|
მეცნიერება
როგორ უსხლტება დელტა ვარიანტი იმუნურ სისტემას - ახალი კვლევა
კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Nature-ში 8 ივლისს გამოქვეყნდა, ახალი კორონავირუსის დელტა ვარიანტს შეუძლია დაუსხლტეს ანტისხეულებს, - ადამიანის ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს, რომლებიც ვირუსის გარკვეულ ნაწილებს უმიზნებენ და მათ ადამიანის ორგანიზმში შეჭრის საშუალებას არ აძლევენ.
კვლევის შედეგებით აიხსნება ვაქცინების ეფექტურობის შესუსტება დელტა ვარიანტის მიმართ.
დელტა ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთში აღირიცხა, ითვლება, რომ 60 პროცენტით უფრო გადამდებია, ვიდრე ალფა ვარიანტი, - რომელიც დიდ ბრიტანეთში გაჩნდა და მთელს ევროპას მოედო მიმდინარე წლის დასაწყისში, - და ორჯერ უფრო გადამდები, ვიდრე ახალი კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტი.
დელტა ვარიანტი ამჟამად ახალი აფეთქებების მიზეზი ხდება არავაქცინირებულ პოპულაციებში და ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მალაიზია, პორტუგალია, ინდონეზია და ავსტრალია.
დელტა ვარიანტი ამჟამად დომინანტურია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. იქ ინფექციის დინამიკა სტაბილურია - პლატო ნარჩუნდება, ხოლო ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების დონე მკვეთრად დაეცა. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 48 პროცენტი ორივე დოზით არის ვაქცინირებული, ხოლო 55 პროცენტი - ერთი დოზით.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დელტა ვარიანტის მგრძნობიარობა მხოლოდ ერთი დოზა ვაქცინის მიმართ დაბალი იყო. ამით კიდევ უფრო გამყარდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ დელტა ვარიანტს შეუძლია დაუსხლტეს ადამიანის იმუნურ სისტემას - მართალია, უფრო ნაკლები მოხერხებით, ვიდრე ბეტა ვარიანტს, რომლის იდენტიციფირება პირველად სამხრეთ აფრიკაში მოხდა.
მეცნიერებმა 103 ადამიანის სისხლის ნიმუშები შეამოწმეს, რომლებიც ინფიცირებულები იყვნენ ახალი კორონავირუსით. კვლევამ გამოავლინა, რომ დელტა ბევრად ნაკლებად რეაგირებდა ვაქცინებზე, ვიდრე ალფა ვარიანტი.
ერთი დოზა ვაქცინაც კი შესამჩნევად ზრდიდა მგრძნობიარობას, რაც იმის მანიშნებელია, რომ ადამიანებს, რომლებიც გამოჯანრთელდნენ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისგან, სჭირდებათ ვაქცინა, რათა ახალი ვარიანტებით დაინფიცირება აირიდონ თავიდან.
სამეცნიერო ჯუგფმა ასევე შეამოწმა 59 ადამიანის სისხლის ნიმუშები, ასტრაზენეკასა და Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების პირველი და მეორე დოზის მიღების შემდეგ. პირველი და მეორე დოზის სისხლის ნიმუშები ცალ-ცალკე გაანალიზდა.
ლაბორატორიული ექსპერიმენტის დროს, AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების მხოლოდ ერთმა დოზამ ვაქცინირებული ათი ადამიანის სისხლის ნიმუშში გაანეიტრალიზა დელტა და ბეტა ვარიანტები. მეორე დოზამ ეს მაჩვენებელი 95 პროცენტით გაზარდა. ამ ორმა ვაქცინამ დაახლოებით ერთნაირი ხარისხითა და რაოდენობით გამოიწვია ანტისხეულები სისხლის ნიმუშებში.
“[აღებულ სისხლის ნიმუშებში] AstraZeneca-სა ან Pfizer-BioNTech-ის მხოლოდ ერთმა დოზამ ან ცუდად გაანეიტრალა, ან საერთოდ ვერ გაანეიტრალა ახალი კორონავირუსის ბეტა და დელტა ვარიანტები,” დაასკვნეს მკვლევარებმა. ისრაელიდან და დიდი ბრიტანეთიდან მომავალმა მონაცემებმა დაადასტურა ეს მოსაზრება, და ასევე აჩვენა, რომ ერთი დოზაც კი საკმარისია იმისთვის, რომ პაციენტი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან დაიცვას.
ახალი კვლევის თანახმად, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ არ მუშაობდა ბამლანივიმაბი, - მონოკლონური ანტისხეული [ანტივირუსული საშუალება], რომელსაც კომპანია Eli Lilly აწარმოებს და რომელიც აშშ-ში დაშვებული იყო COVID-19-ის სამკურნალოდ.
საბედნიეროდ, სამი სხვა მონოკლონური ანტისხეული, რომლებიც COVID-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება, ეფექტური იყო დელტა ვარიანტის წინააღმდეგ.
აპრილში, იმის გამო, რომ ახალი ვარიანტები რეზისტენტულები იყვნენ ბამლანივიმაბის მიმართ, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] გადაუდებელი დაშვების სტატუსი მოუხსნა ამ მედიკამენტს.
♦ სტატიის How does the Delta variant dodge the immune system? Scientists find clues ავტორია აპურვა მანდავილი, ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც მეცნიერებასა და გლობალურ ჯანმრთლობას აშუქებს. მისი სტატია "ნიუ-იორკ თაიმზში" გუშინ გამოქვეყნდა.
2008 წელს აპურვამ დააარსა პროექტი Spectrum, ჯილდოს მფლობელი ვებ-გვერდი, რომელიც აუტიზმის მეცნიერებას ეხება და რომელმაც მილიონობით აუდიტორია მოიზიდა. ამ ჯგუფისა და პროექტის ხელმძღვანელი აპურვა 13 წლის განმავლობაში იყო. ორი წლის განმავლობაში რეგულარული კონტრიბუციის შემდეგ, 2020 წლის მაისში აპურვა „ნიუ იორკ ტაიმზის“ მედიცინის მეცნიერებაზე მწერალი ჟურნალისტების გუნდს შეუერთდა. 2019 წელს მან ვიქტორ კონის პრიზი მიიღო მედიცინის მეცნიერების საუკეთესოდ გაშუქებისთვის.
|