მეცნიერება

იმუნიტეტმა იცის თავისი საქმე: ოპტიმიზმის საფუძველი ომიკრონთან დაკავშირებით




≈ თარგმანი ≈

ახალი კორონავირუსის ახალი ვარიანტის - ომიკრონის - გამოჩენამ, რომელსაც ათეულობით ახალი მუტაცია აქვს, ქვეყნები და ჯანდაცვის სისტემები საგონებელში ჩააგდო. 

განგაშს, გარკვეულწილად, აქვს საფუძველი. 

სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ საჭიროა დავიმახსოვროთ ორი მნიშვნელოვანი ფაქტი: პანდემიიდან  ორი წელია გასული, 8 მილიარდი დოზა ვაქცინა - ადმინისტრირებული. ვირუს SARS-CoV-2-თან მიმართებაში ადამიანების იმუნური სისტემა უკვე ის აღარ არის, რაც აქამდე იყო.  

SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტს, რომელსაც ომიკრონი უწოდეს, აქვს უნარი, მარტივად დაემალოს იმუნურ სისტემას იმ ადამიანებისა, რომლებიც ვაქცინირებულები არიან ან მანამდე გადაიტანეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია. იმ ადამიანის იმუნური სისტემა, ვინც აცრილია ან გადაიტანა ეს ინფექცია, გამოცდილია ამ ვირუსთან გამკლავების საქმეში და განსხვავდება იმათგან, რომლებიც არც აცრილები არიან და არც ინფექცია შეჰყრიათ. 

“[კონკრეტულ ინფექციასთან მიმართებაში] გამოუცდელ იმუნურ სისტემას ვერასოდეს შეადარებ ისეთს, რომელსაც გარკვეული მეხსიერება აქვს,” - უთხრა STAT-ს ალი ელიბედიმ, რომელიც ვაშინგტონის სენ-ლუისის სამედიცინო სკოლის პათოლოგიებისა და იმუნოლოგიის ასოცირებული პროფესორია. “ვირუსი  SARS-CoV-2- ისეთი თავისუფალი და ძლევამოსილი არაა ადამიანის ორგანიზმის წინააღმდეგ, როგორიც ის 2020 წლის იანვარში ან 2019 წლის დეკემბერში იყო. “

საყურადღებო ფაქტია ისიც, რომ ეს მიემართებათ უფრო მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებს, ვიდრე დანარჩენ სხვებს. “ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ის საზოგადოება ზარალდება, რომელიც სრულიად აუცრელია ან აცრილია სუსტი ვაქცინით.”

ახალი ვარიანტი, შესაძლოა, დაემალოს ვაქცინებით ან გადატანილი ინფექციით გამოწვეულ იმუნიტეტს. თუ ომიკრონი სრული ძალით გაიფურჩქნება, დაინფიცირდებიან ვაქცინირებულებიც და მანამდე გადატანილებიც. თუმცა, მათგან მცირე რაოდენობას ექნება სერიოზული ან მწვავე დაავადება. 

“თუკი ადამიანს არ აქვს მანეიტრალიზებელი ანტისხეულების დაუყოვნებელი პასუხი, დაცულობის სხვა ქსელი მაინც ადგილზეა,” - ამბობს ფლორია კრამერი, მაუნთ საინაის ჰოსპიტლის იკანის სამედიცინო სკოლის ვაქცინოლოგიის პროფესორი ნიუ იორკში. 

სიფრთხილის მიზეზს ქმნის ის ფაქტიც, რომ ორ ათეულზე მეტი მუტაცია სპაიკ ცილაზე ომიკრონს ანიჭებს უნარს, ვაქცინების მიერ გამოწვეული მანეიტრალიზებელი ანტისხეულების ეფექტურობა შეასუსტოს. 

ჯერ კიდევ ზუსტად არაა ცნობილი SARS-2-ისგან დაცვის ყველა მექანიზმი, თუმცა, მანეიტრალიზებელი ანტისხეულები უდავოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დაცვის თვალსაზრისით. მათზე ნებისმიერი უარყოფითი გავლენა კი ახალი და დიდი აფეთქებების პოტენციურ საფრთხეს ქმნის. 

ქრისტიან ანდერსენი, სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის იმუნოლოგი, ერთ-ერთი მათგანია, ვინც სიფრთხილით ეკიდება ომიკრონს და ფიქრობს, რამხელა დენთი შეიძლება იყოს ის უკვე გამომუშავებული იმუნიტეტისთვისაც.

“ჩემი აზრით, იმუნიტეტზე მნიშვნელოვანი დარტყმაა, იქნება ეს ინფექციით გამოწვეული იმუნიტეტი თუ - ვაქცინით მიღებული, განსაკუთრებით ინფექციისგან დაცვისა და გადაცემის თვალსაზრისით,” - უთხრა STAT-ს ანდერსენმა. 

იმუნიტეტის T უჯრედები და სხვა სახის ანტისხეულები არ დატოვებენ უპასუხოდ ომიკრონს, მისივე აზრით. “თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჩვენ არ ვიცით T უჯრედის როლი ამ ყველაფერში. მაგალითად, რამდენი არიან ისინი და იცავენ თუ არაა დაავადების, ინფექციის, გადადების და სხვა რამეების წინააღმდეგ?” - ამბობს ქრისტიან ანდერსენი. 

ანა დარბინი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის იმუნიზაციის კვლევის ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ იმუნიტეტის T უჯრედები - რომლებსაც ვაქცინები და გადატანილი დაავადება ისე წვრთნიან, რომ მიაგნონ და თავს დაესხან პათოგენს, - შესაძლოა, არ იყოს საკმარისი ინფექციის პრევენციისთვის ომიკრონის შემთხვევაში, თუმცა, სულ მცირე, ხელი უნდა შეუშალოს დაავადების განვითარებას, რასაც ეს ინფექცია იწვევს. 

“თუ ვაქცინირებული ხართ, დაცულობის გარკვეული დონეები უკვე გაქვთ,” - ამბობს დარბინი. - “ჩვენი იმუნური სისტემა უკვე იცნობს ამ ვირუსის ცილას.” 

ბარნი გრეჰემი, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ვაქცინების ცენტრის დირექტორის ყოფილი მიადგილე, ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც რამე ფორმით შეხვდათ ახალი კორონავირუსი, ექნებათ იმუნიტეტის T უჯრედები და ანტისხეულები, რომლებიც რეაქციაში შევლენ ახალ ვარიანტთან, - არსებული იმუნური პოტენციალი მაშინვე ამუშავდება ახალ ვირუსთან შეხებისას.

“ვაქცინირებული ადამიანების იმუნურ სისტემას უფრო სწრაფი რეაქცია ექნება,” - ამბობს გრეჰემი, რომელიც საკუთარი თანამდებობიდან აგვისტოდან წავიდა. “სუფთა ფურცლიდან აღარ ვიწყებთ. ჩვენ უკვე გვაქვს გამომუშავებული რთული, ნიუანსებით აღსავსე იმუნური სისტემა, რომელიც შესაძლოა, იდეალურად არ დაემთხვეს ომიკრონს, მაგრამ საერთო ჯამში, ბევრად მეტი უპირატესობა გვაქვს, ვიდრე ორი წლის წინ გვქონდა.” 

დრო დასჭირდება იმის გაგებასაც, თუ რა გავლენა ექნება ომიკრონს, ამბობს ჯონ მური, იმუნოლოგი კორნელის უნივერსიტეტში. ჯერ არ ვიცით, ვრცელდება თუ არა უფრო სწრაფად ახალი ვარიანტი - ომიკრონი. ზოგი ვარიანტი, მაგალითად ბეტა, რომელსაც ისეთივე მუტაციები ჰქონდა, რომელსაც, წესით, უნდა შეემცირებინა ვაქცინების ეფექტურობა, ფართოდ არასოდეს გავრცელებულა. 

რა გზას აირჩევს ომიკრონი - ბეტასავით მოიქცევა თუ სუპერ დელტა გახდება?

მურის თქმით, ეს ცოტა ხანში გაირკვევა. ასე იქნება თუ ისე, ბევრ ადამიანს უკვე აქვს შანსი და საფუძველი, რომ ჰქონდეს იმუნიტეტი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ. 

“დიდი ალბათობით, იმუნიტეტი იდეალურად ვერ იმუშავებს. იქნება ჩავარდნები --- მაგრამ გარკვეული დამაჯერებლობით იმუშავებს,” - ამბობს ის.
გრეჰემის თქმით, მსოფლიოს დღეს უკეთესი შანსები აქვს, იბრძოლოს ომიკრონის წინააღმდეგ, ვიდრე ეს ექნებოდა ორი წლის წინ. 

“ახლა ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ ვიცით, როგორ შევქმნათ ვაქცინები, სამკურნალო საშუალებები, მონოკლონური ანტისხეულები,”- ამბობს გრეჰემი. “თუკი დაგვჭირდება, ახალი ვაქცინებისა და ანტისხეულების შექმნაც კი შეგვიძლია.”

 

⇒ თარგმანის წყაროა სამედიცინო პლატფორმა STAT-ის სტატია - A reason for optimism on Omicron: Our immune systems are not blank slates

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>