ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის არაერთი ახალი, ჰიბრიდული ვარიანტი აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, მათი უმეტესობა ამ ეტაპზე შიშის საფუძველს არ იძლევა.
ომიკრონისა და დელტას ჰიბრიდი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში აღირიცხა.
როგორ აღმოაჩინეს ის?
მიმდინარე წლის თებერვალში სკოტ ნგიინი, ვაშინგტონელი მეცნიერი, ლაბორატორიაში კორონავირუსის გენომების ბაზას - GISAID-ს უკირკიტებდა, როდესაც პატარა უცნაურობა აღმოაჩინა.
საფრანგეთში, იანვარში შეგროვებული ნიმუშები ნახა, სადაც დელტასა და ომიკრონის ნაზავი ვარიანტის შესახებ იყო ატვირთული მონაცემები. ფიქრობდა, რომ ძალიან იშვიათ შემთხვევებში ადამიანი, შესაძლოა, ახალი კორონავირუსის ორი სხვადასხვა ვარიანტით დაინფიცირდეს. მაგრამ როცა უფრო დეტალურად გაეცნო მონაცემებს, შენიშნა, რომ მისი დასკვნები არ იყო მართებული.
სახეზე იყო საწინააღმდეგო: ყოველ სინჯში არსებული ვირუსი ორი ვარიანტის კომბინირებულ გენებს შეიცავდა. მეცნიერები ასეთ ვარიანტებს რეკომბინანტებს ეძახიან.
მუტაციის გარკვეული პატერნები და ახალი რეკომბინანტები ნიდერლანდსა და დანიაში აღრიცხეს.
“ამის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩემი თეორია რეალურია,”- უთხრა მან “ნიუ იორკ თაიმზს.”
ექიმმა ნგიინმა მისი დასკვნები ონლაინ ფორუმზე გააზიარა, სადაც მეცნიერები ერთმანეთს უცვლიან ინფორმაციას ახალი ვარიანტების შესახებ.
“საკმარისი მტკიცებულებებია იმის სათქმელად და საჩვენებლად, რომ ეს ყველაფერი რეალურია,” - ამბობს ექიმი ნგიინი.
მართალიც აღმოჩნდა.
“იმავე დღეს, სასწრაფოდ გადავამოწმეთ [ნგიინის] დაშვება და ვარაუდები,” - ამბობს ეტიენ საიმონ-ლორიერი, პარიზში პასტერის ინსტიტუტის ვირუსილოგი. - “და მალევე დავამტკიცეთ, რომ მისი თეორიები სწორია.”
მას მერე, ექიმმა საიმონ-ლორიერმა და მისმა კოლეგებმა რეკომბინანტი ვირუსის არაერთ ნიმუშში აღმოაჩინეს. დროთა განმავლობაში გაყინული ვერსიაც მოიპოვეს და ლაბორატორიაშიც წარმატებით გამოზარდეს ახალი რეკომბინანტი, რომელზეც ახლაც მუშაობენ.
8 მარტს მეცნიერებმა ახალი რეკომბიბანტის პირველი გენომი ატვირთეს მონაცემა ბაზა GISAID-ში.
სად იპოვეს ახალი ჰიბრიდული ვარიანტი?
10 მარტს, ვირუსული სექვენირების საერთაშორისო მონაცემების მიხედვით, ახალი ვარიანტის 33 ნიმუში აღმოაჩინეს საფრანგეთში, რვა - დანიაში, ერთი გერმანიაში და ერთიც - ნიდერლანდში.
ახალი ამბების სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, გენეტიკური სექვენირების კომპანია Helix-მა ორი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოაჩინა. ექიმ ნგიინის თქმით, ის და მისი კოლეგები ცდილობდნენ, ახალი თვალით შეეხედათ მონაცემებისთვის.
არის თუ არა ის საშიში?
თეორიულად, დელტასა და ომიკრონის ჰიბრიდი, შესაძლოა იყოს საგანგაშო. თუმცა, რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისთვის, რო პანიკაში არ ჩავვარდეთ.
“ახალი შფოთის საფუძველი არ გვაქვს,” - ამბობს ექიმი საიმონ ლორიერი.
პირველ რიგში, რეკომბინანტი ძალიან იშვიათი მოვლენაა. მართალია, მისი არსებობა ჯერ კიდევ იანვარში დამტკიცდა, მაგრამ ვირუსს ჯერ არ უჩვენებია გამრავლებისა და განვითარების გეომეტრიული ზრდის მაჩვენებელი.
ექიმ საიმონ-ლორიერის თქმით, რეკომბინანტ ვარიანტის გენომი, წესით, არ მისცემს დასაბამს პანდემიის ახალ ტალღას. ახალი რეკომბინანტის გენეტიკა შემდეგნაირია: მან სპაიკ ცილა ომიკრონიდან წამოიღო, ხოლო სხვა გენომები - დელტადან.
როცა ორგანიზმში შეჭრაზე ვსაუბრობთ, სპაიკ ცილა ყველაზე მნიშვნელოვანია. სპაიკ ცილა არის ანტისხეულებისა და ვაქცინების სამიზნე. ასე რომ, ის დაცვითი სისტემა, რაც ახლა აქვს ადამიანს ახალი კორონავირუსის ერთ-ერთი ვარიანტის - ომიკრონის - წინააღმდეგ, იქნება ეს გადატანილი ინფექცია, ვაქცინები თუ ორივე ერთად - ახალი რეკომბინანტის მიმართაც ეფექტური უნდა იყოს.
“ახალი რეკომბინანტი ვირუსის ზედაპირი დაფარულია ომიკრონის მსგავსი ზედაპირით, ასე რომ, ორგანიზმი მას ისევე ცნობს, როგორც ომიკრონს,” - ამბობს ექიმი საიმონ-ლორიერი.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ომიკრონის განსაკუთრებული სპაიკ ცილა შესაძლოა დაავადების ნაკლები სიმწვავის მიზეზი იყოს. ეს ვარიანტი ცხვირისა და ზედა სასუნთქი გზების არეალში მრავლდება, მაგრამ არ მიდის ღრმად ფილტვებში. შესაძლოა, რომ ახალი რეკომბინანტი სწორედ ასეთი ბუნებისა აღმოჩნდეს.
ექიმ საიმონ-ლორიერი და სხვა მეცნიერები ექსპერიმენტებს ატარებენ იმის გასაგებად, როგორ მუშაობს ახალი რეკომბინანტი უჯრედებზე. რამდენიმე კვირაში ზაზუნებსა და ვირთხებზე ჩატარებული კვლევები მეტ კითხვაზე გასცემს პასუხებს.
“ექსპერიმენტი საკმაოდ ახალია და საკმარისი მონაცემები არ გვაქვს,” - ამბობს ექიმი საიმონ-ლორიერი.
საიდან ჩნდება რეკომბინანტები?
ზოგჯერ ადამიანი, შესაძლოა, კორონავირუსის ორი ვარიანტით ერთდროულად იყოს დაინფიცირებული. მაგალითად, თუკი ხალხმრავალ ადგილას წახვალთ, შესაძლოა, ვირუსი ორი სხვდასხვა ადამიანისგან გადმოგედოთ, ეს ადამიანები კი ორი სხვადასხვა ვარიანტით იყონ დაინფიცირებულნი.
ვირუსის სხვადასხვა ვარიანტმა, შესაძლოა, ერთდროულად ერთი და იგივე უჯრედი დააინფიციროს. როდესაც უჯრედები ახალ ვირუსებს აწარმოებენ, გენეტიკური მასალა ირევა და არსებობს პოტენციალი, გაჩნდეს ახალი, ჰიბრიდული ვირუსი.
ვირუსების რეკომბინირება მეცნიერებაში ახალი მოვლენა არ არის. თუმცა, გენეტიკური ცვლილებების უმრავლესობა, შესაძლოა, ვირუსის ევოლუციური დასრულების წინაპირობაც გახდეს; ახალი ვირუსების გენეტიკური ნაზავი შესაძლოა, ისეთი საშიში აღარ იყოს, როგორც წინა ვარიანტები.
მართლა დელტაკრონს ვეძახით ახალ ვირუსს?
ახალ ჰიბრიდულ ვირუსს მეცნიერები რეკომბინანტ AY.4/BA.1-ს უწოდებენ. შესაძლოა, მალე მას სახელი შეეცვალოს.
მეცნიერთა ჯგუფმა ახალი სისტემა მოიფიქრა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის ახალ განშტოებებს სახელებს არქმევენ. ახალ რეკომბინანტებს ისინი ორასოიან აბრევიატურას ანიჭებენ, რომელიც X-ით იწყება. მაგალითად, XA არის 2020 წლის დეკემბერს გაჩენილი ჰიბრიდი, რომელიც ალფა ვარიანტისა და B.1.177-ის ნაზავია.
ამ პრინციპით, ექიმ ნგიინის აღმოჩენილ რეკომბინანტს, სავარაუდოდ, XD ერქმევა.
8 მარტს ეს პროცესი ცოტათი აირია, როცა ფრანგი მკვლევარების მეორე ჯგუფმა ონლაინ გამოაქვეყნა კვლევა, რაც მათი ანალიზი იყო ახალ რეკომბინანტზე.
ექიმ საიმონ-ლორიერისა და მისი კოლეგების მსგავსად, მათაც გამოაცალკევეს ვირუსი. კვლევას მათ Deltamicron დაარქვეს, რომელიც ჯერ რეფერირებად ჟურნალში არ გამოქვეყნებულა.
ექიმმა ნგიინმა გააკრიტიკა მეცნიერების ეს ჯგუფი იმიტომ, რომ არ მოიხსენიეს საიმონ-ლორიერის ჯფუგი, რომლებმაც პირველად გამოაქვეყნეს ინფორმაცია ახალ რეკომბინანტზე. მან ასევე გააკრიტიკა მეცნიერები სტატიისთვის უცნაური სახელის მინიჭების გამო, რომელიც სასწრაფოდ აიტაცეს ახალი ამბების სააგენტოებმა. აჭრელდა სოციალური მედიაც, სადაც ამბობდნენ, რომ ეს ტყუილი იყო და ახალი ვირუსი ლაბორატორიაში შექმნეს.
“დამაბნეველი სახელები მსუყე ბუდეა კონსპირაციული თეორიებისთვის,” - ამბობს ექიმი ნგიინი.
საინტერესოა, სახელი XD რა სტატუსს შეინარჩუნებს და რამდენად დღეგრძელი იქნება ის ახალ რეკომბინანტთან მიმართებაში.