მეცნიერება

ომიკრონი საშიშ მუტაციებს შეიცავს, მაგრამ ზოგჯერ ისინი ერთმანეთს მუშაობაში უშლიან ხელს




≈ თარგმანი 

 
ახალი კორონავირუსის ახალმა ვარიანტმა - ომიკრონმა - მეცნიერების ნაწილი შეაშინა, რადგან ის ათეულობით ვარიაციას - 50-მდე მუტაციას შეიცას, რომელთაგანაც, სულ მცირე, 26 სრულიად ახალი მუტაციაა და მხოლოდ ამ ვარიანტს ახასიათებს და ეკუთვნის.
 
მაგრამ ახალი და ბევრი ყოველთვის ცუდს ან უარესს არ ნიშნავს. მუტაციების დახმარებით, ზოგჯერ ვირუსი უფრო საშიში ხდება. ზოგჯერ პირიქითაც არის: ახალი მუტაციები ყოველთვის ვირუსის სიძლიერეს არ განაპირობს.
 
“პრინციპში, მუტაციები ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგოდაც მუშაობენ,” - ამბობს ჯესი ბლუმი, ევოლუციური ბიოლოგი ფრედ ჰაჩინსონის კვლევით ცენტრში, რომელიც სიეტლში მდებარეობს. “ამ შემთხვევაში ევოლუციური სელექცია, სავარაუდოდ, უფრო ისეა გადანაწილებული, რომ ეს ვარიანტი [სავარაუდოდ] უფრო სწრაფად გავრცელებადი იქნება, მუტაციების ამ კომბინაციის წყალობით.”
 
სწორედ ამ ფენომენის - ეპისტაზის - გამოა, რომ მეცნიერები თავს იკავებენ წინასწარი მოსაზრებების გამოთქმისგან, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული მუტაცია გადამდებობის უფრო მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება; ამ მუტაციებს ასევე აქვთ უნარი, დაემალონ და მოატყუონ ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა.
 
“მნიშვნელოვანია, რომ ვირუსი განვიხილოთ, როგორც მთლიანობა და არა როგორც ცალკეული მუტაციების ტექნიკური ნაკრები,” - ამბობს პენი მური, ვირუსოლოგი, რომელიც გადამდები დაავადებების ეროვნულ ცენტრში მუშაობს სამხრეთ აფრიკაში.
 
ექიმი მური ათობით სხვა სპეციალისტს შორისაა, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ იმუშავებენ არსებული ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ. მეცნიერები ამ ვარიანტის ხელოვნურ ანალოგებს ქმნიან, რომელიც მის ყველა მუტაციას შეიცავს, - უმეტესობას ურჩევნია, ასე გამოტანოს დასკვნები, ვიდრე იმ მუტაციების ერთობლიობაზე თეორიული ან ადრეული მსჯელობით.
 
მსგავსი გაკვეთილი მეცნიერებმა შარშან მიიღეს, როდესაც სამხრეთ აფრიკაში ახალი კორონავირუსის ბეტა ვარიანტი გაჩნდა. მათ ამოხსნეს ვირუსის ახალი ვარიანტის უნარი, დამალვოდა იმუნურ სისტემას ერთ-ერთი მუტაციის - E484K-ის საშუალებით. ბეტა ვარიანტს ორი სხვა მუტაციაც ჰქონდა, რომლებიც, - აღმოჩნდა, რომ ახდენდნენ გავლენას ვაქცინების ეფექტურობაზე.
 
“ამ სამი მუტაციის კომბინაციის მქონე ვირუსი უფრო რეზისტენტული იყო, ვიდრე ვირუსი, რომელიც მხოლოდ მუტაცია E484K-ს შეიცავდა,” - ამბობს ექიმი მური. “მხოლოდ ერთი მუტაციის შესწავლა და მისი ქცევის გათვალისწინება შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდა.”
 
ომიკრონი შეიცავს მუტაცია N501Y-ს, რომელიც ხელს უწყობს ვირუსს, რომ უკეთ მოეჭიდოს ადამიანის უჯრედს. ამ მუტაციას შეიცავდა ალფა ვარიანტიც და დაკავშირებული იყო ვირუსის გადადების მომეტებული უნართან.
 
“შემდეგ გაჩნდა დელტა ვარიანტი, რომელსაც განსაკუთრებული მუტაცია არ გააჩნია, მაგრამ უფრო გადამდებია, ვიდრე ალფა,” - ამბობს ექიმი ბლუმი. - “ეს იმიტომ, რომ დელტას სხვა მუტაციები გააჩნდა, რომლებიც ზრდიდნენ მისი გადაცემის უნარს.”
 
ვირუსის ამა თუ იმ ვარიანტის გადადების დონე გამოკიდებულია როგორც იმაზე, რამდენად კარგად ებმის ვირუსი ადამიანის უჯრედების რეცეპტორებს, ასევე იმაზეც, რამდენად სტაბილური და სიცოცხლისუნარიანია ის, რამდენად შეუძლია რეპლიკაცია ადამიანის სასუნთქ გზებზე და რა ოდენობით ამოისუნთქავს მას ადამიანი, სუნთქვის დროს.
 
ომიკრონს მუტაციების კლასტერი გააჩნია. ყველა მათგანს ახასიათებს ადამიანის უჯრედებთან მჭიდროდ მიბმის უნარი.
 
“მაგრამ როცა ისინი ერთ ჯგუფად არიან წარმოდგენილები, მათი ქცევა, შესაძლოა, სხვანაირი იყოს, ვიდრე თითოეული მათგანის ქცევა იქნებოდა ცალ-ცალკე,” - ამბობს ექიმი ბლუმი.
 
ამავე მიზეზით, მისივე თქმით, ზუსტად შეუძლებელია იმის თქმა, რას მოიმოქმედებენ ეს მუტაციები, ერთად აღებულნი. შეუძლებელია იმის თქმაც, რა გავლენას მოახდენენ ისინი ადამიანის ორგანიზმზე, გაერთიანებული ძალებით.
ამის გასაგებად საჭიროა ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც ამჟამად გლობალურად მიმდინარეობს.
 
 

 მასალა თარგმნილია "ნიუ იორკ თაიმზის" სტატიიდან - Omicron carries scary mutations. That doesn’t mean they work well together

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>