მეცნიერება

ყველა სიახლე COVID-19 პანდემიაზე - განახლებადი




ახალი კორონავირუსის ახალი ვარიანტი “ომიკრონი,” სხვა სახელით B.1.1.529, პირველად სამხრეთ აფრიკაში აღრიცხეს 23 ნოემბერს.

ის დაახლოებით 5 ათეულ მუტაციას შეიცავს და საშიში ჩანს იმიტომ, რომ აქვს უნარი, დაემალოს ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას და პოტენციურად იყოს უფრო გადამდები, ვიდრე აქამდე გაჩენილი ვარიანტები. 

სამხრეთაფრიკელმა მეცნიერებმა B.1.1.529-ში მხოლოდ სპაიკ [S] ცილაზე 30-ზე მეტი მუტაცია [A67V, Δ69-70, T95I, G142D, Δ143-145, Δ211, L212I, ins214EPE, G339D, S371L, S373P, S375F, K417N, N440K, G446S, S477N, T478K, E484A, Q493R, G496S, Q498R, N501Y, Y505H, T547K, D614G, H655Y, N679K, P681H, N764K, D796Y, N856K, Q954H, N969K, L981F] აღრიცხეს.

სწორედ S ცილა ეხმარება ამ ვირუსს, შეაღწიოს ადამიანის ორგანიზმში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ [W.H.O.] ეს ვარინტი “საგანგაშო” [Variant of Concern, VOC] კლასიფიკაციაში ჩასვა და “ომიკრონი” უწოდა, ბერძნული ანბანის რიგითობის შესაბამისად.

 

“ომიკრონის” მუტაციები

“ომიკრონი” დაახლოებით 50 მუტაციას ატარებს, რომელიც ახალი კორონავირუსის წინა სხვა მუტაციებისგან აქამდე ყველაზე მასშტაბური ცვლილებაა. მათგან 30 მუტაცია მხოლოდ სპაიკ ცილაშია, რომლითაც ის ადამიანის უჯრედს ებმის. 

                                   

                                   SARS-CoV-2-ის მუტაციები აღნიშნულია ყვითლად 

                                                           © The New York Times

 

სპაიკ ცილის მუტაცია სხვა “საგანგაშო” კატეგორიის ვარიანტებსაც ჰქონდათ, მათ შორის შემდეგი მუტაციების -  D614G, N501Y, K417N და E484A სახით, რომლებიც იგივე ლოკაციაზეა, სადაც E484K ახალი კორონავირუსის Eek მუტაციაში.

 

 24 მაისი

კომპანიებმა - Pfizer/BioNTech-მა ორშაბათს განაცხადეს, რომ კლინიკური კვლევების წინასწარი მონაცემებით, მათი წარმოებული კორონავირუსის ვაქცინის სამი დოზა ძლიერ იმუნურ პასუხს ავითარებს ბავშვებში და საკმარისია მარეგულირებლის მკაცრი კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად. 

პრე-რელიზის ფარგლებში კომპანიებმა განაცხადეს, რომ გაცხადებული შედეგები კლინიკურ კვლევებს ეყრდნობა, სადაც 1 678 ბავშვი იყო ჩართული, 6 თვიდან 4 წლამდე. სამი დოზის რეჟიმი 80 % ეფექტური იყო სიმპტომური ინფექციის პრევენციაში. კომპანიებს ამ მტკიცების დამადასტურებელი მონაცემები არ წარმოუდგენიათ - მათი თქმით, დამადასტურებელ მონაცემებს მომავალ თვეს წარუდგენენ საზოგადოებას.

 

19 აპრილი

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის დიაგონისტირება ამონასუნთქი სინჯით იქნება შესაძლებელი - ა.შ.შ. სურსათისა და სამკურნალო საშუალების ადმინისტრაციამ პირველად დაამტკიცა ტესტერი, რომელიც ნასუთქ მასალას დაეყრდნობა.

ექსპერტების თქმით, კოვიდის ახალი ტიპის ტესტერის -  InspectIR Covid-19 Breathalyzer-ის დამტკიცება მნიშვნელოვანი ნაბიჯია დიაგნოსტირების მიმართულებით. 

 

15 აპრილი

საქართველოში შემოტანილი COVID-19 ვაქცინების ჯამური რაოდენობა:

სულ: 5 334 090

ნაყიდი: 3 849 560  

COVAX პლატფორმიდან მიღებული: 160 020 დოზა

ნაჩუქარი: 1 324 510 დოზა

მჩუქებელი ქვეყნები: ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრია, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და წითელი ჯვრის საზოგადოება.

მწარმოებლები: Pfizer-BioNTech, AstraZeneca, Sinovac და Sinopharm. 

 
 

22 მარტი 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით:

  • 28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს მიიღებს;

  • საზ. ტრანსპორტსა და საჯარო დაწესებულებებში პირბადის ტარების ვალდებულება ნარჩუნდება;

  • უქმდება სტუმრების რაოდენობაზე მოქმედი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზე;

  • დისტანციურ სამუშაო რეჟიმში მყოფი საჯარო მოხელეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან;

  • უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან;
  • მთავრობის წარმომადგენლების თქმით, კომპანია “პფაიზერის” მიერ შექმნილი მედიკამენტი “პაქსლოვიდი” საქართველოში შემოვა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და რისკჯგუფების წარმომადგენლებს, ინფიცირების შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად, მკურნალობის კურსისთვის საჭირო მედიკამენტის დოზა უფასოდ გადაეცემათ. პრესკონფერენციაზე არ დაზუსტებულა, რა ფასად შეიძინა საქართველომ "პაქსლოვიდი" ან რა მექანიზმით შეისყიდა ის ქვეყანამ; 

  • აპრილის განმავლობაში გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა, რომლის თანახმად, 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.

 

17 მარტი

რუსული ვაქცინა "სპუტნიკი" ევროკავშირში: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის [W.H.O.] განცხადებით, რუსულ ვაქცინა “სპუტნიკს” უფრო დიდხანს მოუწევს ლოდინი, სანამ საგანგებო რეჟიმში დაუშვებენ. 

W.H.O.-ს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, ორგანიზაციას ვაქცინის შეფასების პროცედურის შეჩერება მოუხდა.

“7 მარტს, რაღაც მონაცემების გადასამოწმებლად, რუსეთში უნდა წავსულიყავით, რომელიც გადაიდო,” - ამბობს ექიმი მარიანჯელა სიმაო, W.H.O.-ს დირექტორის მოადგილე, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე. “შეფასება და ინსპექცია მიმდინარე მდგომარეობის გამო შეფერხდა.”

ექიმ სიმაოს თქმით, ბევრ წვრილმან პრობლემასთან ერთად, პრობლემები იყო რუსეთის მიმართულებით როგორც თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნის, ასევე საკრედიტო ბარათების გამოყენების კუთხით. 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად, ბევრმა დასავლურმა კომპანიამ აკრძალა საკუთარ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების დაშვება; ვიზა და მასტერქარდების გამოყენება დროებით შეჩერებულია რუსეთშიც. 

ექიმ სიმაოს თქმით, განახლებული დღის წესრიგი მალე შედგება.

ორდოზიანი ვაქცინა Sputnik V გამალეიას კვლევით ცენტრში შეიქმნა, რომელიც რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ნაწილია. რუსეთმა ამ ვაქცინის გავრცელება 2020 წლის შემოდგომას დაიწყო. რუსული პირდაპირი საინვესტიციო ფონდის განცხადებით, Sputnik V  70-ზე მეტ ქვეყანაშია დაშვებული. ეს ფონდი ვაქცინის წარმოების დროს ერთ-ერთი ინვესტორი იყო. 

Sputnik V არც ევროკავშირის სამედიცინო მარეგულირებელს და არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ჯერ არ დაუმტკიცებია. ადამიანებს, რომლებმაც ეს ვაქცინა მიიღეს, ევროკავშირისა თუ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრების გადაკვეთის დროს პრობლემები შეექმნათ.

მართალია, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ვაქცინა Sputnik V სამედიცინო გარღვევად შეაფასა, რუსეთმა ვერ გაიარა ვაქცინის საერთაშორისოდ აღიარებისთვის საჭირო პროცედურები და შესაბამისი აპლიკიებისთვის საკმარისი მონაცემები ვერ წარადგინა. 

კლინიკური კვლევებიც უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩატარდა: ზაფხულში დაიწყო და იმავე წლის სექტემბერში უკვე დამტკიცდა ეროვნულ დონეზე. ევროკავშირის მარეგულირებლებმა რუსეთი რამდენჯერმე დაადანაშაულეს იმაში, რომ ქვეყანა მათ შემოწმებისა და ინსპექციის განხორციელების საშუალებას არ აძლევდა. რუსი ოფიციალური პირები კი ამბობდნენ, რომ რუსული ვაქცინის აქამდე არდამტკიცება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მიზეზით გამოწვეული. 

სამეცნიერი ჟურნალმა “ლანცეტმა” მესამე ფაზის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ Sputnik V უსაფრთხო და ძალიან ეფექტური ვაქცინაა. მაშინაც კი, ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, ბრაზილიამ და სამხრეთ აფრიკამ, უარი თქვა სპუტნიკის გამოყენებაზე.

არც უკრაინა ცნობს რუსულ ვაქცინას.

გაეროს მხარდაჭერილი COVAX პლატფორმა, რომელიც დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს ვაქცინებით გლობალურად ამარაგებს, ვერც რუსულ ვაქცინას გამოიყენებს, რადგან მას W.H.O. ჯერ-ჯერობით რეკომენდაციას არ უწევს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროექტ Our World in Data-ს მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ორი დოზით არის ვაქცინირებული.

 

25 თებერვალი

ომი უკრაინაში და პანდემია: მაშინ, როცა რუსეთი უკრაინას ესხმის თავს, უკრაინის მოქალაქეებს კიდევ ერთი გამოწვევა უდგათ: ომის პარალელურად, კორონავირუსთან გამკლავება.

კიევზე თავდასხმის გამო, მოქალაქეები მიგრაციას იწყებენ ქვეყნის დასავლეთით, შესაბამისად გადატვირთულია სატრანზიტო ცენტრები და საცობებია გზებზე. 

სპეციალისტების აზრით, ეს ვირუსის აფეთქებას გამოიწვევს, რადგან ხალხი ვერ ინარჩუნებს დისტანციას და არ აქვს შესაბამისი ხელმისაწვდომობა ნიღბებთან და სხვა დამცავ საშუალებებთან.

მონაცემთა ბაზა Our World in Data-ს მიხედვით, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროექტია, უკრაინაში ყოველ 100,000 მოქალაქეზე კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევაა. უკრაინის მთლიანი მოსახლეობის - 44 მილიონი მოქალაქის მხოლოდ ერთი მესამედია სრულად ვაქცინირებული ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, თუმცა, უკრაინული ოფიციალური პირების თქმით, უკრაინული ჯარის 99 პროცენტი აცრილია.

 
 

22 თებერვალი

რეგულაციები საქართველოში: საქართველოში 1 მარტიდან უქმდება კოვიდ-სივრცეები, თერმოსკრინინგის, შესაბამისი ჟურნალებისა და დეზობარიერების ქონის ვალდებულება. 

♦ კვების ობიექტებში მაგიდასთან დაშვებული იქნება დახურულ სივრცეში 10 და ღია სივრცეში 15 ადამიანი. აქამდე დაშვებული იყო 6 ადამიანი, ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.

♦ ქლეხებისა და ქორწილების გადახდა ისევ ნებადართული იქნება. შიდა სივრცეში ერთ მაგიდასთან შესაძლებელი იქნება 10 ადამინის დაჯდომა, ღია სივრცეში კი – 15-ის.

♦ 4 მარტიდან დასაშვები იქნება კლუბების საქმიანობა, ფართის 60%-ის გამოყენების გათვალისწინებით.

♦ 15 მარტიდან დაშვებული იქნება კონფერენციები, სემინარები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. მოიხსნება 70 ადამიანზე შეზღუდვა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს ომიკრონის პიკი დაღმასვლას იწყებს. მცირდება საწოლებზე მოთხოვნაც. მისივე თქმით, პფაიზერის ვაქცინების ახალ პარტიას საქართველო პირველი კვარტლის ბოლოს მიიღებს, აქამდე არსებული პფაიზერის მოქმედების ვადა კი 31 მარტია. 

ჰონგ-კონგი: ზოგი რეგიონის ჩაკეტვისა და ახალი, დიდი ჰოსპიტლის აშენების პირობის შემდეგ, მთავრობის წარმომადგენლები ჰონგ-კონგში კოვორნავირუსთან ბრძოლაში ახალ სტრატეგიას ისახავენ: ჩინური ტრადიციული სამკურნალო საშუალებების გამოყენებას აპირებენ COVID-19 პაციენტების სამკურნალოდ, თუმცა მათი ეფექტურობა მეცნიერულად დამტკიცებული არ არის. 

ჩინური მედიის ცნობით, კვირას პეკინიდან 150 000 ყუთი ტრადიციული სამკურნალო საშუალებები მიაწოდეს ჰონგ-კონგს, სადაც ომიკრონის ახალი შემთხვევების მატებაა. გუშინ ჰონგ-კონგში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 40 000 ახალი შემთხვევა იყო, რაც 2020-2021 წლის ჯამურ მაჩვენებლებს აღემატება. 

 

21 თებერვალი

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მონარქს, ელიზაბეთ მეორეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ისრაელი არავაქცინირებული ტურისტებისთვის საკუთარი საზღვრების გახსნას აპირებს.

ერთ წელზე მეტია, რაც ა.შ.შ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები აგროვებს ინფორმაციას COVID-19 პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შესახებ, რომელიც ჩაშლილია ასაკის, რასისა და ვაქცინაციის სტატუსის მიხედვით. თუმცა, “ნიუ იორკ თაიმზის”ინფორმაციით, C.D.C. ამ მონაცემებს სრულად არ აქვეყნებს. 

როცა C.D.C.-მ COVID-19-ზე მნიშვნელოვანი მონაცემები პირველად გამოაქვეყნა, რომელიც 18-68 წლამდე მოზრდილ მოსახლეობაში ბუსტერ დოზის ეფექტურობას ეხებოდა, მან გამოტოვა მოსახლეობის დიდი პოპულაცია - 18-დან 49 წლამდე ასაკის მოქალაქეების მონაცემები, რომლებმაც უკვე მიიღეს ორი დოზა და ბუსტერ დოზისგან, სავარაუდოდ, ყველაზე ნაკლები სარგებელი მიიღეს, რადგან უკვე დაცულები იყვნენ ორი მთავარი დოზით. 

 

18 თებერვალი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, რიგ ქვეყნებში ტესტირების ნაწილობრივი შემცირების გამო, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ომიკრონის აფეთქება სტაბილურდება და გლობალური მასშტაბით მცირდება, თუმცა, მისი ერთ-ერთი ქვევარიანტი, რომელიც უფრო გადამდებია, თანდათან დომინანტური ხდება.

ახალი შემთხვევების რაოდენობა გლობალურად 7-13 თებერვლის მდგომარეობით 19 პროცენტით შემცირდა. 

ჯანმოს განმარტებით, ომიკრონის ქვევარიანტ BA.2-ის შემთხვევები სტაბილურად იმატებს და ის უკვე დომინანტური გახდა რამდენიმე აზიურ ქვეყანაში, მათ შორის, ჩინეთში, ინდოეთში, პაკისტანში, ბანგლადეშსა და ფილიპინებში. დანია პირველი ქვეყანაა, რომელმაც განაცხადა, რომ BA.2-მა აჯობა ომიკრონის მეორე ქვევარიანტს - BA.1-ს.

 

15 თებერვალი

საქართველო: მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში, შესაძლოა, ომიკრონის პიკმა გადაიაროს და ახალი შემთხვევევის კლება დაიწყოს.

"მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს," - აღნიშნა მან. - "პირბადეს ჯერ კიდევ ვერ შეველევით."

 

12 თებერვალი

ა.შ.შ. სამედიცინო მარეგულირებელმა - სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] გუშინ ომიკრონის სამკურნალოდ საგანგებო რეჟიმში დაუშვა მონოკლონური ანტისხეული - ბებტელოვიმაბი, რომელსაც ომიკრონის განეიტრალება შეუძლია. სამკურნალო საშუალება COVID-19-ის მწვავე ფორმის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებს უნდა მისცენ, ინფიცირების ადრეულ ეტაპზე.

 

11 თებერვალი

საკმაოდ მოულოდნელად და წინა მოვლენების საწინააღმდეგოდ, ფედერალურმა მარეგულირებელმა და კომპანიებმა - Pfizer-BioNTech-მა დღეს განაცხადეს, რომ ისინი დაელოდებიან კლინიკური კვლევის მესამე ფაზის მონაცემებს იმასთან დაკავშირებით, COVID-19 ვაქცინის სამი დოზა არის თუ არა ეფექტური 5 წლამდე ბავშვებში და შემდეგ გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ვაქცინა შესაბამისი ასაკის კატეგორიის ბავშვებისთვის. 

აშშ მარეგულირებელი - სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია [F.D.A.] გადადებს ექსპერტების შეხვედრას, რომელიც სამშაბათს უნდა გამართულიყო და რომლის დროსაც ექსპერტებს ხმა უნდა მიეცათ ორდოზიანი რეჟიმის დამტკიცებისთვის, რომლის დამტკიცებაზე აპლიკაცია კომპანია Pfizer-მა უკვე შეიტანა.  

პრეს-რელიზში Pfizer-BioNTech-მა აღნიშნა, რომ მათი სამდოზიანი კლინიკური კვლევა სწრაფად და შეუფერხებლად მიმდინარეობდა და რომ კომპანიას მალე ექნება შესაბამისი შედეგები. 

კლინიკური კვლევის შედეგებს აპრილში ელოდებიან. 

 

10 თებერვალი

ვაქცინაცია ბავშვებში: მომავალ კვირას ა.შ.შ. სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მოწვეულ მეცნიერთა პანელი გადაწყვეტს, გასცეს თუ არა რეკომენდაცია მარეგულირებელზე Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინის 6 თვიდან 4 წლამდე ბავშვებისთვის დასაშვებად. 

კლინიკური კვლევების შუალედურმა შედეგებმა აჩვენა, რომ 2-4 წლის ბავშვებში ორმა დოზამ ძლიერი იმუნური პასუხი არ აჩვენა. კლინიკური კვლევები გრძელდება მესამე დოზის ეფექტურობაზეც ამავე ასაკობრივ ჯგუფში, რომელთა შედეგი მომავალ კვირებში გახდება ცნობილი.

სამდოზიანი - უფრო საიმედო რეჟიმის - კლინიკური კვლევების შედეგების მიღებამდე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა, სპეციალისტების თქმით, აქამდე არასოდეს მომხდარა. ომიკრონის აფეთქების ფონზე, სფეროში ცხარე დებატებია იმასთან დაკავშირებით, გასცენ თუ არა ნებართვა ახლა თუ დაელოდონ მიმდინარე კლინიკური კვლევების შედეგებს.  

 

9 თებერვალი

იტალია: შემთხვევების კლებასთან ერთად, იტალიაში დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება.

 

8 თებერვალი

საქართველო: მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ომიკრონით ორჯერ დაინფიცირების შეთხვევა ლაბორატორიულად არ დადასტურებულა. 

საქართველოში შესაძლოა, ინფიცირებულთა იზოლაციის ვადა შეიცვალოს. მიმდინარე წლის 22 იანვრიდან ეს ვადები სიმპტომების არქმონე და მსუბუქი პაციენტებისთვის 8 დღეა, ხოლო საშუალო ან მძიმე პაციენტებისთვის - 10 დღე. 

 

7 თებერვალი

მოლნუპირავირი აღმოსავლეთ ევროპაში: თურქეთი ანტივირუსული აბის - მოლნუპირავირის მიცემას იწყებს COVID-19 პაციენტებისთვის. პროფესორი ალპერ სენერი, რომელიც თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭოს წევრია, ამბობს, რომ ეს წამალი ორგანიზმში ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის.

“მჯერა, რომ ეს მოლნუპირავირის აბი შეამცირებს ჰოსპიტალიზებასა და ინტენსიური ზრუნვის პალატებში პაციენტების მოხვედრის რისკებს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც 65 წელს ზემოთაა და არაერთი ქრონიკული დაავადება აქვს,” - უთხრა მან თურქულ გამოცემა Daily Sabah-ს.

მოლნუპირავირი ანტივირუსული აბია, რომელიც ა.შ.შ სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] COVID-19-ის სამკურნალოდ საგანგებო რეჟიმში გასული წლის 23 დეკემბერს დაამტკიცამას ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “მერკი” აწარმოებს.
 
თურქეთი ადგილობრივად წარმოებული მოლნუპირავირის გამოყენებას აპირებს. 

 

3 თებერვალი

საზოგადოებრივი რეგულაციების მოხსნა ევროპაში: პრემიერ-მინისტრ მაგდალება ანდერსონის თქმით, შვედეთი COVID-19 რეგულაციების უმეტესობას მომავალ კვირას მოხსნის. ამით შვედეთი იმ ქვეყნების - მათ შორის, დანიისა და ნორვეგიის რიცხვს შეუერთდება, რომლებმაც მოხსნეს COVID-19 რეგულაციები, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ახალი შემთხვევების რაოდენობა იმატებს. 

ვაქცინა-სპრეი: ინდური კომპანია Bharat Biotech ცხვირში შესასხურებელი ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზაშია. სწორედ ზედა სასუნთქ გზებში კონცენტრირდება ომიკრონიც.
 
 

2 თებერვალი

ომიკრონი და ვაქცინები: მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონ ვარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე ახალი კორონავირუსის წინა ვარიანტები, C.D.C.-ს გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაქცინები იცავს ომიკრონით გამოწვეული მწვავე დაავადების, ჰისპიტალიზაციისა და სიკვდილისგან, და ბუსტერს კიდევ უფრო მეტი სიკეთეები მოაქვს ამ მიმართულებით. 

საზოგადოებრივი შეზღუდვების მოხსნა ევროპის ნაწილში: დანიაში ღამის კლუბები  იხსნება. თუკი ნორგვეგიის საზღვრის გადაკვეთას აპირებთ, ორჯერ ვაქცინირებული ადამიანისთვის PCR ტესტის ვალდებულება იხსნება. ინგლისში პირბადის ტარება მალე სავალდებულო აღარ იქნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები “ნაჩქარევია.”

 

1 თებერვალი

საქართველო საზ. რეგულაციები: საქართველოში ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის ვალდებულება გაუქმდა. ე.წ. "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება საქართველოში გასული წლის 1 დეკემბრიდან მოქმედებდა.

უმცროსი ასაკის ბავშვების & ვაქცინაცია: Pfizer & BioNTech დღეს აპირებენ მიმართონ F.D.A.-ს, რომ დაამტკიცოს COVID-19 ვაქცინა 6 თვიდან და 4 წლამდე ბავშვებისთვის, რომელიც ორი დოზის რეჟიმით იქნება. მესამე დოზის ეფექტურობის შესახებ კვლევები გრძელდება. 

Pfizer & BioNTech-მა გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში განაცხადეს, რომ მოზრდილების დოზის ერთმა მეათედმა საკმარისი იმუნური პასუხი არ გამოიწვია 2-4 წლის ბავშვებში. 

ა.შ.შ. პედიატრიის აკადემიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ომიკრონის შემთხვევების პიკურ მაჩვენებლებთან ერთად, მოიმატა შემთხვევებმა ბავშვებშიც. მართალია, ბავშვები სძლევენ ამ ინფექციას, თუმცა, მაინც ხდებიან ავად და მათი ნაწილი ჰოსპიტალშიც ხვდება. 

 

27 იანვარი

საქართველოში NDI-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42 ვაქცინაციის წინააღმდეგია. ვაქცინირებულების ერთი მესამედი ბუსტერით ვაქცინაციას არ აპირებს ან ჯერ ზუსტად არ აქვს გადაწყვეტილი, გაიკეთებს თუ არა მას, არ არის დარწმუნებული მის საჭიროებაში. 

 

25 იანვარი

წამახალისებელი: 50 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქეები COVID-19 ვაქცინის ბუსტერ დოზის მიღების შემთხვევაში წამახალისებლად 100 ლარს მიიღებენ. 

COVID-19 გაგრძელდება, მაგრამ პანდემიის დასასრული ახლოსაა: ქრისტოფერ მიურეი, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსიტუტის დირექტორი, სტატიას აქვეყნებს ჟურნალ "ლანცეტში," სადაც წერს, რომ 2022 წლის მარტში მსოფლიოს დიდი ნაწილი უკვე იქნება ინფიცირებული ომიკრონით. ვაქცინების და რიგ ქვეყნებში მესამე დოზის ხელმისაწვდომობის ფონზე, მსოფლიო იმუნური დაფარვა SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ აქამდე არსებულიდან ყველაზე მაღალი იქნება და მომავალ კვირებსა თუ თვეებში მსოფლიო ვირუსის გადაცემის შემცირების ტენდენციას უნდა ელოდოს.

 

24 იანვარი

რემდესივირი: 21 იანვარს ა.შ.შ. სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] ანტივირუსული საშუალება რემდესივირი არაჰოსპიტალიზებული და პედიატრიული პაციენტებისთვის დაამტკიცა, - რომლებსაც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის COVID-19 სიმპტომები აქვთ. აქამდე რემდესივირი მხოლოდ ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის იყო დამტკიცებული. 

ენტონი ფაუჩი: ა.შ.შ. ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის [NAIAD] დირექტორისა და COVID-19-ის მართვის დარგში ჯო ბაიდენის მთავარი მრჩევლის, ენტონი ფაუჩის, თქმით, ახალი კორონავირუსის ახალი ვარიანტის - ომიკრონის პიკი შტატების უმეტესობაში შუა თებერვალში იქნება. ენტონი ფაუჩიმ ABC-ის გადაცემაში "This Week" აღნიშნა, რომ საზოგადოება “ზედმეტად დარწმუნებული” ან ოპტიმისტი არ უნდა იყოს ომიკრონის გარშემო მოვლენების სამომავლო განვითარების სცენარების თვალსაზრისით. 

 

21 იანვარი

მანდატორული ვაქცინაცია: ავსტრია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ზრდასრულებისთვის ვაქცინაციის სავალდებულოდ გახდას აპირებს. ეს გადაწყვეტილება ძალაში 1 თებერვალს შევა.

CDC & ახალი მონაცემები: არავაქცინირებული ამერიკელები, 50 წელს ზემოთ, უფრო მეტად არიან ჰოსპიტალიზაციის საფრთხის ქვეშ, ვიდრე ისინი, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებულნი და მესამე - ბუსტერ დოზაც აქვთ მიღებული, ახალი მონაცემების თანახმად, რომელიც ა.შ.შ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა გუშინ გამოაქვეყნა. 

იოჰანესბურგი, სამხრეთი აფრიკა - სამხრეთ აფრიკის ზოოპარკში მცხოვრებ ლომებს მომვლელებისგან გადაედოთ ახალი კორონავირუსი, ავად იყვნენ სამი კვირის განმავლობაში და შვიდ კვირამდე COVID-19-დადებითები იყვნენ, ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ველურ ცხოველებში ამ ვირუსის გავრცელების საფრთხეებზე მიანიშნებს.

ცნობილი არ არის, ვირუსის რა კონცენტრაციას ატარებდნენ ლომები და იყვნენ თუ არა გადამდებები მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა დადებითები იყვნენ. მეცნიერების აზრით, დიდი ზომის კატებში ინფექციის დიდხანს გაჩერება სხვა სახეობებში მისი გადაცემისა და ახალი აფეთქების საფრთხეებს ზრდის. შესაძლოა, ასეთმა აფეთქებამ ვირუსი უფრო ენდემური გახადოს ველურ გარემოში მცხოვრები ცხოველებისთვის, მაგრამ შესაძლოა, სცენარი ასეც განვითარდეს: შესაძლოა, ახალი ვარიანტის გაჩენის მიზეზი გახდეს და ისევ გადაედოს ადამიანს. 

პრეტორიის უნივერსიტეტში, აფრიკაში, ჩატარებული კვლევა ერთ-ერთი მათგანია. 

 

20 იანვარი

კანალიზაციის სითხე და ვირუსის ცირკულირება: ძალიან გადამდები ომიკრონის გამო ახალი კორონავირუსით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა იმატებს, ჯანდაცვის სფეროს მმართველები კი ცდილობენ გაარკვიონ, რამდენი ხანი გაგრძელდება ახალი ვარიანტით გამოწვეული აფეთქება. 

პასუხები, შესაძლოა, ყველაზე მოულოდნელი ადგილიდან მოვიდეს: კანალიზაციის სითხიდან.

ვირუსის კონცენტრაციის გაზომვა ადგილობრივი საყოფაცხოვრებო სითხიდან ძლიერი და დამაჯერებელი სიგნალია იმისა, რომ ვირუსი იმ თემში ტრიალებს, რომლის სიახლოვეშიც საკანალიზაციო სითხეში ვირუსია.

დიდი ბრიტანეთი და შეზღუდვების მოხსნა: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, გამოაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი კოვიდის მართვის გეგმა B-ის აღსრულებაზე გადადის. ეს ნიშნავს ნიღბების გარეშე გადაადგილების შესაძლებლობას საჯარო ადგილების უმეტეს ლოკაციებში,  27 იანვრიდან კოვიდ პასპორტის გაუქმებას და სახლიდან მუშაობის აკრძალვას, - რომელიც სასწრაფოდ უნდა აღსრულდეს. ადამიანები, რომლებიც კოვიდ-დადებითები არიან, მაინც უნდა იყონ თვითიზოლაციაში, მაგრამ ესეც სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, პრემიერისა და ჯანდაცვის საკითხებში მისი თანაშემწის თქმით და მინიშნებებით.  

 

19 იანვარი

ომიკრონი და პანდემიის დასასრული: იმის მიუხედავად, რომ ადამიანები მალე დაიწყებენ ბუნებრივი იმუნიტეტის გამომუშავებას სწრაფად გავრცელებადი და ძალიან გადამდები ომიკრონის წინააღმდეგ, ენტონი ფაუჩის თქმით, მაინც ადრეა იმის ვარაუდი, რომ ამ ვარიანტმა, შესაძლოა, დაამთავროს COVID-19 პანდემია. 

ორშაბათს ენტონი ფაუჩის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარ მრჩეველს პანდემიის დარგში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან დაუსვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა ეს ვირუსი მალე გახდეს ენდემური - ისევ ცირკულირებდეს, მაგრამ საზოგადოების ცხოვრებაში ნეგატიურ მოვლენებს არ იწვევდეს.  

“იმედი მაქვს, ასეც იქნება,” - თქვა მან. “მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუკი ახალ ვარიანტს არ მივიღებთ, რომელიც მარტივად დაუსხლტება ადამიანის იმუნიტეტს.”

ფაუჩის თქმით, COVID-19 პანდემიის საკითხი ჯერ კიდევ ღიად დგას. “პასუხი ასეთია: ჯერ არ ვიცით, რა მოხდება,” - თქვა მან.

 

15 იანვარი

ნაჭრის ნიღბები: პარასკევს C.D.C.-მ განაცხადა, რომ ნაჭრის ნიღაბი ისე ვერ იცავს, როგორც ქირურგიული ნიღბები ან რესპირატორი.

მაშინ, როცა საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, C.D.C.  პირველად შეეხო ამ საკითხს და დამატებით ახსნა სხვადასხვა ტიპის ნიღბებს შორის განსხვავებები. 

უფრო მკაცრი გაფრთხილება ომიკრონით გამოწვეულ აფეთქებას ეხება. ზოგი სპეციალისტის თქმით, ნაჭრის ნიღბები არ არის ადეკვატური დაცულობა ამ ვარიანტისგან, და მათი აზრით, საზოგადოების გაფრთხილება აუცილებელი იყო.

 

13 იანვარი

კომპენსაცია: ესპანეთის რეგიონულმა სასამართლომ ცენტრალურ მთავრობას მოსთხოვა, რომ კომპენსაცია გადაუხადონ ფრონტის წინა ხაზზე მყოფ ექიმებსა და სამედიცინო სფეროში დასაქმებულ მუშაკებს, რომლებსაც პანდემიის დასაწყის ეტაპზე არ ჰქონდათ დამცავი ნიღბები, ხალათები და ქირურგიული ხელთათმანები.

გადაწყვეტილება ვალენსიაში, აღმოსავლეთ ესპანეთში, არსებულმა სასამართლომ მიიღო. გადაწყვეტილების საფუძველი იყო ექიმებისა და ექთნების მიერ დაწყებული საჩივრები იყო, რომლებიც აცხადებდნენ, რომ 2020 წლის დასაწყისში, როდესაც პანდემია გამოცხადდა, მათ არ ჰქონდათ საკმარისი სამედიცინო აღჭურვილობა და იძულებულნი იყვნენ, საკუთარი, მწირი რაოდენობის, აღჭურვილობა გამოყენებინათ.

სამედიცინო სფეროს ზოგმა მუშაკმა საკუთარი სამუშაო “კამიკაძის” საშიშ საქმეს შეადარა. 

 

11 იანვარი

ჰოსპიტალიზაცია: ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰოსპიტალიზებულების რაოდენობამ გასული ზამთრის პიკს გადააჭარბა. მართალია, ეს ვარიანტი ნაკლებ საშიშია, მაგრამ მაინც იწვევს სისტემის გადატვირთვას და თავისი გავლენით აბალანსებს ამ ვარიანტის ცუდ გავლენას სისტემაზე.

სადაზღვევო კომპანიები და COVID-19 ტესტერები: გუშინ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ვალდებულები იქნებიან დააფინანსონ რვა სახლში ჩასატარებელი COVID-19 ტესტერის ღირებულება.

ა.შ.შ. ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის განცხადებით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გარკვეულ აფთიაქებში მიიღონ ტესტერები, ჯიბიდან გადახდის გარეშე; თუკი რამე შეფერხება ექნებათ ამ მიმართულებით, შეუძლიათ საჩივარი დაწერონ კომპანიის წინააღმდეგ.

 

8 იანვარი

COVID-19 ინფექცია და დიაბეტი: C.D.C.-ის ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც COVID-19 ინფექციისგან გამოჯანმრთელდნენ, I და II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ არიან.

ბავშვები და COVID-19: C.D.C.-მ გასულ პარასკევს გამოაქვეყნდა მონაცემები, რომლის თანახმადაც ჰოსპიტალში მიღებული COVID-19 დადებითი ბავშვების რაოდენობა იმატებს და პანდემიის დასაწყისიდან ყველაზე მაღალია.

ბავშვებს შორის არიან 4 წლისა და უმცროსი ასაკის პედიატრიული ჯგუფი, რომლებისთვისაც ვაქცინაცია ჯერ არ არის დაშვებული. მათ შორის არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც სხვა მიზეზების გამო მოხვდნენ კლინიკაში, ტესტი ჩაუტარეს და COVID-19 დადებითები აღმოჩნდნენ.

როშელ ვალენსკიმ, CDC-ს დირექტორმა, პარასკევის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯერ-ჯერობით არ არსებობს ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ ინფექცია მწვავეა ამ ასაკობრივ ჯგუფში, ამ ტალღის ფარგლებში.

 

7 იანვარი

მენსტრუაცია და COVID-19 ვაქცინები: დაახლოებით ერთი წლის წინ, - მას მერე, რაც ახალი კორონავირუსის ვაქცინები გახდა ხელმისაწვდომი, ქალებმა შენიშნეს, რომ COVID-19 ვაქცინებს მენსტრუაციის ციკლზე გარკვეული გავლენა ჰქონდა. ზოგი ქალი ამბობდა, რომ მენსტრუაცია ცოტა გვიან დაეწყო. ზოგის თქმით, აცრის შემდეგ სისხლდენა უფრო ჭარბი ან/და ტკივილიანი იყო. 

კვლევაში, რომელიც 6 იანვარს გამოქვეყნდა ჟურნალ Obstetrics & Gynecology-ში, ნათქვამია, რომ მენსტრუალური ციკლი ნამდვილად შეცვალა კოვიდ ვაქცინებმა. კვლევის ავტორებმა აღნიშნეს, რომ იმ ქალებს, რომლებმაც COVID-19 ვაქცინა მიიღეს, უფრო დიდხანს ჰქონდათ ციკლი, ვიდრე მათ, ვისაც  COVID-19 ვაქცინა არ მიუღია. 

თვით სისხლდენის დღეები არ იყო ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივი, მაგრამ მენსტრუაცია, საშუალოდ, ერთი დღით გვიან დაიწყო და 28-დღიანი ციკლი 29-დღიანი გახდა. ციკლი ჩვეულებრივ ნორმას 1-2 თვეში დაუბრუნდა და სპეციალისტების თქმით, ეს გავლენა სამედიცინოდ საშიში ან საგანგაშო არ არის. 

 
6 იანვარი

იტალია: ომიკრონის ვარიანტის გავრცელებასთან დაკავშირებით, იტალიის მთავრობამ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა.

C.D.C.: ა.შ.შ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა 12-17 წლის მოზარდებისთვის Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ბუსტერ დოზას რეკომენდაცია გაუწია; მიზეზად კი მოზარდებსა და ბავშვებში ომიკრონით გამოწვეული ინფექციის ზრდა დასახელდა.

 

5 იანვარი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი კორონავირუსის საფრანგეთში ნაპოვნი ვარიანტი საგანგაშო არ არის. ახალი ვარიანტი B.1.640.2 პირველად ოქტომბერში აღმოაჩინეს და მონაცემების ბაზა Gisaid-ზე 4 ნოემბერს აიტვირთა. მას მერე მხოლოდ 20 ნიმუშის სექვენირება მოხდა, მათ შორის, მხოლოდ ერთის - დეკემბერში. 

აბდი მაჰმუდმა, W.H.O.-ის კოვიდ ახალი ამბების მენეჯერმა, ჟურნალისტებს ჟენევაში განართულ პრესკონფერენციაზე უთხრა, რომ ახალი ვარიანტი ორგანიზაციის დაკვირვების ქვეშ ჯერ კიდევ ნოემბრიდანაა, თუმცა, მას მერე ის დიდად არ გავრცელებულა.

“არადა, მას ბევრჯერ ჰქონდა ამის შანსი,”- თქვა მან. 

The New York Times წერს, რომ ომიკრონი უფრო "მსუბუქია." იწვევს:

1) ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას;
2) ჰოსპიტალიზებულებს უფრო მსუბუქი დაავადება აქვთ;
3) სიკვდილიანობაში ზრდა ჯერ არ შეინიშნება.
 
იერუსალიმი - შებას სამედიცინო ცენტრმა თელავივში, რომელიც ახალი კორონავირუსის Pfizer-BioNTech-ის წარმოებულ ვაქცინის მეოთხე დოზის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას სწავლობს, გუშინ გამოაცხადა, რომ მეოთხე დოზამ ხუთჯერ გაზარდა ანტისხეულების რაოდენობა მიმღების ორგანიზმში. 

შებას სამედიცინო ცენტრის პრესსპიკერის თქმით, კვლევის ფარგლებში მეოთხე დოზა მისცეს 150 ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ინდივიდს, რომლებსაც ვაქცინის მესამე დოზა უკვე ჰქონდათ მიღებული სულ მცირე, ოთხი თვის წინ, და რომელთა სისხლში ანტისხეულების რაოდენობა დაცემული და საკმარისზე დაბალი იყო.

 

4 იანვარი

ახალი ვარიანტი: SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი 2021 წლის დეკემბერს, კამერუნიდან მომავალ მგზავრს, სამხრეთ საფრანგეთში, მარსელის IHU Mediterrannee კლინიკაში დაუდასტურდა. კამერუნიდან დაბრუნებულმა მგზავრმა, სავარაუდოდ, 12 ადამიანი დააინფიცირა ახალი ვარიანტით. 

ვირუსის ახალ მუტანტს, სახელად B.1.640.2, 46 მუტაცია აქვს, და სამეცნიერო სტატიის თანახმად, რომელიც medRxiv-ში გამოქვეყნდა და რომელსაც ჯერ რეცენზია არ გაუვლია, საკმაოდ “ატიპიური კომბინაციაა”. 

ამ სტატიის თანახმად, ახალ ვარიანტს უკვე ცნობილი ორი მუტაცია N501Y და E484K აქვს.  ეს მუტაციები წინა ვარიანტებშიც იყო. მუტაცია N501Y ალფა ვარიანტშიც იყო.  ეს კონკრეტული მუტაცია ეხმარება პათოგენს, უფრო ძლიერად მიებას ადამიანის უჯრედს და ადამიანის ორგანიზმში უფრო სწრაფად გავრცელებაში ეხმარება. 

მუტაცია E484K, რომელიც უშუალოდ სპაიკ ცილაში არსებობს, ეხმარება ახალ კორონავირუსს, გაექცეს და დაემალოს ადამიანის ორგანიზმს, და სავარაუდოდ, ასუსტებს კიდეც COVID-19 ვაქცინების ეფექტურობას. 

ორსულობა და ვაქცინაცია: კვლევის თანახმად, ქალები, რომლებმაც COVID-19 ვაქცინები მიიღეს, არც ნაადრევი მშობიარობის რისკის წინაშე დამდგარან და არც ნორმალურზე პატარა ჩვილები გაუჩენიათ.

C.D.C.-მ, სხვა სამედიცინო ორგანიზაციებთან ერთად, 46 079 ორსულის ისტორია შეისწავლა. ყველა მათგანს მიღებული ჰქონდა Pfizer-BioNTech-ის ან Moderna-ს Covid-19 ვაქცინა 2020 წლის 15 დეკემბერსა და 2021 წლის 22 ივლისს შორის, და მათმა უმრავლესობამ ვაქცინა ორსულობის მეორე ამ მესამე ტრიმესტრში მიიღო. 

ბავშვების ადრეულ დაბადებას ან ჩვილების სხეულის ზომასა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ დადასტურდა. 

ექიმ ჰითერ ლიპკინდის თქმით, რომელიც ამ კვლევის მთავარი ავტორი და იელის  უნივერსიტეტის ჩვილებისა და დედების საკითხების სპეციალისტია, ამბობს, რომ ადრეული მშობიარობის რისკი მაღალია მაშინ, როდესაც ორსულს კოვიდ ინფექცია აქვს.

მეორე დიდი სიკეთე, რითაც ვაქცინირებული ორსულები/მომავალი დედები სარგებლობენ, ექიმ ლიპკინდის თქმით, არის ის, რომ ვაქცინირებული დედები ჩვილების კოვიდ ანტისხეულებს გადასცემენ და იცავენ მათ ინფექციისგან. 

 

3 იანვარი

ორშაბათს, 3 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა დაამტკიცა 12-17 წლის მოზარდებისთვის.

მარეგულირებლებმა ასევე შეამცირეს მეორე და მესამე დოზებს შორის ვაქცინის მიღების შუალედი მოზარდებისთვის, რომელიც ექვსიდან ხუთ თვემდე შემცირდა. 

მარეგულირებლებმა ასევე მისცეს საშუალება 5-11 წლის, იმუნიტეტის პრობლემების მქონე ბავშვებს, მიიღონ მესამე, ბუსტერ, დოზა, მათ შორის მათ, რომლებმაც ორგანოები გადაინერგეს

 

28 დეკემბერი 

იზოლაციის დროის შემცირება: ახალი კორონავირუსის დღიური ახალი შემთხვევების მატებასთან ერთად, ა.შ.შ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ხელმძღვანელობამ [C.D.C.-მ] იზოლაციის პერიოდი 10-დან ხუთ დღემდე შეამცირა. 

იზოლაციის პერიოდის გასვლის შემდეგ ა.შ.შ. მოქალაქეებმა დამატებით ნიღბები უნდა ატარონ, იზოლაციის პერიოდის გასვლიდან კიდევ დამატებით ხუთი დღის განმავლობაში. 

“ომიკრონი ძალიან სწრაფად ვრცელდება და მას აქვს უნარი, შეეხოს ჩვენი ცხოვების ყველა ასპექტსა და სფეროს,” - ამბობს როშელ ვალენსკი, C.D.C.-ის დირექტორი. 

ისრაელი: Covid-19 ვაქცინის მეოთხე დოზის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესწავლას იწყებს.  კვლევა თელავივში, შებას სამედიცინო ცენტრში მოხდება.
 

27 დეკემბერი

ენტონი ფაუჩიმ, ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მნიშვნელოვანმა სპეციალისტმა ინფექციური დაავადებების მართვის სფეროში, გუშინ აღნიშნა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ომიკრონი უფრო მსუბუქ დაავადებას იწვევს, არ გამოტახავს სრულ ჭეშმარიტებას ახალი კორონავირუსის ამ ვარიანტის შესახებ. მისი თქმით, ვარიანტის სწრაფი გავრცელების უნარიდან გამომდინარე, ის მასშტაბურ აფექთებასა და ჰოსპიტალიზებას გამოიწვევს მათში, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულები და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას გადატვირთავს.

ABC-ს გადაცემა “This Week”-თან საუბარში ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ახალი მონაცემები შოტლანდიიდან, ინგლისიდან და სამხრეთ აფრიკიდან ცდილობს, შეავსოს ინფორმაციული დანაკლისი, თუმცა, მისივე თქმით, ადრეული მონაცემები ომიკრონის პორტრეტის მხოლოდ ფრაგმენტებია და სრული სურათი ჯერ არ ჩანს.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ ომიკრონმა დაჩრდილა დელტა ვარიანტი და გადაასწრო მას როგორც ა.შ.შ.-ში, ასევე სხვაგან.

“მართალია, მონაცემები უკვე გვაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან - რომ ომიკრონით გამოწვეული დაავადების სიმწვავე ნაკლებია - თუმცა, ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ შეფასებებში და ადრეული მონაცემები არ მივიღოთ, როგორც სრული სურათი.”

ფაუჩის თქმით, ეს ვირუსი მაინც დააინფიცირებს მილიონობით აუცრელ ადამიანს. ისინი არიან ყველაზე სუსტები მის წინაშე. 

გასულ კვირას ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ისინი, ვინც ომიკრონით დაინფიცირდენენ, 60 პროცენტით ნაკლებად საჭიროებდნენ ჰოსპიტალიზებას ვიდრე ისინი, რომლებიც დელტათი დაინფიცირდნენ. მეორე კვლევამ, რომელიც ლონდონის იმპერიალ კოლეჯში ჩაატარეს, დაახლოებით იგივე დაამტკიცა: ომიკრონით დაინფიცირებული ადამიანები 15-20 პროცენტით ნაკლებად საჭიროებდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და 40 პროცენტით ნაკლებისთვის იყო საჭირო ჰოსპიტალიზება.

ამ იმედისმომცემი მონაცემების მიუხედავად, ფაუჩის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის სრულად ვაქცინაციის დაბალი დონე - 62 %  ამ ვირუსის სასარგებლოდ იმუშავებს. 

 

24 დეკემბერი

ახალი მონაცემები დიდი ბრიტანეთიდან აჩვენებს, რომ ბუსტერ დოზების ეფექტურობა სიმპტომური ინფექციის წინააღმდეგ, რომელსაც ომიკრონი იწვევს, 10 კვირის შემდეგ მნიშვნელოვან შესუსტებას იწყებს.

რამდენიმე კვირაში, მას შემდეგ, რაც ომიკრონი აღმოაჩინეს, ბევრი კვლევა აჩვენებდა, რომ ახალ ვარიანტს შეუძლია  დაემალოს იმ ანტისხეულებს, რომლებიც ვაქცინაციის ან კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ ჩნდება ადამიანის ორგანიზმში.  

კვლევაში ჩართული იყვნენ ისეთი პირები, რომლებმაც მიიღეს ასტრაზენეკას, პფაიზერისა და მოდერნას ვაქცინები, - როგორც პირველი ორი დოზა, ასევე ბუსტერები - რომლებიც ნაკლებად ეფექტური იყო ომიკრონის წინააღმდეგ და უფრო სწრაფად მიილია, ვიდრე დეტლა ვარიანტის შემთხვევაში. 

ვისაც ასტრაზენეკას ორი დოზა ვაქცინა ჰქონდა მიღებული და შემდეგ რომელიმე mRNA ვაქცინა მიიღო - ან პფაიზერის ან მოდერნას წარმოებული, მიღებიდან 2-4 კვირის განმავლობაში 60 პროცენტით იყვნენ დაცულები. ათი კვირის შემდეგ პფაიზერის ბუსტერ დოზის ეფექტურობა 35 პროცენტი იყო. ცხრა კვირის შემდეგ მოდერნას ბუსტერის ეფექტურობა 45 პროცენტი იყო.

პირებში, რომლებსაც პფაიზერის სამი დოზა ჰქონდათ მიღებული, ერთი კვირის შემდეგ ეფექტურობა 70 პროცენტი იყო, ათი კვირის შემდეგ კი 45 პროცენტი გახდა. პფაიზერის ორი დოზის მიმღებებს, რომლებმაც ბუსტერად მოდერნა მიიღეს, ბევრად უკეთ ჰქონდათ იმუნური სტატუსი; მათი ბუსტერის ეფექტურობა 75 პროცენტი იყო ცხრა კვირის შემდეგაც კი. 

 

23 დეკემბერი

მეორე ანტივირუსული აბი: ა.შ.შ სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] COVID-19-ის სამკურნალოდ მეორე ანტივირუსული აბი საგანგებო რეჟიმში დაამტკიცა.

აბს მოლნუპირავირი ჰქვია და მას ფარმაცევტული კომპანია “მერკი” აწარმოებს. 

მოლნუპირავირი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებისთვის უნდა გამოიყენონ, რომლებსაც ინფექციის გამწვავების, - მათ შორის ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის, მაღალი რისკები აქვთ.

აბი მხოლოდ რეცეპტით გაიცემა და მისი მიღება COVID-19 დიაგნოსტირებიდან 5 დღის განმავლობაში არის რეკომენდებული.

მოლნუპირავირი 18 წელზე უმცროსი ასაკის მოქალაქეებისთვის არ არის დაშვებული, რადგან მან, შესაძლოა, ძვლის სისტემის ზრდას შეუშალოს ხელი. 

საქართველო:  COVID-19 ვაქცინის მეორე დოზიდან ბუსტერ [მესამე] დოზის მიღებამდე ვადა ხუთიდან სამ თვემდე შემცირდა.

მეოთხე დოზა: ისრაელის მთავრობა ჯერ კიდევ ფიქრობს, დაუშვას თუ არა COVID-19 ვაქცინის მეოთხე დოზა, მოქალაქეების მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის და არა ყველასთვის. ეს ამბავი დღეს უნდა გადამწყდარიყო.

მეოთხე დოზის რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულმა სპეციალისტთა პანელმა გასცა. ახლა ჯანდაცვის სამინისტროს ჯერია, გაითვალისწინებს თუ არა ამ რეკომენდაციას და მისცემს თუ არა მას რეგულირების სახეს.
 
მეცნიერთა მეორე ნაწილი, მათ შორის ნაწილი ისრაელიდან, ფიქრობს, რომ მეოთხე დოზაზე ნებართვის გაცემა ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა და სამეცნიერო მონაცემებს არ ეფუძნება. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ამდენი დოზის მიღება იმუნიტეტს გადატვირთავს და "გადაღლის," და შეასუსტებს ორგანიზმის უნარს თვითონ გასცეს დამოუკიდებელი იმუნური პასუხი ამ პათოგენს.

 

22 დეკემბერი

სამკურნალო საშუალებები:  ა.შ.შ. სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] დღეს დაამტკიცა პირველი აბი COVID-19-ის სამკურნალოდ - პაქსლოვიდი, რომელიც ძალიან ეფექტურია მწვავე დაავადების პრევენციის თვალსაზრისით.

აბს ფარმაცევტული კომპანია “პფაიზერი” აწარმოებს და ის 12 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის დაიშვა. აბი იქნება ისეთი პაციენტებისთვის, რომლებიც მწვავე დაავადების განვითარების რისკის ქვეშ არიან და აქვთ ისეთი თანმდევი დაავადებები, როგორიცაა სიმსუქნე ან დიაბეტი. 

“პფაიზერის” ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს აბი, სავარაუდოდ, ომიკრონის წინააღმდეგაც იქნება ეფექტური.

მკურნალობის რეჟიმი ითვალისწინებს 30 აბის მიღებას 5 დღის განმავლობაში. პაციენტები მიიღებენ ორ აბ პაქსლოვიდს და ერთ აბ რიტონავირს, კომბინაციაში, რომელიც H.I.V.-ის სამკურნალოდ გამოიყენება.

მონოკლონური ანტისხეულები: ჰოსპიტლები და ფარმაცევტული კომპანიები ა.შ.შ.-ში, ასევე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ ერთი საგონებლის წინაშე არიან: სამი სახეობის მონოკლონური ანტისხეულიდან ორი, რომელთაც COVID-19 პაციენტების სამკურნალოდ იყენებდნენ, სავარაუდოდ, არ მუშაობს ომიკრონ ვარიანტის წინააღმდეგ. 

დარჩენილი ერთი სახეობის მონოკლონური ანტისხეული, რომელიც მუშაობს ომიკრონის წინააღმდეგ, დეფიციტშია: ექიმებსა და კლინიკებს ის საკმარისი რაოდენობით არ აქვს.

აქამდე მონოკლონური ანტისხეულები საიმედო მკურნალი იყო ახალი კორონავირუსის ინფეექციისგან: ისინი იცავდნენ პაციენტს მწვავე დაავადებისგან და კლინიკაში მოხვედრისგან. 

ამერიკულ გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმზის” ინფორმაციით, კლინიკები ნიუ-იორკში, მათ შორის ერთ-ერთი დიდი სისტემა - მაუნთ საინაი, აპირებს შეწყვიტოს პაციენტებისთვის ორი აქამდე ყველაზე ხშირად-გამოყენებული მონოკლონური ანტისხეულების მიცემა, რომელთა მწარმოებლები არიან კომპანიები - Eli Lilly და Regeneron. 

მეოთხე დოზა: ისრაელი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელიც 60 წლისა და უფროსი ასაკის, იმუნიტეტის პრობლემების მქონე მოქალაქეებს  და ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ მუშაკებს COVID-19 ვაქცინის მეოთხე დოზას შესთავაზებს, რათა ომიკრონის გავრცელება მეტად დაარეგულიროს.

ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სპეციალისტთა პანელის გადაწყვეტილებით, რომელმაც ეს რეკომენდაცია გუშინ გასცა, მეოთხე დოზის მიღებას შეძლებენ ისინი, რომლებმაც უკვე მიიღეს მესამე დოზა. შუალედი მესამე და მეოთხე დოზას შორის უნდა იყოს, სულ მცირე, ოთხი თვე.

პანელმა ასევე გასცა რეკომენდაცია მეორე და მესამე დოზებს შორის ვადის ხუთი თვიდან სამ თვემდე შემცირებაზე.

საქართველო: თამარ გაბუნიამ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, მედია ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში „ომიკრონის“ შტამის 24 შემთხვევა დადასტურდა. ყველა სხენებული შემთხვევა დაკავშირებულია ორშაბათს გამოვლენილ პირველ ორ შემთხვევასთან. გაბუნიას თქმით, ყველა პირი ვაქცინირებულია და ინფექციის მიმდინარეობის თვალსაზრისით პაციენტების სტატუსი არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის.

 
 
21 დეკემბერი

ა.შ.შ. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირის კონტაქტია, რომელიც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, COVID-19 დადებითი აღმოჩნდა.

თეთრი სახლის პრეს-მდივნის ინფორმაციით, ბაიდენი ამ ოფიციალური პირს, - ჯენ პსაკის, თვითმფრინავში შეხვდა, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, სამხრეთ კაროლინიდან პენსილვანიაში მოგზაურობის დროს. პრეზიდენტის ახლო კონტაქტი იყო ვაქცინირებული და ბუსტერ დოზაც ჰქონდა მიღებული, სიმპტომები კი ორი დღის შემდეგ გამოუვლინდა და ორშაბათ დილით, ტესირების შემდეგ, დაუდასტურდა COVID-19 ინფექცია. 
 
 

20 დეკემბერი

შობამდე 5 დღით ადრე, როცა ყველას ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების იმედით ჰქონდა, ომიკრონის გამო ევროპის ქვეყნების მმართველი მთავრობები ისევ მკაცრი საზოგადოებრივი შეზღუდვების შემოღებაზე ფიქრობენ. 

დიდ ბრიტანეთში, სადაც ახალი ვარიანტით გამოწვეული ინფექცია სწრაფად ვრცელდება და რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ბორის ჯონსონმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა, რომ სიტუაცია “უკიდურესად მწვავეა,” რადგან ლონდონში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იმატებს. 

გერმანიაში, სადაც მეტი და მეტი ჯანდაცვის სფეროს მუშაკები ინფიცირდებიან ომიკრონით და სადაც ინტენსიური თერაპიის და სასწრაფო დახმარების განყოფილებების შესაძლებლობები პიკს აღწევს, მთავრობა ხვალ გეგმავს შეხვედრას, სადაც განიხილავენ საზოგადოებრივი შეკრებების მოსალოდნელი გამკაცრების შესახებ.

ომიკრონი, მისი აღმოჩენიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, სწრაფად ვრცელდება და უკვე მეორე შობაა მიყოლებით, როდესაც მთავრობებს ლოქდაუნის გამოცხადება და შიდა და საერთაშორისო მგზავრობისა და გადაადგილების შეზღუდვა უწევთ. მთავრობები, ამავე დროს, აჩქარებენ ვაქცინების ბუსტერ, ანუ მესამე დოზის მიღების ზომებს, ვინაიდან სამეცნიერო მონაცემები ადასტურებს, რომ მხოლოდ ორი დოზის მიღება საკმარისი არ არის ომიკრონით გამოწვეული ინფექციის შესაჩერებლად.

ომიკრონთან დაკავშირებული საფრთხეების გამო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაუქმდა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ დავოსში უნდა ჩატარებულიყო.

საქართველოში “ომიკრონის” პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს აღრიცხეს. დაავადებათა კონტროლისა და საზ. ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორის, ამირან გამყრელიძის, თქმით, ორივე შემთხვევაში ინფიცირებულია გახლავთ საქართველოს მოქალაქე. მათგან ერთს აქვს მოგზაურობის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეორეს ახლო აღმოსავლეთში – დუბაიში. გამყრელიძის თქმით, ორივე ინფიცირებული იზოლირებულია და მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. 

ფარმაცევტულმა კომპანია “მოდერნამ” განაცხადა, რომ მათ COVID-19 ვაქცინის ბუსტერ დოზა მნიშვნელოვნად ზრდის ანტისხეულების რაოდენობას ომიკრონით გამოწვეული ინფექციის წინააღმდეგ.

ამჟამად ბუსტერის სახით დაშვებული დოზირება არის 50 მიკროგრამი, რომელმაც, კომპანიის განცხადებით, 37-ჯერ გაზარდა ანტისხეულების რაოდენობა. მთლიანი დოზა - 100 მიკროგრამი კი 83-ჯერ ზრდის ანტისხეულების ოდენობას, ბუსტერის მიღების წინარე მდგომარეობასთან შედარებით [კომპანიისვე მონაცემებიდან გამომდინარე]. 

საშობაოდ ბარები და რესტორნები დროზე ადრე დაიხურება ირლანდიაშიც - საღამო პერიოდი კი სწორედ ყველაზე გადატვირული პერიოდი იყო მთელი წლის განმავლობაში. 20 დეკემბრიდან რესტორნები, ბარები და სხვა საჯარო სივრცეები საღამოს 8 საათის შემდეგ უნდა დაიხუროს. პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინის თქმით, ირლანდიაში ომიკრონის შემთხვევები სწრაფად იმატებს, რაც ამ ქვეყნისთვის რთული პერიოდის დასაწყისს მოასწავებს. 


 

19 დეკემბერი 

ენტონი ფაუჩიმ, ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების დირექტორმა, მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ომიკრონი “განსაკუთრებული” ვარიანტია და მისი აზრით, დიდად სავარაუდოდ, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ ერთ დიდ აფეთქებას გამოიწვევს, განსაკუთრებით არავაქცინირებულ ადამიანებში. 

“ვირუსი განსაკუთრებულია,” - უთხრა ფაუჩიმ CNN-ს, “ყველა წინაზე უფრო ძლიერი და მოხერხებული.”

 

18 დეკემბერი

ნიდერლანდის მთავრობამ შობის წინ მკაცრი ლოქდაუნი გამოაცხადა, რომელიც ომიკრონის გავრცელებას უკავშირდება.  

არა-სასიცოცხლო მნიშნელობის მქონე მაღაზიები, ბარები, სავარჯიშო ცენტრები, სალონები და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები სულ მცირე იანვრის შუა რიცხვებამდე დაიკეტება. ერთ ოჯახს მხოლოდ ორი სტუმრის მიღება შეეძლება, ხოლო დღესასწაულის დღეებში - მხოლოდ ოთხის.

პრემიერ- მინისტრ მარკ რუტეს თქმით, ასეთი მკაცრი ნაბიჯები “გარდაუვალი” იყო.

ევროპის სხვა ქვეყნების მთავრობებიც ამკაცრებენ რეგულაციებს, მასშტაბურად მუტირებული ახალი ვარიანტის - ომიკრონის გამო.


 

17 დეკემბერი

ომიკრონი უკვე არის 77 ქვეყანაში, და ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ახალი კორონავირუსის ნებისმიერი აქამდე არსებული ვარიანტები. დიდ ბრიტანეთში შემთხვევების რაოდენობა ორმაგდება. 

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა აძლევს ომიკრონს ამხელა უპირატესობას, სხვა ვარიანტებთან შედარებით. წინარე მონაცემები, რომლებიც პრეს რელიზის სახით, 15 დეკემბერს გამოქვეყნდა, პირველად გვთავაზოვს მიმოხილვას იმაზე, თუ როგორ მოქმდებს და მუშაობს ომიკრონი ადამიანის ორგანიზმში. ეს მიმოხილვა გარკვეულ მინიშნებას იძლევა იმაზე, რა შეიძლება იდგეს მისი გავრცელების ამ მასშტაბების უკან: ეს, შესაძლოა, იყოს ვირუსის გავრცელება ზედა სასუნთქ გზებში, რაც ჰაერში მეტი კონცენტრაციით ვირუსს ნიშნავს.


 

15 დეკემბერი 

ახალი ლაბორატორიული კვლევები, განსაკუთრებით კი ბუსტერ დოზებთან დაკავშირებით, აჩვენებს, რომ მესამე [ბუსტერ] დოზებს შეუძლიათ გარკვეული დაცვა ახალი და სწრაფად გავრცელებადი ომიკრონ ვარიანტის წინააღმდეგ. 

კვლევევები აჩვენებს, რომ ძლიერად მუტირებული ვარიანტი ომიკრონი მაინც აინფიცირებს ვაქცინირებულ ადამიანებს და ხელახლა მათაც კი, რომლებიც ვირუსის ძველი ვარიანტით იყვნენ დაინფიცირებულები. 

ოთხშაბათს, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრაზე, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ იმუნიტეტის T უჯრედებს ადამიანის ორგანიზმის დასაცავად ძლიერი დამცავი ბარიერის აღმართვა შეუძლიათ, რომელიც პაციენტს დაიცავს მწვავე დაავადებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. 

ამავე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ, პრეზიდენტ ბაიდენის მთავარმა მრჩეველმა კოვიდ პანდემიის დარგში, “მოდერნას” ვაქცინის ეფექტურობის შესახებ რამდენიმე მონაცემი წარმოადგინა. ომიკრონის წინააღმდეგ ორი დოზა საკმარისი არ იყო ანტისხეულების გამოსამუშავებლად, თუმცა, მესამე დოზა აშკარგად ზრდიდა დაცულობის დონეს.

W.H.O.-ს შეხვედრაზე სხვა მეცნიერებმაც წარმოადგინეს მსგავსი შედეგები, რომ როგორც “მოდერნას,” ასევე “პფაიზერის” mRNA ვაქცინები ზრდიდა ანტისხეულების რაოდენობას, რაც საკმარისი იყო ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. 


 

8 დეკემბერი 

Pfizer &  BioNTech-მა წარმოადგინეს მონაცემები, რომლის თანახმადაც მათი ვაქცინის ბუსტერ დოზა მნიშვნელოვან დაცვას სთავაზობდა ახალი კორონავირუსის ახალი ვარიანტით - ომიკრონით გამოწვეული ინფექციის წინააღმდეგ. 

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისეთი ადამიანების სისხლის ანალიზში, რომლებსაც მხოლოდ ორი დოზა ვაქცინა ჰქონდათ მიღებული, ანტისხეულების ნაკლები რაოდენობა ჰქონდათ მათთან შედარებით, რომლებსაც ამავე ვაქცინის ბუსტერ დოზაც მიიღეს. ეს შედეგი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მხოლოდ ორი დოზა არაა საკმარისი “ძლიერი დაცულობის გამოსამუშავებლად,” კომპანიის განცხადებით. 

ეს მოსაზრება საკმაოდ მცირე მოცულობის მონაცემების ანალიზს მოიცავდა - სწრაფი შედეგის მისაღებად კომპანიებმა მხოლოდ 39 სისხლის ნიმუში გააანალიზეს - თუმცა, ეს დადებითი ახალი ამბავი მაინც იყო იმედის მომცემი, საერთო გაურკვევლობის ფონზე. ჯანდაცვის დეპარტამენტი ყოველდღე ახალ 100,000 შემთხვევას აღრიცხავდა, იმატებდა ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიაობა ისევ მაღლა იწევდა ისევე, როგორც დელტა ვარიანტის შემთხვევაში. 

კომპანიებმა მაშინ წარმოადგინეს შეჯამებული მონაცემები, მაგრამ მონაცემები არ გამოუქვეყნებიათ. მათი მონაცემები დაემთხვა სამხრეთ აფრიკულ ლაბორატორიული ექსპერიმენტულ მონაცემებს, საიდანაც გამოჩნდა, რომ ომიკრონი ორი დოზის ძალას საკმაოდ ასუსტებდა. 

 

3 დეკემბერი 

სამხრეთაფრიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ახალი კორონავირუსის ახალი ვარიანტი - ომიკრონი ორჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დელტა ვარიანტი.

ომიკრონის სწრაფი გავრცელება გამოწვეული მისი უნარით, სწრაფად დააინფიციროს ადამიანი და მოატყუოს მისი იმუნური სისტემა.

ომიკრონი სამხრეთ აფრიკაში 23 ნოემბერს აღმოაჩინეს. ახალი შემთხვევების რაოდენობა მეორე დღესვე 35 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი - 16.5  პროცენტიდან 22.4 პროცენტზე ავიდა.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>