მეცნიერება

გამქრალი ვარიანტები: რა გვასწავლეს გამა, იოტა და მუ ვარიანტებმა




ახალი კორონავირუსის ვარიანტები, რომლებიც გაჩნდნენ, მაგრამ გლობალურად არასოდეს გავრცელებულან, გვასწავლიან, როგორ ვიყოთ მზად ახალი ვარიანტებისთვის. 

2021 წლის დასაწყისში მეცნიერებმა კოლუმბიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს. ამ ვარიანტს, რომელსაც Mu უწოდეს, რამდენიმე საშიში მუტაცია გააჩნდა, რომელთა საშუალებითაც ის, პოტენციურად, ადამიანის იმუნური სისტემისგან თავის არიდებას შეძლებდა.  

მომავალი თვეების განმავლობაში, Mu მარტივად გავრცელდა კოლუმბიაში და COVID-19 ახალი აფეთქების მიზეზი გახდა. გასული წლის აგვისტოს ბოლოს  Mu არაერთ სხვა ქვეყანაში გავრცელდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ის ახალი კორონავირუსის “საინტერესო ვარიანტების” [variant of interest, VOI] კატეგორიაში ჩასვა. 

“Mu თანდათან გლობალურ გავრცელებას იწყებდა,” - ამბობს ჯოზეფ ფაუვერი, გენომური ეპიდემიოლოგი ნებრასკას უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, რომელიც ახლახან გამოქვეყნებული კვლევის ავტორია

შემდეგ  Mu შესუსტდა. დღეის მდგომარეობით კი ის საერთოდ გამქრალია.

ყოველი გლობალურად დომინანტური ვარიანტის - დელტასა თუ ომიკრონის უკან გამა, იოტა და მუ ვარიანტები დგანან - რომლებმაც ადგილობრივად კი იფეთქეს, მაგრამ არასოდეს გავრცელებულან გლობალურად. ვინაიდან ომიკრონის წარმატების საიდუმლოს გამოცნობა ამჟამად საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტია, გაკვეთილები შედარებით მცირემასშტაბიანი ვარიანტებიდანაც უნდა ვისწავლოთ.

“ვირუსი არასოდეს წყვეტს ადაპტირებასა და განვითარებას,” - ამბობს ჯოელ ვერჰაიმი,  მოლეკულური ეპიდემიოლოგი კალიფორნიის უნივერსიტეტში, სან დიეგოში. “თუ როგორ აკეთებს ამას ესა თუ ის ვარიანტი, იმის გაგებაში გვეხმარება, როგორ მოვემზადოთ მომავლისთვის.” 

მაჩანჩალა ვარიანტების შესწავლამ კვლევისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების შეცდომებს მოჰფინა ნათელი. პანდემიის ადრეულ ეტაპზე ამა თუ იმ ვარიანტის გადადების უნარი უფრო იყო მნიშვნელოვანი, ვიდრე იმუნური სისტემისგან დამალვის თვისება [რაც ვირუსის ორი სხვადასხვა მახასიათებელია].

კვლევამ ასევე ცხადყო, რამდენად მნიშნელოვანია კონტექსტი; ზოგი ვარიანტი მხოლოდ ერთ ლოკაციაშია წარმატებული და სხვაგან საერთოდ ვერ იკიდებს ფეხს. შედეგად, მაინც რთულია თქმა, რომელი ვარიანტი გახდება დომინანტური პირველი აფეთქების შემდეგ, რაც ვარიანტების სიღრმისეულ, თითქმის რეალურ დროში დაკვირვებას, საჭიროებს. 

“გენომური თანმიმდევრობა იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რამდენად საშიშია ესა თუ ის ვარიანტი,” - ამბობს დოქტორი  ვერჰაიმი. “გავრცელების რეალურ პერიოდშიც მნიშვნელოვანია დაკვირვება იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი პოტენციურად საშიში ვარიანტი რეალურად არ გახდა დომინანტური.”

 

 

ცოტა რამ Mu ვარიანტზე 

კორონავირუსი მუდმივად იცვლება და ახალი ვარიანტების უმეტესობა არც საკმარის ყურადღებას იმსახურებს და არც სახელი ეძლევა. ყურადღება რომ მიიქციოს, ახალი ვარიანტი ან მალე უნდა ვრცელდებოდეს ან გენომი ჰქონდეს საინტერესო.

ორივე კატეგორიას აკმაყოფილებდა Mu მაშინ, როცა კოლუმბიაში გავრცელდა. 

“ის რამდენიმე მუტაციას შეიცავდა, რომლებმაც მეცნიერების ყურადღება დაიმსახურა,” - ამბობს მერი პიტრონი, სიდნეის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, რომელიც Mu-ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი იყო. Mu ვარიანტის S ცილის მუტაცია შენიშნეს სხვა დომინანტურ ვარიანტებშიც, მათ შორის ბეტასა და გამაში. 

ახალი კვლევის ფარგლებში, რომელიც ჯერ რეცენზირებად ჟურნალში არ გამოქვეყნებულა, მეცნიერებმა Mu-ს ბიოლოგიური თავისებურებები ალფას, დელტას, გამასა და ორიგინალ ვირუსს შეადარეს. Mu, სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, არც ყველაზე სწრაფად მრავლდებოდა, მაგრამ ყველაზე კარგად შეეძლო იმუნური სისტემისგან დამალვა - ომირკონის გარდა, ყველაზე რეზისტენტული ანტისხეულების მიმართ Mu  იყო, დოქტორ ფაუვერის თქმით. 

Mu-ს გენეტიკური თანმიმდევრობის გაანალიზებით, მეცნიერებმა მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი აღადგინეს. შედეგად დაასკვნეს, რომ Mu სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკაში, 2020 წლის შუა პერიოდში აღმოცენდა. აღმოჩენამდე კი თვეების განმავლობაში ცირკულირებდა.

სამხრეთ აფრიკაში აღებული გენომური კვლევის უმეტესობა “არასრული და ფრაგმენტული იყო,” - ამბობს ჯესი ბლუმი, ექსპერტი ვირუსების ევოლუციაში, რომელიც ფრედ ჰაჩინსონის ცენტრში მუშაობს, სიეტლში. “ხსენებულ რეგიონებში კვლევის დონე რომ უკეთესი ყოფილიყო, Mu-ს შეფასებაც უფრო მარტივი იქნებოდა.” 

Mu სხვა მხრივაც იყო საინტერესო. მისი ერთ-ერთი საგულისხმო მუტაცია [frameshift mutation] კორონავირუსების სხვა ნიმუშებშიც აღმოჩნდა. მეცნიერების თქმით, ეს მუტაცია გენომური თანმიმდევრობის დროს შეცდომა იყო. მეცნიერებმა, მათ შორის, დოქტორმა ფაუვერმა მისი ატვირთვა GISAID-ზე სცადეს, რომელიც ვირუსული გენომების საერთაშორისო ბაზის პლატფორმაა, მაგრამ პრობლემები შეექმნათ. 

ამ გენომურმა შეცდომამ საერთაშორისო პლატფორმაზე Mu ვარიანტის გენომის ატვირთვა და გაზიარება გაართულა. 

“გენომი კვლევის დროს ბარიერს გვიქმნიდა,” - ამბობს დოქტორი ფაუვერი. “კვირების განმავლობაში ვერ მივიღეთ ის ინფორმაცია, რის მიღებასაც სხვა დროს მხოლოდ დღეებს ვანდომებდით.”

[მეცნიერების თქმით, GISAID-ის ხარისხის კონტროლი მნიშნელოვანი კომპონენტია და ეს პრობლემა ამჟამად გამოსწორებულია].

Mu-ს იმუნური სისტემიდან დამალვის უნარითა და სხვა თვისებებით, ის დომინანტური უნდა გამხდარიყო, თუმცა, არ გახდა.  Mu წარმატებული იყო სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, მაგრამ გლობალური დომინაცია ვერ მოიპოვა. 

“ეს, ალბათ, იმიტომ მოხდა, რომ ვირუსი არ აღმოჩნდა ისეთი სიცოცხლისუნარიანი სამხრეთ ამერიკასა და ევროპის პოპულაციაში, როგორც გვეგონა,” - ამბობს დოქტორი პეტრონი.

სავარაუდოდ, ეს იმიტომ მოხდა, რომ Mu-ს უფრო მოხერხებული კონკურენტი გამოუჩნდა: დელტა. 

დელტა იმუნური სისტემისგან ისე ეფექტურად დამალვას ვერ ახერხებდა, როგორც Mu, მაგრამ უფრო გადამდები იყო. 

“შესაბამისად, დელტა უფრო სწრაფად გავრცელდა,” - ამბობს ექიმი ბლუმი. 


 

სწორი ვარიანტი, სწორ დროს 

ვირუსის წარმატებული ვარიანტების კვლევა საქმის მხოლოდ ნახევარია. 

“ვარიანტები, რომლებიც არ ხდებიან დომინატურები, ჭკუის მასწავლებლებია, ოღონდ უარყოფითი გამოცდილებით,” - ამბობს დოქტორი პეტრონი. “ასე ვიგებთ, რამ არ იმუშავა, და სად არის ცოდნის დეფიციტი ვირუსის სიძლიერესთან დაკავშირებით.”

დელტამ იმუნური სისტემისგან კარგად დამალვის უნარის მქონე არაერთ ვარიანტს აჯობა, მათ შორის მუს, ბეტას, გამასა და ლამბდას. 

იმუნური სისტემისგან დამალვის უნარი არ არის ერთადერთი თვისება, რომელიც ამა თუ იმ ვარიანტს ეხმარება სწრაფად გადამდებ ვარიანტებს აჯობოს - ყოველ შემთხვევაში, ეს კონკრეტული თვისება პანდემიის დასაწყისში არ იყო საკმარისი, როცა იმუნიტეტი მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილს ჰქონდა.

ვაქცინაციამ და ინფექციის მრავალმა ტალღამ იმუნური ლანდშაფტი შეცვალა. ამჟამად, როცა იმუნური დაფარვა მაღალია, სწორედ მისგან დამალვის უნარია ახალი ვარიანტების ამჟამინდელი წარმატების წინაპირობა. ეს არის ომიკრონის წარმატების სავარაუდო მიზეზიც.

ერთ-ერთმა ახალმა კვლევამ, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა, აჩვენა, რომ იმუნური სისტემისგან დამალვის უნარის მქონე გამა ისეთ ადგილებში მოძლიერდა, სადაც, კოვიდის პირველი ტალღის დროს, მოსახლეობას იმუნიტეტი უკვე ჰქონდა გამომუშავებული. 

“ახალი ვარიანტის გაჩენა არსებულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ისევე იმ ვარიანტებთან მიმართებაში, რაც მანამდე არსებობდა ან დომინირებდა,” - ამბობს დოქტორი ვერტჰაიმი, ამ კვლევის ავტორი. 

ვირუსის ახალი ვარიანტების წარმატება დამოკიდებულია კონტექსტზე. მაგალითად, ნიუ იორკი შესაძლოა, ყოფილიყო ვარიანტ იოტას აღმოცენების ადგილი, ვინაიდან მისი ნიმუშები 2020 წლის ნოემბერში აღრიცხეს. “მისი კვალი ადრევე არსებობდა,” ამბობს დოქტორი პეტრონი. 

უფრო სწრაფად გადამდები ალფა ვარიანტის გამოჩენის პირობებში, იოტა თვეების განმავლობაში იყო დომინანტური ვარიანტი და საბოლოოდ, გაუჩინარდა. 

მაგრამ კონეკტიკუტის შტატში, სადაც იოტა და ალფა გასული წლის იანვარში გამოჩნდა, საქმე სხვანაირად წარიმართა. “ალფა ძალიან მალე გახდა წარმატებული, მაგრამ იოტამ ვერ იყოჩაღა,” - ამბობს დოქტორი პეტრონი, რომელიც ამ ორი ვარიანტის შესახებ კვლევებს ხელმძღვანელობდა.

იგივე სცენარი მეორდება ომიკრონის სხვადასხვა ქვევარიანტების გავრცელებასთან მიმართებაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ომიკრონის ქვევარიანტი - BA.2.12.1 პირველად ნიუ იორკში აფეთქდა, ხოლო სამხრეთ აფრიკაში მისი ქვევარიანტები - BA.4 და BA.5 ახალი აფეთქების მიზეზი ხდება. 

ეს მეორე მიზეზია გამქრალი ვარიანტების შესასწავლად, ამბობს სარა ოტო, ევოლუციური ბიოლოგი ბრითიშ კოლუმბიის უნივერსიტეტში. ვარიანტი, რომელიც კონკრეტულ დროსა და ადგილს ცუდად მოერგო, შესაძლოა, სხვაგან გამხდარიყო წარმატებული. Mu-ს წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, მისი ადრე გამოჩენა იყო. “შესაძლოა, მაგ დროს საკმარისი ხალხი იყო იმუნიტეტით და Mu-ს არ მიეცა გაფურჩქვნის შესაძლებლობა,” - ამბობს დოქტორი ოტო. 

შემდეგი დომინანტი ვარიანტი, მისივე თქმით, შესაძლოა, იყოს მისი შთამომავალი ან მსგავსი თვისებების მქონე ახალი ვარიანტი - რომელიც მარტივად დაუძვრება ადამიანის იმუნურ სისტემას. 

წინა ვარიანტების შესწავლა ასევე იძლევა ცოდნას იმაზეც, რამ იმუშავა და რამ არ იმუშავა მათი წარუმატებლობის საქმეში. 

ახალი კვლევა, რომელიც გამა ვარიანტზე ჩატარდა, მეტ ინფორმაციას იძლევა იმაზე, რომ საერთაშორისო მოგზაურობების აკრძალვამ, სულ მცირე, ისე, როგორც ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაატარა, სავარაუდოდ გახდა ამ ვარიანტის შეკავების მიზეზი. 

გამა პირველად ბრაზილიაში, 2020 წლის ბოლოს აღრიცხეს. იმავე წლის მაისში ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთაშორისო მოგზაურობა ჰქონდა აკრძალული ბრაზილიიდან, ეს შეზღუდვა კი 2021 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, გამა ვარიანტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წლის იანვარში მაინც აღირიცხა და ათობით შტატში გავრცელდა კიდეც.  

გამა არასოდეს გამხდარა მსოფლიოში დომინანტური და ამ კვლევამ უფრო “სუფთა” სურათი აჩვენა საერთაშორისო მოგზაურობების აკრძალვის საჭიროების კუთხით, - ტატიანა ვასილიევას აზრით, რომელიც მოლეკულური ეპიდემიოლოგია კალიფორნიის უნივერსიტეტში, სან დიეგოში და ამ კვლევის ავტორიც გახლავს.

“როცა საქმე ეხება ისეთ ვარიანტებს, როგორებიცაა დელტა - რამაც დიდი აფეთქება გამოიწვია მთელს მსოფლიოში - რთულია, რეალურ დროში მისი ქცევების თავისებურებების ცოდნა, რადგან ეს მოვლენა ძალიან მასშტაბურია და ძალიან სწრაფად ხდება,” - ამბობს ის.

ჯერ კიდევ მიმდინარე გლობალური პანდემიისა და ცვალებადი ვირუსის პირობებში, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება, გასაგებია, რომ აქცენტები სამომავლო სცენარებზეცაა, ამბობს დოქტორი ფაუვერი. 

მას მერე, რაც მსოფლიოს ყურადღება დელტასა და ომიკრონისკენ მიიმართა, მან და მისმა კოლეგებმა განიხილეს, თუ რამდენად იქნებოდა გამართლებული Mu ვარიანტზე კონცენტრირება. 

“სანამ კვლევას დავიწყებდით, ერთმანეთს ვეუბნებოდით: ‘ვინმეს კიდევ აღელვებს Mu ვარიანტი?’ - ამბობს დოქტორი ფაუვერი. “საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ მაინც არის დრო და ადგილი მაღალი ხარისხის კვლევების ჩასატარებლად, სადაც კითხვებს დავსვამთ ადრეულ საგანგაშო ვარიანტებზე და შევეცდებით იმის გარკვევას, თუ რატომ გაქრნენ ისინი.”

 

 

მასალა ადაპტირდა სტატიიდან The Vanishing Variants: Lessons from Gamma, Iota and Mu

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>