მეცნიერება

ახალი კვლევა: კორონავირუსი ცხიმოვან ქსოვილებსაც იღებს სამიზნედ




≈ თარგმანი ≈

ახალი კვლევა მეცნიერებს იმის გაგებაში  დაეხმარება, თუ რატომ არიან ჭარბი წონის მქონე ადამიანები კოვიდის მწვავე ფორმის განვითარების და სიკვდილის უფრო მომეტებული რისკის ქვეშ. 

ეს პანდემიის დასაწყისიდანვე ცხადი გახდა: კორონავირუსის წინაშე  ჭარბი წონის მქონე ადამიანები უფრო სუსტები იყვნენ.    

ჭარბ წონას ხშირად ახლავს დიაბეტი. ახალი კვლევით კი მეცნიერებმა ახალ ფაქტსაც მიაკვლიეს, საიდანაც გამოჩნდა, რომ მოწყვლადობა უფრო პირდაპირ იყო დაკავშირებული ჭარბ წონასთან, ვიდრე დიაბეტთან ან სხვა დაავადებებთან.

სავარაუდო მიზეზი შემდეგია: კორონავირუსი აინფიცირებს როგორც ცხიმოვან ქსოვილებს, ასევე იქ არსებულ იმუნიტეტის ზოგ სხვა უჯრედს, რითაც ორგანიზმის მძაფრ და დამანგრეველ რეაქციას იწვევს.

“ახალ  კორონავირუსს ცხიმოვანი ქსოვილის პირდაპირ დაინფიცირება შეუძლია და რაც [მო]ხდება ცხიმოვან უჯრედებში, არ [და]რჩება იქ - ინფექცია მეზობელ უჯრედებსაც ეხება და აზიანებს,” - ამბობს დოქტორ ფილიპ შერერი, მეცნიერი, რომელიც ცხიმოვან უჯრედებს იკვლევს დალასის სამედიცინო სკოლაში, და რომელიც ამ კვლევაში არ იყო ჩართული.

კვლევას ცხიმოვანი ქსოვილების დაინფიცირების უნარზე ჯერ არ გაუვლია რეცენზია და არც ერთ სამედიცინო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. ის აქამდე მხოლოდ ონლაინ სამედიცინო პლატფორმა biorxiv-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ოქტომბერში. 

თუ ამ კვლევის პირველადი შედეგები დიდი მონაცემებითაც გამყარდა, უფრო მეტი პასუხი გაეცემა კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეხება ახალი კორონავირუსი უფრო მეტად ჭარბი წონის მქონე ადამიანებს და ასევე ახალგაზრდების ნაწილს, რომელთაც ავად გახდომის სხვა ხილული რისკები თითქოს არ აქვთ. 

კვლევის უფროსი ავტორები, - სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორები, - დოქტორი ტრეისი მაკლაგლინი და ქეთრინ ბლაიში, ამბობენ, რომ ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, ახალი ტიპის მედიკამენტის შექმნის იდეის განვითარებას შეუწყოს ხელი, რომელიც ორგანიზმის ცხიმოვან უჯრედებს ამოიღებს მიზანში. 

“ვირუსი უსხლტება ადამიანის იმუნურ სისტემას და ასეთ ადგილებში [ცხიმოვანი ფენა] იმალება. ეს მოვლენა ადამიანისთვის ვირუსთან გამკლავების აქილევსის ქუსლია - ეს ის თვისებაა, რითაც ვირუსი შუალედურად იმარჯვებს ადამიანზე,” - ამბობს დოქტორი ვიშვა დიპ დაიქსითი, იელის უნივერსიტეტის კომპარატიული მედიცინისა და იმუნოლოგიის პროფესორი.

ეს აღმოჩენა განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალურია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჭარბი წონით ცხოვრობს. ამერიკელების უმეტესობას ჭარბი წონა, ხოლო 42 პროცენტს - სიმსუქნის პრობლემა აქვს. ფერადკანიანებს, ესპანური წარმოშობის, ადგილობრივ ამერიკელებსა და ალასკის მკვიდრებს უფრო მეტად აწუხებთ ჭარბი წონის პრობლემა, ვიდრე აზიური წარმოშობის ამერიკელებს; მოსახლეობის ზემოთჩამოთვლილ ნაწილს არაპროპორციულად ზედმეტად შეეხო პანდემიაც - სიკვდილიანობის მაჩვენებელი მათში [უხეშად] ორჯერ მეტი იყო, ვიდრე თეთრკანიან ამერიკელებში. 

“ეს ფაქტორი, შესაძლოა, მიუთითებდეს მწვავე დაავადების გავრცელების ფაქტორისკენ,”- ამბობს დოქტორი ბლაიში. “ამ უჯრედებში ანთებით გამოწვეულ ისეთივე ციტოკინებს ვხედავთ, როგორც სხვა უჯრედებში შეჭრის შემთხვევაში წარმოქმნილ ციტოკინებს.”

მეცნიერებაში კარგა ხანი ითვლებოდა, რომ სხეულის ცხიმოვანი ნაწილი უბრალო და უძრავი მასაა, სადაც მხოლოდ ენერგია ინახება. მეცნიერებმა ახლა იციან, რომ ცხიმოვანი უჯრედები აქტიურები არიან, აწარმოებენ ჰორმონებსა და იმუნური სისტემის ცილებს, რომლებიც სხვა უჯრედებშიც გადადიან და ორგანიზმს გარკვეული სახით მშვიდი სიფრთხილის რეჟიმში ამყოფებენ მაშინაც კი, როდესაც ორგანიზმში არავითარი ინფექცია ან უცხო სხეული არ არის შეჭრილი. 

ორგანიზმში ინფექციის შეჭრის დროს წარმოქმნილი ანთება უცხო სხეულის საწინააღმდეგო მექანიზმია, მაგრამ ზოგჯერ ის ზედმეტად მძაფრია და შესაძლოა, უფრო საშიში იყოს, ვიდრე შეჭრილი უცხო სხეული ან ძალა. 

“რაც უფრო მეტია ცხიმის მასა, მით უფრო ძლიერია ანთებითი პასუხი,” - ამბობს დოქტორი მაკლაგლინი, და განსაკუთრებით მუცლის არესა და იქვე არსებულ შინაგან ორგანოთა სისტემაზე მიუთითებს. 

ცხიმოვანი ქსოვილი უმეტესად ცხიმოვანი უჯრედებისგან, იგივე ადიპოციტებისგან შედგება. ცხიმოვანი ქსოვილი პრე-ადიპოციტებსაც შეიცავს, რომლებიც იზრდებიან და მწიფდებიან ცხიმოვან უჯრედში და ასევე იმუნურ უჯრედებს, მათ შორის ადიპოზის ქსოვილოვან მიკროფაგებს. 

დოქტორმა მაკლაგლინმა, დოქტორმა ბლაიშმა და მათმა კოლეგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს იმის გასაგებად, ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ პაციენტიდან აღებული ცხიმოვანი ქსოვილი დაინფიცირდებოდა თუ არა ახალი კორონავირუსით, და თვალი მიადევნეს იმას, თუ რა ტიპის პასუხები ექნებოდათ სხვადასხვა ტიპის უჯრედებს ინფექციაზე. 

ცხიმოვანი უჯრედები დაინფიცირდნენ, თუმცა, ანთების დონე მაღალი არ იყო. ზოგი იმუნური უჯრედი, - მაკროფაგები, ასევე დაინფიცირდნენ და ძლიერი ანთებითი პასუხი გამოიწვიეს. 

უფრო უცნაური ის იყო, რომ პრეადიპოციტები არ დაინფიცირდნენ, თუმცა საკუთარი წილი შეიტანეს ანთებითი პროცესის გამოწვევაში. [მეცნიერებს არ გადაუმოწმებიათ, ახალი კორონავირუსის კონკრეტული ვარიანტი უფრო დესტრუქციული თუ იყო, სხვა ვარიანტებთან შედარებით.]

მკვლევართა ჯგუფმა ევროპელი, უკვე გარდაცვლილი პაციენტების სხეულიდანაც აიღეს უჯრედული ნიმუშები და ნახეს მათში კოვიდ ინფექცია, კონკრეტულად კი ცხიმოვანი ფენის ახლოს მდებარე ორგანოებთან სიახლოვეს. 

ექიმ დაიქსიტის თქმით, ის ფაქტი, რომ ადიპოზური ქსოვილები, შესაძლოა, იყონ საშიში პათოგენების რეზერვუარი, ახალი ამბავი არ არის. სხეულის ცხიმოვანი ფენა რამდენიმე მათგანის, მათ შორის HIV-ისა და ინფლუენზას სხვადასხვა ვარიანტისთვის ხელსაყრელი საინკუბაციო ადგილია. 

კორონავირუსი სხეულის ცხიმოვან ფენაში უფრო ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს, რადგან ამ ნაწილს ეფექტური და ძლიერი ბრძოლა არ შეუძლია. ჭარბი წონის ადამიანებს კი სხეულის მასის უფრო მეტ ლოკაციაზე და მეტი მასშტაბებით აქვთ ასეთი ტერიტორიები სხეულზე.

ადამიანის ორგანიზმი, რომლის იდეალური წონა 70 კილოგრამი იქნებოდა, მაგრამ 120-ია, მნიშვნელოვანი რაოდენობით ატარებს ცხიმს, რაც ხელსაყრელი ადგილია ვირუსის ინკუბაციისთვის: აქ მას შეუძლია გამრავლება და იმუნური სისტემის დამანგრეველი პასუხის პროვოცირებაო, ამბობს დოქტორი დეივიდ კაასი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კარდიოლოგიის პროფესორი. 

“თუ ადამიანს ჭარბი წონა აქვს, ცხიმის მასა შეგვიძლია ერთგვარ ცალკე ორგანოდაც კი განვიხილოთ,” - ამბობს დოქტორი კაასი. 

კორონავირუსს “შეუძლია ქსოვილის დაინფიცირება და იქ საკუთარი მომგებიანი პოზიციების დაკავება,” - ამბობს ის. - “არ აქვს მნიშვნელობა, რამეს უშავებს თუ არა ადგილობრივ გარემოს მოცემულ მომენტში, კლავს თუ არა უჯრედებს ან გასამრავლებლად ხელსაყრელ ადგილს ეძებს თუ არა. 

ცხიმი ვირუსის რეზერვუარია.”

როგორც კი ანთების პროცესი ძალას იკრებს, ციტოკინები უფრო მეტად აძლიერებენ ამ პროცესს და დამატებით უშვებენ ციტოკინებს. “მძლავრ შტორმს ჰგავს ეს ყველაფერი,” - ამბობს ის. 

დოქტორი ბლაიში და მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ დაინფიცირებულ ცხიმს, შესაძლოა, საკუთარი როლი ჰქონდეს “ხანგრძლივი კოვიდის” მდგომარეობის გამოწვევის საქმეში. ერთ-ერთი სიმპტომია დაღლილობა, რომელიც, მწვავე პერიოდიდან გამოჯანმრთელების შემდეგ, კვირებისა და თვეების განმავლობაში გრძელდება. 

მონაცემები აჩვენებს, რომ კოვიდ ვაქცინებსა და მკურნალობაში პაციენტის წონა და ცხიმის მდებარეობა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. 

“ახალი კვლევა კიდევ ერთი გამაფრთხილებელი მონაცემებია სამედიცინო პროფესიონალებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტებისთვის, რომ უფრო მეტად ჩაიხედონ ჭარბი წონის მქონე ადამიანების ჯანმრთელობაში, და გაითვალისწინონ ეს ფაქტორი ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების მიცემის დროს,” - ამბობს ბარი პოპკინი, კვების სპეციალისტი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში, რომელიც ჭარბი წონის მქონე ადამიანებში კოვიდის გავლენას სწავლობს. 

“ჩვენ ყველა რისკს ვინიშნავთ, რაც ამას ახლავს, მაგრამ მის შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად ჯერ კიდევ არაფერს ვაკეთებთ,” - ამბობს დოქტორი პოპკინი.

 

 თარგმანის წყაროა "ნიუ იორკ თაიმზის" სტატია  The Coronavirus Attacks Fat Tissue, Scientists Find

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>