მეცნიერება

ახალ კვლევაში მერკის COVID-19 სამკურნალო აბმა შემცირებული ეფექტურობა აჩვენა




წინა კვლევებთან შედარებით, ფარმაცევტული კომპანია “მერკის” ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა მნიშვნელოვნად დაბალი ეფექტურობა გამოავლინა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირებაში. კომპანიამ კვლევის სრული ანალიზი გუშინ გამოაქვეყნა. 

“მერკმა” პარასკევს განაცხადა, რომ კლინიკურ კვლევაში აბმა, სახელად მოლნუვირაპირი, 30%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზება და სიკვდილიანობა პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, სადაც 1 400-ზე მეტი პაციენტი იღებდა მონაწილეობას.

გასული თვის მონაცემებმა, რომელიც 775 პაციენტის მონაცემის ანალიზს მოიცავდა, აჩვენა, რომ ამ პარამეტრების შემცირების მაჩვენებელი “დაახლოებით” 50 პროცენტი იყო. 

ახალი კლინიკური კვლევის მონაცემების მიხედვით, მოლნუპირავირის ჯგუფში ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო პლაცებოს ჯგუფში - 9. 

მერკმა ა.შ.შ. სამედიცინო მარეგულირებელს მოლნუპირავირის დამტკიცებისთვის 11 ოქტომბერს მიმართა. 

მერკის მიერ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ა.შ.შ. სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელთა მიზანია სამშაბათს ჩანიშნული შეხვედრის დაანონსება და ერთგვარი შემზადება, სადაც ადმინისტრაციის გარე მოწვეული ექსპერტები განიხილავენ, უნდა გასცენ თუ არა რეკომენდაცია მოლნუპირავირის დამტკიცების შესახებ.

F.D.A.-ში დასაქმებულ მეცნიერებს არ გაუციათ რეკომენდაცია იმაზე, უნდა დამტკიცდეს თუ არა მოლნუვირაპირი COVID-19-ის სამკურნალოდ. 

F.D.A.-ში დასაქმებულმა მეცნიერებმა გარე სპეციალისტებს სთხოვეს იმის დათვლა და განსაზღვრა, ამ მედიკამენტით მოტანილი სიკეთე გადასწონის თუ არა რისკებს და უნდა შეიზღუდოს თუ არა პაციენტების კატეგორია, რომელთათვისაც ეს მედიკამენტი დამტკიცდება. 

ექსპერტთა გარე საბჭოს იმის აწონ-დაწონვაც სთხოვეს, გაზრდიდა თუ არა ახალი კორონავირუსის მუტაციების რისკს ამ მედიკამენტის დამტკიცება და როგორ უნდა მოხდეს ამის შერბილება ან მაქსიმალურად შემცირება. 

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ “მერკის” აქციების ფასი საფონდო ბირჟებზე 3 პროცენტით შემცირდა და ერთი ერთეულის ფასმა 80 ა.შ.შ. დოლარამდე ჩამოიწია.  

მოლნუპირავირი და პაქსლოვიდი, კონკურენტი მედიკამენტი, - რომელსაც Pfizer აწარმოებს, საიმედო მედიკამენტებად მოიაზრებიან, რომლებიც, არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, შეცვლიან მკურნალობის გზებს და შეამცირებენ ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას COVID-19 პაციენტებში. 

 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>