მეცნიერება

F.D.A.-მ Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინის ბუსტერ დოზა დაამტკიცა




ხანგრძლივი და წინააღმდეგობებით აღსავსე ბჭობის შემდეგ, ამერიკის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ 22 სექტემბერს, ოთხშაბათს, Pfizer-BioNTech-ის COVID-19 ვაქცინის ბუსტერ დოზა დაამტკიცა 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის. 

ბუსტერ დოზა მოქალაქემ COVID-19 ვაქცინის მეორე დოზიდან სულ მცირე ექვსი თვის გასვლის შემდეგ უნდა მიიღოს. 

ბუსტერ დოზები დაშვებულ იქნა შემდეგი ჯგუფებისთვის:

  • ინდივიდებისთვის, რომლებიც არიან 65 წლის და ზემოთ;

  • ინდივიდებისთვის, რომელთა ასაკია 18-64 წლის შუალედი და COVID-19-ით ინფიცირების მაღალი რისკები აქვთ; და 

  • ინდივიდებისთვის, რომელთა ასაკობრივი შუალედია 18-64 წელი და რომელთა სამსახურეობრივი ან ინსტიტუციური საქმიანობა COVID-19 ინფექციასთან არის კავშირში.

ეს ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, ბუსტერ დოზებს მიიღებს ათობით მილიონი მოქალაქე, რომელიც ჯანდაცვის მომსახურების სხვადასხვა სფეროში მუშაობს. 

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების [C.D.C.] ინფორმაციით, უხეშად 22 მილიონ ამერიკელს აქვს მიღებული ვაქცინის მეორე დოზა 6 თვის წინ. მათი დაახლოებით ნახევარი 65 წელს ზემოთაა.

 

C.D.C.- ის განსხვავებული რეკომენდაცია

F.D.A.-ს გადაწყვეტილებიდან ერთი დღის შემდეგ, ხუთშაბათს, 23 სექტემბერს, C.D.C.-ის იმუნიზაციის საკონსულტაციო კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია ბუსტერ დოზებს, მათ შორის, ხანდაზმულებისა და დაავადების მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებისთვის, მაგრამ სარეკომენდაციო სიიდან ამორიცხა ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და სხვები, რომლებსაც მაღალი რისკის სამსახურები და COVID-19-ით ინფიცირების მომეტებული რისკები აქვთ.

ეს რეკომენდაცია წინააღმდეგობაში მოდის F.D.A.-ს საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციასთან, რომელმაც ეს ჯგუფი [ჯანდაცვის სფეროს მუშაკები და სხვა] ჩართო ბუსტერის სარეკომენდაციო სიაში.

C.D.C.-ს დირექტორი, როშელ ვალენსკი, დაეთანხმა F.D.A.-ს საკონსულტაციო ჯგუფის გადაწყვეტილებას და არა იმ უწყების რეკომენდაციას, რომელსაც ხელმძღვანელობს, რითაც არაერთი ექსპერტი გააკვირვა. 

ზოგი ექსპერტის თქმით, დოქტორ ვალენსკის არც ჰქონდა არჩევანი, მხარი არ დაეჭირა F.D.A.-ს ამ გადაწყვიტილებისთვის, რადგან თავის დროზე ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომლებმაც თეთრ სახლში გამოცხადეს ბაიდენის ადმინისტრაციის სამომავლო გეგმები და სურვილი ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით.

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>