მეცნიერები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინამ, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში სისხლის კოლტების გაჩენა წაახალისოს. ზოგი ქალი კი ფიქრობს, რომ განგაში ჩასახვის საწინააღმდეგო აბების წინააღმდეგაც უნდა ატყდეს.
გასულ თვეს ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] დროებით შეაჩერა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების უფლება, რათა შეაფასოს სისხლის კოლტების გაჩენის რისკები 50 წელს გადაცილებულ ქალებში.
ბევრმა მეცნიერმა შეამჩნია, რომ ვაქცინის შემდეგ სისხლის კოლტები უფრო ისეთ ქალებში აღინიშნებოდა, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებდნენ და სავარაუდო მიზეზი სწორედ ეს არის უფრო მეტად, ვიდრე მხოლოდ ვაქცინის ფაქტორი.
ვაქცინებისა და კონტრაცეფციის საფრთხეები იმიტომ შეადარეს, რომ ქალები ვაქცინის სიკეთეში დაერწმუნებინათ. ზოგ წრეში ამან სიბრაზე გამოიწვია - არა ვაქცინაცის შეჩერების თვალსაზრისით, არამედ იმიტომ, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ასჯერ უფრო დიდი რისკების შემცველია, ხოლო უსაფრთხო ალტერნატივები ჰორიზონტზე არ ჩანს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვაქცინა და კონტრაცეფცია სხვადასხვა ლოკაციაზე იწვევს სისხლის კოლტებს. ვაქცინა სისხლის კოლტებს იწვევს თავის ტვინში, ხოლო ჩასახვის საწინააღმდეგო აბები - ფეხებსა და ფილტვებში - ეს განსხვავება მალევე შენიშნეს ექსპერტებბმა.
თუმცა, ეს განსხვავება დიდი ვერაფერი ნუგეში იყო ბევრი ქალისთვის.
“მაშინ სად ვიყავით, როდესაც 14 წლის ბავშვს ვუწყებდით ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიცემას,” - დაწერა ერთმა ქალმა ტვიტერზე.
მეორემ კი თქვა, რომ “ჩასახვის საწინააღმდეგო აბები კაცებისთვის რომ ყოფილიყო საჭირო, მას ბეკონის გემო ექნებოდა და უფასოდ დარიგდებოდა.”
ბევრ ქალს მიუთითეს სოციალურ მედიაში და სხვაგანაც, რომ არ უნდა იწუწუნონ, რადგან ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება მათი არჩევანია და მათ უნდა იცოდნენ იმ რისკების შესახებ, რაც მის მიღებას ახლავს.
ხმაური და მძვინვარება, რაც გაჩნდა სოციალურ ქსელებში ამ თემასთან დაკავშირებით, სიახლე არ არის ქალთა ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტებისთვის.
“ქალები გაბრაზებულები უნდა იყვნენ - ქალთა ჯანმრთელობის საკითხები არასოდეს იმსახურებს საკმარის ყურადღებას,” - ამბობს დოქტორი ივ ფეინბერგი, რეპროდუქციული ენდოკრინოლოგი და უნაყოფობის სპეციალისტი. “მედიცინაში დიდი ცრურწმენებია გამეფებული გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით.”
დოქტორ ფეინბერგისა და ბევრი სხვა ქალის თქმით, კონტრაცეფციამ ქალებს საშუალება მისცა, გააკონტროლონ შვილოსნობა და ნაყოფიერება. ეს სიკეთე კი ბევრად გადასწონის კონტრაცეფციის მიერ მიყენებულ ზიანს. 31 წლის მწერალმა რებეკა ფიშბაინმა, ტვიტების გამოქვეყნება დაიწყო ჩასახვის საწინააღმდეგო აბების თაობაზე და იმაზე, რომ ყველა ქალს ერთნაირად არ მიუწვდება მათზე ხელი.
მიუხედავად ამისა, “ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები წარმოუდგენლად პროგრესული გამოგონებაა, მადლობა ღმერთს, რომ ისინი გვაქვს,” - თქვა მან გასულ კვირას მიცემულ ინტერვიუში. - “ნებისმიერს შევეწინააღმდეგები, რომელიც მის წინააღმდეგ წასვლას დააპირებს.”
კონტრაცეპტივები დროთა განმავლობაში განვითარდა: გაჩნდა ინტრაუტერინული მოწყობილობები და ორალური აბები, რომლებიც ჰორმონ ესტროგენს ძალიან მცირე დოზებით შეიცავენ.
“საბოლოო ჯამში, ასეთი კონტრაცეპტივი ძალიან უსაფრთხოა,” - ამბობს დოქტორი ფეინბერგი. - “რისკი კი ყველაფერს ახლავს, რასაც ვაკეთებთ.”
დოქტორ ფეინბერგის თქმით, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ მედიკოსებმა პაციენტებს ზუსტად აუხსნან რისკების შესახებ და დაარიგონ ისინი, თუ როგორ მოიქცნენ შესაბამისად საგანგაშო გვერდითი მოვლენის აღმოჩენის შემთხვევაში.
ბევრი ქალის თქმით, მათ რისკების შესახებ აქამდე სათანადოდ არავინ უხსნიდა.
კელი ტაირელი, კომუნიკაციების პროფესიონალი მედისონიდან, 37 წლის იყო, როდესაც ექიმებმა მის ფილტვებში სისხლის კოლტები აღმოაჩინეს, რომელიც პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა მის ჯანმრთლობას.
მის ტაირელი ათლეტია - ძლიერი, დაკუნთული, აუღელვებელი პერსონა. 2019 წლის დასაწყისში მას ყოველ დილით წვივის კუნთების ტკივილი აღვიძებდა. ერთ ცუდ დილას კი აღმოჩნდა, რომ სისხლში მაღალი ჰქონდა ე.წ. “D დიმერი,” - ცილოვანი ნაშალი, რომელიც სისხლში კოლტების არსებობას მიუთითებს.
მის ტაირელი ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს 25 წლის განმავლობაში იღებდა, თუმცა, მის D დიმერთან ამ ფაქტორის კავშირი არავის უეჭვია. ექიმებმა ივარაუდეს, რომ მისი ასაკიდან, ჯანსაღი ცხოვრების წესიდან და სხვა რისკ-ფაქტორების ნაკლებობიდან გამომდინარე, სისხლის კოლტები ან კონტრაცეფცია არ იქნებოდა მისი ტკივილების მიზეზის სათავე. ექიმებმა მის ტაირელი სახლში გაუშვეს და წვივის კუნთების გაწელვითი ვარჯიშები ურჩიეს.
როცა ბებიის დაკრძალვის შემდეგ ჰავაიში, მის ტაირელს გულ-მკერდის არეში ტკივილის შეგრძნება ჰქონდა, ექიმებმა უთხრეს, რომ სტრესისა და შფოთის ბრალი იყო, რომელიც საყვარელი ბებიის გარდაცვალებას უკავშირდებოდა. 2019 წლის ივლისში მან კოლორადოში შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა. მაშინ კი ფილტვების ტკივილი და მოალისფერი-მოშავო ტუჩები 19 საათის განმავლობაში ზღვის დონიდან მაღალ ადგილას სირბილს დაბრალდა.
მაგრამ კიდევ ერთ დილით, 2019 წლის 24 ოქტომბერს, როცა მორიგ ჯერზე სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა კიბეზე სწრაფად ჩასვლის შემდეგ, მიხვდა, რომ მის თავს არცთუ ისე კარგი რამ ხდებოდა.
ამ დროისთვის ექიმებმა, გამორიცხეს რა გულის პრობლემები, ფილტვები დაუთვალიერეს და იქ სისხლის მრავლობითი კოლტები აღმოაჩინეს. მარჯვენა ფილტვის ნაწილს სისხლი საერთოდ არ მიეწოდებოდა.
“უნებლიე ცრემლები წამსკდა,” - იხსენებს მის ტაირელი. ექიმებმა სისხლის გამათხელებლები გამოუწერეს და მკაცრად ურჩიეს, რომ არასოდეს მიეღო ესტროგენის შემცველი აბები. მის ტაირელს სპილენძის მოწყობილობა ჩაუყენეს საშვილოსნოში, როგორც კონტრაცეფცია.
“ჩემი სიბრაზის მიზეზი ისიც იყო, რომ მედიკამენტს, რომლითაც ნაყოფიერებას ვაკონტროლებდი და რომელსაც სიკეთე უნდა მოეტანა, ჩემს სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე,” - თქვა მან. - “გაბრაზებული ვარ, რომ რისკებთან დაკავშირებით არავის მოუცია რჩევები, არც ის უთქვამს არავის, სად უნდა მეპოვნა გამოსავალი.”
36 წლის ემილი ფარისი ორალურ კონტრაცეფციას 18 წლის ასაკიდან იღებს, შაკიკის მართვისთვის. წლების განმავლობაში მასთან არც ერთ ექიმს არ უხსენებია სისხლის კოლტების რისკების შესახებ, რომელიც ამ მედიკამენტებს ახლავს.
ტვიტერის პოსტებში ბევრი იმასაც ამბობდა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები მოიცავს ანოტაციას, სადაც სისხლის კოლტები მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი რისკი და გვერდითი მოვლენა.
“ეს არგუმენტი, რომ ანოტაცია მოჰყვება, არასაკმარისია,” - ამბობს დოქტორი ფარისი, პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი ტეხასის უნივერსიტეტიდან.
მედიკამენტების ანოტაციების უმრავლესობა გვერდითი მოვლენების გრძელ სიას მოიცავს, რისი გაგებაც არ არის მარტივი და მომხმარებელს ჰკიდებს ტვირთს, გზა გაიგნოს მონაცემების ორომტრიალსა და სტატისტიკაში,” - ამბობს ფარისი.
ჩემი Ph.D. განათლებითაც კი, “ყველა რისკს მეც კი ვერ გავზომავ,” - ამბობს დოქტორი ფარისი. - “ხალხს ამ სამეცნიერო ტერმინოლოგიის მარტივ ენაზე გადმოტანა სჭირდება და სურს.”
მის ტაირელმა ინფორმაცია კონტრაცეფციისა და სისხლის კოლტების შესახებ შედარებით გვიან გაიგო და გააცნობიერა. არასახარბიელო დიაგნოზის შემდეგ მისი ფილტვები ვერაა მწყობრში, მაგრამ ზუსტად არ იცის, რას დააბრალოს: ძველ სისხლის კოლტებს, ახლადგაჩენილ კოლტებს თუ ასაკს.
“სულ ამაზე მეფიქრება. ჩემი გონება ამისგან არასოდესაა დასვენებული,” - ამბობს ის.