მეცნიერება

ახალი კორონავირუსის დელტა ვარიანტი. ვაქცინები მუშაობენ მის წინააღმდეგ




ახალი კორონავირუსის დელტა ვარიანტი უკვე მსოფლიოს მოედო. მედიკოსები იკვლევენ, როგორ იცავს სხვადასხვა ვაქცინა ამ ვარიანტის წინააღმდეგ - პასუხები მრავალფეროვანი და განსხვავებულია. 

დიდ ბრიტანეთში, მკვლევარებმა მაისში გამოაქვეყნეს მონაცემები, რომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 88 პროცენტით იცავს დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. ივნისში შოტლანდიაში ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე, ეს ვაქცინა 79 პროცენტით იცავს. გასულ შაბათს, კანადელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამ ვაქცინის ეფექტურობა 87 პროცენტია

ორშაბათს ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ეფექტურობა 64 პროცენტი იყო, მაისში გამოცხადებული 95 პროცენტისგან განსხვავებით, მანამ, სანამ დელტა ვატიანტი თითქმის დომინანტური არ გახდებოდა ისრაელში. 

მართალია, სხვადასხვა პროცენტული მონაცემები ეფექტურობასთან დაკავშირებით დამაბნეველია, მაგრამ ვაქცინების ექსპერტები ამბობენ, რომ მოსალოდნელი და ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან სხვადასხვა არსებული ფაქტორის გამო, რთულია, ერთმა კონკრეტულმა კვლევამ გამოამჟღავნოს ვაქცინის ეფექტურობის სიზუსტე. 

“ყველა მონაცემს უნდა შევხედოთ, როგორც ერთიანი მოვლენის დაშლილ ნაწილებს და არც ერთ მონაცემს, ცალკე აღებულს, არ უნდა მივანიჭოთ გადამეტებული მნიშვნელობა,” ამბობს ნატალი დინი, ემორის უნივესიტეტის ბიოსტატისტიკოსი. 

კლინიკურ კვლევებში უფრო მარტივია იმის გამოთვლა, თუ როგორ მუშაობენ ვაქცინები. მკვლევარები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ათასობით კვლევაში ჩართულ მოხალისეთაგან ნაწილს ვაქცინას აძლევენ და ნაწილს - პლაცებოს. თუ აღმოჩნდა, რომ ვაქცინის ჯგუფს  უფრო დაცულია, ვიდრე პლაცებოს ჯგუფი, მეცნიერები დარწმუნებით ამბობენ, რომ ვაქცინა ეფექტურია.  

მაგრამ მას შემდეგ, რაც ვაქცინები რეალურ ცხოვრებაში ჩაეშვება და ისინი უკვე არა კლინიკური კვლევების ფარგლებში, არამედ ნებისმიერ ადამიანში გაივლის გამოცდას, მათი ეფექტურობის გაზომვა უფრო რთულია. თუ ვაქცინირებულ ადამიანებს უხეშად შევადარებთ არავაქცინირებულებს, რთულია ზუსტი დასკვნების გამოტანა, რადგან ადამიანის ავად გახდომას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, არა მხოლოდ ვაქცინირება. 

ადამიანები, რომლებმა გადაწყვიტეს, რომ არ ვაქცინირდნენ, უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან ვირუსის წინაშე. მეორე მხრივ, ხანდაზმულები შესაძლოა, ვაქცინირდნენ, მაგრამ მათთვის მაინც უფრო რთული იყოს აგრესიული ვარიანტის მოგერიება. ან შესაძლოა, ვირუსი რომელიმე ქვეყნის იმ ლოკაციაზე აფეთქდეს, სადაც ხალხის უმრავლესობა აცრილია, ხოლო არავაქცინირებული რეგიონები უფრო უსაფრთხოდ დარჩნენ.

ერთ-ერთი გზა, რომ შეცდომები ავირიდოთ, საჭიროა ვაქცინირებული ადამიანი არავაქცინირებულს შევადაროთ, მაგრამ ეს ადამიანები შედარებადნი უნდა იყვნენ, მთელი რიგი სხვა ფაქტორებით. მკვლევარები ამისთვის ხშირად გრძელ და რთულ გზას გადიან, რომ იპოვონ ერთი და იგივე ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანები. ამისთვის ხშირად ისინი ერთსა და იმავე რაიონში მცხოვრებლებს არჩევენ.

“ეს რთული საქმეა,” ამბობს მარკ ლიპსიჩი, ჰარვარდის ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგი.  

ახალი კვლევისა და განცხადების ფარგლებში, ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს შედარების დროს ეს ფაქტორები არ გაუთვალისწინებია. 

“ეჭვი მაქვს, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ანალიზი ვერ იქნება სრულიად სანდო ზუსტი დასკვნების გამოსატანად,” დაწერა ტვიტერზე ური შალიტმა, ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტის უფროსმა ლექტორმა. 

ისრაელის მონაცემები, შესაძლოა, კიდევ უფრო განსხვავებული იყოს, ტესტირების მოცვის თავისებურებებიდან გამომდინარე. ისრაელის მოქალაქეების უმეტესობა აცრილია. ახალი ვარიანტის გაჩენისა და გავრცელების შემდეგ, მთავრობა ყველა მოქალაქის ტესტირებას ითხოვს, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას სიმპტომები, - თუკი ის კონტაქტია იმ ადამიანისა, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა.  

სხვა ქვეყნებში ტესტირებას მხოლოდ ისეთ მოქალაქეებს უკეთებენ, რომლებსაც სიმტპომები აქვთ და ავად არიან. ეს, შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ ისრაელი მეტ ასიმპტომურ შემთხვევას აღრიცხავს ვაქცინირებულ ადამიანებში, ვიდრე სხვა ქვეყნები, რის გამოც ვაქცინების ეფექტურობაზე მათი მონაცემების ხარისხი ეცემა. 

საბედნიეროდ, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19-ის ვაქცინების უმეტესობა მეტ-ნაკლებად ეფექტურია ახალი - დელტა ვარიანტის წინაშე და იცავს ადამიანებს კლინიკაში მოხვედრისგან. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა დაახლოებით 93 პროცენტით ეფექტურია სერიოზული დაავადების გაჩენისა და ჰოსპიტალიზაციისგან.

“საბოლოო დასკვნები ერთმანეთთან მოდის შესაბამისობაში: სერიოზული გართულების წინააღმდეგ ყველა ვაქცინა იცავს,” ამბობს ნაორ ბარ-ზივი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 

იქიდან გამომდინარე, რომ ეფექტურობის შესახებ კვლევების შედეგები არაა მარტივად ინტერპრეტირებადი, მეტი დრო იქნება საჭირო იმის დასადგენად, რამხელა რისკებს უქმნის დელტა შტამი ვაქცინებს. დოქტორ ლიპსიჩის თქმით, მეტი მონაცემებია საჭირო სხვადასხვა ქვეყნებიდან. 

“თუკი ხუთ კვლევას ერთი და იგივე შედეგები აქვს და ერთს - განსხვავებული, მგონია, რომ ის ხუთი უფრო სწორია, ვიდრე ერთი,” ამბობს დოქტორი ლიპსიჩი. 

 

სტატიის ავტორია კარლ ციმერი. ციმერი არის ამერიკელი სამეცნიერო ჟურნალისტი. მას არაერთი წიგნი აქვს გამოცემული და ასევე წერს სტატიებს ამერიკული გამოცემა “ნიურ იორკ ტაიმზისთვის,” გამყოფილებაში Matter. მისი სტატია The world is worried about the Delta virus variant. Studies show vaccines are effective against it 6 ივლისს გამოქვეყნდა. 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>