მეცნიერება

იშვიათი ნერვული სინდრომი: F.D.A. Johnson & Johnson-ის ვაქცინაზე ინფორმაციას აახლებს




ამერიკის საკვები პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] ორშაბათს გაფრთხილება გამოაქვეყნა, რომ კომპანია Johnson & Johnson-ის COVID-19 ვაქცინამ, შესაძლოა, იშვიათი ნევროლოგიური მდგომარეობის - გილიან-ბარის სინდრომის განვითარების რისკები გაზარდოს.

ეს გაფრთხილება ვაქცინის შესახებ ინფორმაციას თან დაერთვება.

გილიან-ბარის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა აზიანებს ნერვულ უჯრედებს, იწვევს კუნთების სისუსტესა და იშვიათად პარალიზებას. ეს სინდრომი აღირიცხა COVID-19 ინფექციის მქონე პაციენტებშიც.

მარეგულირებლის აზრით, გილიან-ბარის სინდრომის ვაქცინით გამოწვევის რისკები დაბალია, მაგრამ მისი გაჩენის რისკი 3-5-ჯერ უფრო მაღალია Johnson & Johnson-ის ვაქცინით ვაქცინირებულებში, ვიდრე ამის გარეშე. 

ფედერალური ოფიციალური პირების თქმით, მათ 100 შემთხვევა აღრიცხეს, როდესაც პირებს, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ Johnson & Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზა, განუვითარდათ გილიან-ბარის სინდრომი. ეს სიახლე ფედერალური სამეთვალყურეო სისტემის მონაცემებიდან გამოჩნდა, რომელიც ეყრდნობა ინფორმაციას პაციენტებისა და ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციებიდან, რომლებიც ვაქცინების გვერდით მოვლენებს აკვირდებიან და აღრიცხავენ.

F.D.A.-ს წარმომადგენლების განცხადებით, შემთხვევების 95 % სერიოზული იყო და საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას. 

ეს დასკვნები მაინც წინასწარია და საჭიროებს უფრო ღრმა შესწავლას. F.D.A.-მ განცხადა, რომ მართალია, “არსებული მონაცემები მიუთითებს კავშირისკენ,” რომელიც, სავარაუდოდ, არსებობს Johnson & Johnson-ის ვაქცინასა და გილიან-ბარის სინდრომის გაჩენას შორის, მაგრამ “მაინც არ არის მონაცემები საკმარისი პირდაპირი მიზეზების დასადგენად.”

F.D.A.-ს განცხადებით, ადმინისტრაცია “აგრძელებს ასეთი კავშირების ძიებას, თუმცა, აქამდე ვაქცინის პოტენციური სარგებელი აჭარბებს ცნობილ და პოტენციურ რისკებს.”

ამერიკის შეერთებულ შტატებში 12.8 მილიონი ადამიანია აცრილი Johnson & Johnson-ის ვაქცინით. 

 
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>