≈ თარგმანი ≈
სამმა სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფმა ორ კონტინენტზე დაასკვნა, რომ ომიკრონით გამოწვეული ინფექცია უფრო მსუბუქ დაავადებას იწვევს, ვიდრე ახალი კორონავირუსის წინა ვარიანტები, რაც იმის იმედს იძლევა, რომ ამჟამინდელი შემთხვევების მატება არ იქნება ისეთი კატასტროფული, - შედეგების თვალსაზრისით, ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად.
მეცნიერებმა ომიკრონით გამოწვეული ინფექციის მქონე პაციენტების მონაცემები სამხრეთ აფრიკაში, შოტლანდიასა და დიდ ბრიტანეთში შეამოწმეს. კვლევის შედეგები ჯერ კიდევ ადრეულია, თუმცა ყველა მათგანი იმის მინიშნებას იძლევა, რომ ახალი ვარიანტის გამო ადამიანები ნაკლებად ხვდებოდნენ კლინიკებში.
“იმის გათვალისწინებით, რომ ომიკრონი უკვე ყველგანაა და ასე გადამდებია, უნდა მივიღოთ ეს რეალობა, მაგრამ თუკი ის ნაკლებ მწვავე დაავადებას გამოიწვევს, ეს ძალიან კარგი ამბავია,” - უთხრა “ნიუ იორკ თაიმზს” ნატალი დინმა, რომელიც ატლანტაში ემორის უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკოსია.
მას მერე, რაც ახალი კორონავირუსის ახალი ვარიანტი - ომიკრონი სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს ნოემბერში, მეცნიერები იმის გარკვევას ცდილობენ, იწვევს თუ არა ომიკრონი უფრო მწვავე დაავადებას, სხვა ვარიანტებთან შედარებით და თუკი ასეა, რომელ კონკრეტულ ჯგუფში.
ომიკრონის ბიოლოგიური თავისებურებები მიუთითებს, რომ მას აქვს გარკვეული თვისებები, რომელიც მას პოტენციურად დელტა ვარიანტზე უფრო საშიშს ხდის. დელტა ახალი კორონავირუსის მეორე დომინანტური ვარიანტი იყო, ომიკრონის გამოჩენამდე.
თუმცა, სამი ქვეყნიდან მომავალი მონაცემები, რომ ომიკრონი ნაკლებად იწვევს ჰოსპიტალიზაციას, შესაძლოა, იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობას უკვე აქვს იმუნიტეტი ახალი კორონავირუსის წინაამღდეგ - ნაწილს აცრის, ნაწილს კი ბუნებრივი იმუნიტეტის წყალობით.
ეს მონაცემები იმედისმომცემია, თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ბევრ ქვეყანაში ჰოსპიტლები მაინც გადაიტვირთება ომიკრონის ახალი შემთხვევების გამო, რადგან ეს ვარიანტი მაინც ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, სხვა ვარიანტებთან შედარებით.
“არ მინდა, განგაშის ზარებს შემოვკრა, მაგრამ ეს [ახალი მონაცემები] მოდუნების საბაბი არ უნდა გახდეს”, - უთხრა “ნიუ იორკ თაიმზს” ქრისტინა რამირესმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკოსმა ლოს ანჯელესში.