვლევისთვის აიღეს, სამედიცინო სფეროში მუშაობდნენ და ყველა მათგანს მიღებული ჰქონდა “სინოვაკის” ვაქცინის [CoronaVac] ორივე დოზა.
შრატის დახმარებით, მკვლევარებმა გაზომეს ამ ვაქცინის ეფექტურობა როგორც ახალი კორონავირუსის პირველი - ვუჰანის ვარიანტის [ე.წ. ველური ტიპის], ასევე ახალი კორონავირუსის ექვსივე მოცირკულირე ვარიანტის მიმართ, მათ შორის D614G-სა და B.1.1.7-ს [რომლებიც დიდ ბრიტანეთში განჩდა], B.1.351-ის [რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში გაჩნდა], P.1-ის [რომელიც პირველად ბრაზილიაში აღმოაჩინეს], B.1.429-ს [რომელიც თავდაპირველად ა.შ.შ.-ში, კალიფორნიაში იპოვეს] და B.1.526-ს მიმართ [რომელიც თავდაპირველად ნიუ-იორკში, ა.შ.შ.-ში იპოვეს].
ვაქცინისწინა შრატში არ აღრიცხულა მანეიტრალიზებელი ანტისხეულები ახალი კორონავირუსის ზემოთ ჩამოთვლილი შვიდი ვარიანტიდან არც ერთის მიმართ.
ორი დოზის მიღების შემდეგ, 76 ინდივიდის სისხლის შრატში აღირიცხა მანეიტრალიზებელი ანტისხეულები [ტიტრების საშუალო მაჩვენებელი - 51·3] ვუჰანის ვარიანტის მიმართ. დაახლოებით იგივე მანეიტრალიზებელი ეფექტის მქონე ანტისხეულების ტიტრები აღინიშნა დიდი ბრიტანული ვარიანტების მიმართ.
ანტისხეულების მანეიტრალიზებელი ძალა შემცირებული იყო ახალი კორონავირუსის ნიუ-იორკული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული ვარიანტების მიმართ.
ვაქცინის შემდგომ აღებული შრატები სუსტად შეიცავდა მანეიტრალიზებელ ტიტრებს ვირუსის ისეთი ვარიანტების მიმართ, რომლებიც მუტაცია E484K-ს შეიცავს, რომელიც ვირუსს იმუნური სისტემისგან დამალვის უნარს ანიჭებს.
“ნიუ იორკ ტაიმზის” SARS-CoV-2-ის ვარიანტებისა და მუტაციების ტრეკერის მიხედვით, მუტაცია E484K, რომელსაც “Eek”-საც ეძახიან, ამჟამად ახალი კორონავირუსის რამდენიმე ვარიანტში შედის, მათ შორის სამხრეთ აფრიკულსა და ბრაზილიურში, ასევე ორ ბრიტანულ ვარიანტში.
მკვლევართა აზრით, საჭიროა ახალი კორონავირუსის ახალი ვარიანტების უწყვეტი მონიტორინგი და დამტკიცებული ვაქცინების ეფექტურობის კვლევა მათ წინააღმდეგ, განსაკუთრებით მუტაცია E484K-ს არსებობის პირობებში.