აქამდე ცნობილი ფაქტები ომიკრონზე
2021 წლის 26 ნოემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ [WHO], ვირუსის შეფასების ტექნიკური ჯგუფის რეკომენდაციით, ახალი კორონავირუსის ვარიანტი B.1.1.529-ს “საგანგაშო” [variant of concern, VOC] კლასიფიკაციაში ჩასვა და “ომიკრონი” უწოდა. ამ კლასიფიკაციაში ეს ვარიანტი იმიტომ მოხვდა, რომ მას ათეულობით მუტაცია აქვს, რომელიც მომავალში გავლენას მოახდენს ვირუსის ბუნებასა და სხვა თავისებურებებზე, მაგალითად იმაზე, რამდენად მარტივად გადადის ის და რამდენად მწვავე დაავადებას იწვევს პაციენტებში.
სამხრეთაფრიკელი მეცნიერები და მათი კოლეგები მსოფლიო მასშტაბით კვლევებს ატარებენ, რათა მეტი გაიგონ ახალი კორონავირუსის ახალი, მნიშვნელოვნად მუტირებული, ვარიანტის შესახებ.
“ომიკრონი” დაახლოებით 50 მუტაციას ატარებს, რომელიც ახალი კორონავირუსის წინა სხვა მუტაციებისგან აქამდე ყველაზე მასშტაბური ცვლილებაა. მათგან 30 მუტაცია მხოლოდ სპაიკ ცილაშია, რომლითაც ის ადამიანის უჯრედს ებმის. COVID-19 ვაქცინების უმრავლესობა სპაიკ ცილაზეა დაფუძნებული, რაც განგაშს იწვევს იმიტომ, რომ ახალი და სპაიკ ცილაში სახეცვლილი ვირუსის მიმართ ვაქინების ეფექტურობა, შესაძლოა, შემცირდეს.
WHO-მ ინფორმაცია "ომიკრონის" შესახებ გუშინ
განაახლა.
გადამდებობის მაჩვენებელი: ამ ეტაპისთვის უცნობია, არის თუ არა ომიკრონი უფრო გადამდები [უფრო მარტივად გადაედება თუ არა ადამიანიდან ადამიანს] სხვა ვარიანტებთან, მაგალითად, დელტასთან შედარებით. სამხრეთ აფრიკაში გადაცემის მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა, ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, ეს ომიკრონის გამო მოხდა თუ სხვა ფაქტორებიც თამაშობენ როლს.
დაავადების სიმწვავე: ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ომიკრონი იწვევს თუ არა უფრო მწვავე დაავადებას სხვა ვარიანტებთან, მაგალითად, დელტასთან, შედარებით. წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი გაიზარდა, თუმცა, ეს შესაძლოა, იმის ბრალიც იყოს, რომ ზოგადად გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელი და არა მხოლოდ ომიკრონით ინფიცირების მაჩვენებელი. ამჟამად არ არსებობს მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია იმაზე, რომ ომიკრონს აქვს განსხვავებული სიმპტომები ახალი კორონავირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით. პირველი შემთხვევები სტუდენტებში აღირიცხა - ახალგაზრდებში, რომლებსაც, როგორც წესი, უფრო მსუბუქი დაავადება აქვთ. რამდენიმე კვირა დასჭირდება იმის გაგებას, იწვევს თუ არა ომიკრონი უფრო მწვავე დაავადებას.
ვაქცინების ეფექტურობა: ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამჟამად სწავლობს, რა გავლენა ექნება ახალ ვარიანტს არსებულ ვაქცინებზე. ვაქცინები მთავარი იარაღია მწვავე დაავადების ან სიკვდილისგან დაცვის თვალსაზრისით. ამჟამად ეს გავლენა უცნობია.
ტესტერების ეფექტურობა: აქამდე ფართოდ გამოყენებული ტესტერები მუშაობენ ომიკრონის შემთხვევაშიც და მისი ამოცნობაც შეუძლია. კვლევები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, ანტიგენის სწრაფი ტესტერები იმუშავებს თუ არა ისევე, როგორც ძველი ვარიანტების შემთხვევაში.
მიმდინარე სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა: კორტიკოსტეროიდები და ინტერლეიკინ 6-ის [IL6] რეცეპტორის ბლოკერები ისევ ეფექტურები იქნებიან მწვავე პაციენტების სამკურნალოდ. მოწმდება სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა ვარიანტ ომიკრონთან მიმართებაში.
მიმდინარე კვლევები: მიმდინარე პერიოდში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მსოფლიოს არაერთ წერტილში სხვადასხვა მკვლევარ მეცნიერთან მუშაობს, რათა მეტი ინფორმაცია გახდეს ცნობილი ვარიანტ ომიკრონზე. მიმდინარე კვლევებმა უნდა შეამოწმოს ახალი ვარიანტის გადამდებობის დონე, დაავადების სიმწვავე [მათ შორის, სიმპტომები], ვაქცინების, სამკურნალო საშუალებებისა და სადიაგნოსტიკო ტესტერების ეფექტურობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ჰოსპიტალიზებული პაციენტების შესახებ ინფორმაცია პლატფორმაზე გააზიაროს, რათა უფრო სწრაფად მოგროვდეს ინფორმაცია კლინიკურ მახასიათებლებსა და პაციენტების მკურნალობის შედეგებზე.
უფრო მეტი ინფორმაცია ცნობილი გახდება მომდევნო დღეებსა და კვირებში. ასევე გახდება ცნობილი, ახალი ვარიანტი ვირუსის ქცევაზე რა გავლენას მოახდენს.
რეკომენდაცია ქვეყნებისთვის: რადგან ომიკრონი “საგანგაშო” კლასიფიკაციაში ჩაისვა, WHO მოუწოდებს ქვეყნებს, ახალი შემთხვევების ნიმუშის გენეტიკური სექვენირება ჩაატარონ, მიაწოდონ არსებული ინფორმაცია ისეთ ბაზებს, როგორიც არის GISAID; გაუზიარონ ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას; ველზე ჩატარებული კვლევები და ლაბორატორიული შემოწმებების მეტ ინფორმაციას მისცემს მსოფლიოს ომიკრონის ბუნებაზე: გადადების მაჩვენებლებზე, ვაქცინებზე, სამკურნალო საშუალებებსა და სადიაგნოსტიკო საშუალებებზე გავლენაზე, რათა საპასუხო სოციალური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები იყოს ადეკვატური და დროული.
ორგანიზაციის განცხადებით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, მათ შორის, სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანებისა და ხანდაზმულებისთვის.
რეკომენდაციები საზოგადოების წევრებისთვის: საზოგადოების ინდივიდუალური წევრებისთვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ფიზიკური დისტანციის დაცვა, სულ მცირე, ერთი მეტრით; სახეზე - ცხვირ-პირზე კარგად მორგებული ნიღბით სიარული; ვენტილაციის გაუმჯობესების მიზნით, ფანჯრების ხშირი გაღება და ოთახის ჰაერის განიავება; ცუდად განიავებული სივრცეებისთვის თავის არიდება; ხელების ხშირი დაბანა; საზოგადოებრივ სივრცეში ხველების ან დაცემინების დროს პირსახოცის აფარება, რათა ვირუსი ჰაერში არ გაიფრქვეს და სხვები არ დააინფიციროს; და ვაქცინების მიღება მაშინ, როდესაც ინდივიდს საკუთარი რიგი მოუწევს.