მეცნიერება

სპერმის პარამეტრების ცვლილება COVID-19 mRNA ვაქცინების მიღებამდე და მიღების შემდეგ




კვლევას, რომელიც მაიამის უნივერსიტეტში ჩაატარეს და რომელსაც მხოლოდ ერთი ცენტრი ჰქონდა, უნდა გაერკვია, რა გავლენა აქვს COVID-19-ის mRNA ვაქცინებს სპერმის რაოდენობრივ მაჩვენებელზე.

 

კვლევის მეთოდოლოგია 

კვლევაში 18-50 წლის 45 ჯანმრთელი მოხალისე ჩართეს.

იმის გადასამოწმებლად და დასადასტურებლად, რომ კვლევაში ჩართულ მამაკაცებს არ ჰქონდათ შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემები [ვაქცინირებამდე], წინასწარ გადაამოწმეს მათი ჯანრთმელობის მდგომარეობა. ის მონაწილეები, რომლებსაც COVID-19-ის სიმპტომები ჰქონდათ, ან რომელთა ტესტის პასუხიც დადებითი იყო ბოლო 90 დღის განმავლობაში, კვლევიდან ამორიცხეს, რათა ამ მაჩვენებელს გავლენა არ მოეხდინა შედეგებზე.

კვლევაში მონაწილეებს სთხოვეს, რომ სპერმის ნიმუშების ჩაბარებამდე 2-7 დღის განმავლობაში სექსი არ ჰქონოდათ, რათა ამასაც არ მოეხდინა გავლენა ჩაბარებული სპერმის პარამეტრებზე. სპერმის ნიმუშები მეორედ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან დაახლოებით 70 დღის შემდეგ ჩააბარებინეს. 

სპერმის ანალიზი, WHO-ს წესებისა და გაიდლაინების შესაბამისად, ანდროლოგმა ჩაატარა. არსებული ნიმუშების ფარგლებში დაამუშავეს სპერმის შემდეგი მონაცემები: სპერმის მოცულობა, სპერმის კონცენტრაცია, სპერმის მობილურობა და სპერმის საერთო დათვლილი რაოდენობა. 

კვლევაში ის პირებიც ჩართეს, რომელთაც ოლიგოსპერმია  აღენიშნებოდათ  [სპერმის კონცენტრაცია <15 მილიონი /მლ]. 

 

შედეგები

კვლევა 2020 წლის 17 დეკემბერსა და 2021 წლის 12 იანვარს შორის ჩატარდა და მასში 45 მოხალისე იღებდა მონაწილეობას [მათი მედიანური ასაკი იყო 28 წელი]. 

45 კაციდან რვას ვაქცინაციამდე ოლიგოსპერმია [სპერმის სიმცირე] აღენიშნებოდა [სპერმის მედიანური კონცენტრაცია იყო 8.5 მილიონი /მლ]. აღნიშნული 8 კაციდან, 7-ს სპერმის რაოდენობა მოემატა ვაქცინის შემდეგ, ხოლო ერთი ისევ ოლიგოსპერმიული დარჩა.

არც ერთი კაცი არ დარჩენილა აზოსპერმიული [სპერმაში სპერმატოზოიდის გაქრობა] ვაქცინაციის შემდეგ.

 

დისკუსია

ამ კვლევის ფარგლებში გამოკვლეული კაცების მონაცემებში, 2 დოზა COVID-19 mRNA ვაქცინის მიღების შემდეგაც კი არ აღინიშნებოდა სპერმის არც ერთი პარამეტრის კლება.

კვლევაში კაცების მცირე ოდენობის კოჰორტა იღებდა მონაწილეობას, რაც არაა საკმარისი ყოვლისმომცველი სურათის დასანახად. 

იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინები შეიცავენ ვირუსის რიბონუკლეინის მჟავებს - გენეტიკურ მასალას და არა ცოცხალ ვირუსს, არც იყო მოსალოდნელი, რომ ვაქცინა სპერმის პარამეტრებზე რამენაირ გავლენას მოახდენდა. 

მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მონაწილე კაცების სათესლე სითხეში ორივე დოზით ვაქცინაციის შემდეგ სპერმის შეფასების თითქმის ყველა პარამეტრი გაიზარდა, ცვლილების მასშტაბები მაინც საკმაოდ ნორმალური იყო, ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით.

სპერმაში სპერმატოზოიდების კონცენტრაციის გაზრდა ასევე შესაძლოა გამოეწვია სექსისგან თავის შეკავების ფაქტორს. 

კაცებს, რომლებსაც კვლევის განმავლობაში ოლიგოსპერმია აღენიშნათ, კვლევის შემდეგ სპერმის კონცენტრაციის კლება არ აღენიშნებოდათ.

კვლევის შეზღუდვა იყო მცირე ოდენობის მონაწილეები; მიდევნებისა და აღრიცხვიანობის მცირე დრო და საკონტროლო ჯგუფის არარსებობა. 

ამ შეზღუდვების მიუხედავად, კვლევის პერიოდი მოიცავდა სპერმის სრულ სასიცოცხლო ციკლს [64 დღე]. 

 

ტერმინების განმარტება 

*ოლიგოსპერმია 

ოლიგოსპერმია მამაკაცის ჯანრმთელობის ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც მის სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობა დაბალია. ეს მდგომარეობა ასევე მოიცავს დროული ერექციისა და ორგაზმის დროს ეაკულაციის საკითხებს.

კონკრეტული მამაკაცის შემთხვევაში, ეაკულაციის დროს გამოყოფილი სპერმატოზოიდების რაოდენობა, შესაძლოა, მთელი ცხოვრება იცვლებოდეს. სპერმატოზოიდების განსაზღვრული რაოდენობა აუცილებელია შვილოსნობისთვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] კლასიფიკაციით, ერთ მილილიტრ სპერმაში 15 მილიონი სპერმის რაოდენობა ითვლება საშუალოდ. ამაზე დაბალი მაჩვენებელი ითვლება დაბალ/არადამაკმაყოფილებელ რაოდენობად და შესაძლოა დიაგნოსტირდეს, როგორც ოლიგოსპერმია. 

  • მსუბუქი ოლიგოსპერმიის დროს სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობა არის 10-15 მილიონი ერთეული ერთ მილილიტრ სპერმაში

  • საშუალო სიმწვავის ოლიგოსპერმია არის 5-10 მილიონი ერთეული ერთ მილილიტრ სპერმაში

  • მწვავე ოლიგოსპერმიის დროს სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობა არის 0-5 მილიონი ერთ მილილიტრში

 

მასალის წყაროა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნებული მასალა Sperm Parameters Before and After COVID-19 mRNA Vaccination

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>