მეცნიერება

რა იციან მეცნიერებმა ბავშვებში ჰეპატიტის უცნაურ შემთხვევებზე




სულ მცირე, 16 ქვეყანასა და ამერიკის შეერთებული შტატების 10 შტატში სხვა მხრივ ჯანმრთელ ბავშვებს ჰეპატიტი აღმოაჩნდათ, რომელიც უჩვეულო ფორმით მიმდინარეობს.

აქამდე ჰეპატიტის ეს ფორმა 200 ბავშვს ჰქონდა ანგარიშის მიხედვით, რომელიც ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა გაავრცელა. 

შემთხვევების ასეთი მცირე ოდენობაც კი უჩვეულოა. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ბრიფინგიდან გამომდინარე, სადაც შემთხვევათა უმეტესობა აღირიცხა აქამდე, პედიატრიულ განყოფილებას ღვიძლის მწვავე მდგომარეობის შემთხვევები ბავშვებში წლის ამ პერიოდში უკვე იმდენი ჰქონდა, რამდენიც მთელი წლის განმავლობაში აქვთ ხოლმე.

ექსპერტების თქმით, ბავშვების უმეტესობა მალე ჯანმრთელდება. არის მწვავე შემთხვევებიც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, შემთხვევათა 10 პროცენტში ბავშვებს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდათ. აქამდე კი, სულ მცირე, ერთი ბავშვი გარდაიცვალა. 

ამ სინდრომის თუ მდგომარეობის მიზეზი უცნობია. მეცნიერები განიხილავენ თეორიას, რომ შესაძლოა, გამომწვევი იყოს ადენოვირუსი. ადენოვირუსის შემთხვევები ბავშვებში სხვა დროსაც არის ხოლმე, თუმცა სტანდარტულ შემთხვევებში ადენოვირუსი ჰეპატიტს არ იწვევს. 

ქვეყნების უმეტესობა ახლა სწავლობს ამ შეთხვევებს. პრობლემის ძირეული მიზეზი კი ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

რა არის ჰეპატიტი?

ჰეპატიტი ღვიძლის ანთებაა, რომელსაც მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ერთ-ერთია ვირუსული ინფექციები; A, B, C, D და E ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსებიც შესაძლოა იყოს ღვიძლის ანთების ერთ-ერთი მიზეზი.

ჰეპატიტი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებამ, სხვადასხვა მედიკამენტებმა ან ტოქსიკურმა ნივთიერებებმა. ავტოიმუნური ჰეპატიტის დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა ღვიძლს ესხმის თავს.

სხვა მხრივ ჯანმრთელ ბავშვებში უცებ მოვარდნილი და მწვავე ჰეპატიტი უჩვეულოა. სწორედ ამის გამოა შემთხვევათა ეს კლასტერი განსაკუთრებთ ყურადსაღები. 


 

სად აღირიცხა ახალი შემთხვევები?

აპრილში, დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ბავშვებში ჰეპატიტის ახალი შემთხვევების შესახებ აუწყა. შემთხვევები უჩვეულო იყო იმიტომ, რომ ისინი სწრაფად გავრცელდა და ექიმებმა მალევე გამორიცხეს ჩვეულებრივი ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსები, როგორც ამ შემთხვევების მიზეზი.  ექიმებმა ეს შემთხვევები ვერც სხვა ისეთ მოვლენებს დაუკავშირეს, როგორებიცაა მოგზაურობა, კვებითი ფაქტორები, საშიშ ქიმიკატებთან შეხება და სხვა რისკები.

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, ბრიტანეთის შემდეგ, მსგავსი შემთხვევები აღირიცხა ავსტრიაში, ბელგიაში, დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ირლანდიაში, ისრაელში, იტალიაში, იაპონიაში, ნიდერლანებში, ნორვეგიაში, პოლონეთში, რუმინეთში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

 

 

რა არის სიმპტომები?

ხშირ შემთხვევაში, ბავშვებს გასტროენტეროლოგიური სიმპტომები გამოუვლინდათ, მათ შორის გულისრევა, დიარეა და კუჭის ტკივილი, რომელსაც კანის ან თვალების გაყვითლება მოჰყვა. მათ ასევე ჰქონდათ ღვიძლის ფერმენტების არანორმალურად მაღალი მაჩვენებელი, რაც ღვიძლის ანთების ან დაზიანების მიმანიშნებელია.

გასტროენტეროლოგიური პრობლემები ბავშვებში ჩვეულებრივი მოვლენაა და განსაკუთრებული შეშფოთების საგანი არ არის ხოლმე. თუმცა, ექიმების თქმით, სიყვითლე კანსა და თვალებზე ღვიძლის პრობლემების უფრო ნათელი ნიშანია. 

“სტანდარტულ შემთხვევაში, ბავშვებს რომ ჰეპატიტი განუვითარდეთ, ამის ალბათობა ძალიან დაბალია,” - ამბობს ექიმი მირა ჩანდი, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს კლინიკური და ახალი დაავადებების მიმართულების დირექტორი. - “თუმცა, მშობლებს ვაფრთხილებთ, რომ ჰეპატიტის ნიშნების, ყველაზე მეტად კი სიყვითლის, გაჩენისას, რომელიც თვალების თეთრ ნაწილში ხდება - ექიმს უნდა მიმართონ.”


 

რა იწვევს მას?

“ამ კითხვაზე პასუხი ერთი მილიონი დოლარი ღირს,” - ამბობს ექიმი ჰენრი შიაუ, რომელიც ბირმინგემში ალაბამას უნივერსიტეტის ბავშვთა კლინიკის ტრანსპლანტოლოგ-ჰეპატოლოგია. “ცოდვა გამხელილი სჯობს - არ ვიცით.”

ერთ-ერთი მთავარი ჰიპოთეზა ის არის, რომ ამ სინდრომების გამომწვევი ადენოვირუსია - ერთ-ერთი ვირუსი, რომელიც გაციების მსგავს სიმპტომებს იწვევს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, 169 შემთხვევიდან სულ მცირე, 74 ბავშვს ადენოვურისი აღმოაჩნდა. ამ ბავშვებიდან 18 ადენოვირუსის ტიპ 41-ით იყო ინფიცირებული, რაც ტიპიურად იწვევს გასტროენტეროლოგიურ და სასუნთქი გზების პრობლემებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში ადენოვირუსის შემთხვევები იმატებს.

არც ეს ახსნაა სრულყოფილი და ყოვლისმომცველი. ყველა მსგავსი სიმპტომების მქონე ბავშვს არ აქვს ადენოვირუსი, და თუკი ვირუსი ღვიძლში ანთებას იწვევს, ეს სიმპტომი იმუნიტეტის პრობლემების მქონე ხალხშია უფრო ხშირი. “ბავშვებში ღვიძლის უკმარისობას ეს მიზეზები არ იწვევს,” - ამბობს ექიმი აარონ მაილსტოუნი, ბავშვების ინფექციური დაავადებების სპეციალისტი ჯონს ჰოპკინსის ბავშვთა ცენტრში. 

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრხოების სააგენტოს განცხადებით, შესაძლებელია, რომ ადენოვირუსის ახალი ვარიანტი გაჩნდა, რომელიც სხვა რისკ-ფაქტორებთან ერთად მუშაობს - როგორებიცაა სხვა პათოგენთან ან შხამიან ნივთიერებასა ან გარემოსთან შეხება - რომელიც უჩვეულოდ მწვავე შედეგებს იწვევს. 

ან, შესაძლოა, ადენოვირუსი უბრალოდ დამთხვევაა. ადენოვირუსი ბავშვებში ჩვეულებრივად არის გავრცელებული. ამ შემთხვევაში რთულია თქმა, ადენოვირუსი იწვევს თუ არა ჰეპატიტის შემთხვევებს თუ ბავშვების უმეტესობა შემთხვევით დაინფიცირდა. “ვიღაც, შესაძლოა, ადენოვირუსით დაინფიცირდა და შემდეგ დაემართა ჰეპატიტი,” - ამბობს დოქტორ მელი. - “მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად მეტი მონაცემები გვჭირდება, რაც ამ ეტაპზე არ გვაქვს.” 


 

უკავშირდება თუ არა ის COVID-19-ს?

ექსპერტების თქმით, შესაძლოა, არა პირდაპირ უკავშირდება კიდეც. 169 პაციენტიდან, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განიხილა, 20 კოვიდ დადებითი იყო. ეს გასაკვირი სულად არაა, რადგან ახალი კორონავირუსი ძალიან გავრცელებულია ბოლო თვეების განმავლობაში. 

არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ ჰეპატიტის ეს შემთხვევები COVID-19 ვაქცინებს უკავშირდებოდეს; “ბავშვების უმეტესობა,” რომლებსაც ხსენებული პრობლემა შეექმნათ, არ იყვნენ ვაქცინირებულნი.

ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის კავშირი მაინც ბოლომდე გამორიცხული არ არის, და ჰეპატიტის შემთხვევევი პანდემიას შესაძლოა, ირიბად უკავშირდება. შესაძლებელია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებმა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა გლობალურად, უფრო მეტი ბავშვი დაიცვა ამ ვირუსისგან. მაგრამ ახლა უკვე, როცა ზომები თანდათან რბილდება და მათი უმეტესობა მოხსნილია, ბავშვები უფრო მეტად არიან ვირუსისთან შეხების საფრთხის წინაშე, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ, რომელიც ჰიპოთეზის ამ ვერსიაზეც მუშაობს.

ეს თეორიაც ამ ეტაპზე მოკლებულია მტკიცებულებებს.

“ამ ეტაპზე, ვერაფერ ხელმოსაჭიდს ვერ ვიტყვით,” - ამბობს დოქტორი შიაუ. 

 

 

 მასალის წყაროა სტატია → What Scientists Know About the Unusual Hepatitis Cases in Children

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>