მეცნიერება

რატომ არის ფენტანილი საშიში?




სამი დღის წინ კიდევ ერთი ახალგაზრდა უცნობი ნარკოტიკით გარდაიცვალა.

“გუშინ ახალგაზრდა ადამიანი იგივე სიმპტომებით ძილში შეეწირა მომწამლავ ნივთიერებას, სავარაუდოდ ფენტანილს. ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?” - დაწერა 1 ივნისს ‘თეთრი ხმაურის მოძრაობის’ აქტივისტმა ნაჯა ორაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.  

თებერვლის ბოლოს, სავარაუდოდ კლუბური ნარკოტიკებით გარდაცვლილი, ოთხი ახალგაზრდის სხეული ექსპერტიზისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადასცა.

ექსპერტიზის ჩატარებიდან ორ თვეზე მეტი გავიდა.  პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზეზით, ექსპერტიზის ოფიციალურ შედეგებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აქვეყნებს.

ერთი კვირის წინ კონფიდენციალურმა წყარომ რუსთავი 2-ს ოთხიდან ორი გარდაცვლილი ახალგაზრდის ექსპერტიზის შედეგები მიაწოდა. სიუჟეტიდან ჩანს, რომ გარდაცვლილი ორი ახალგაზრდის სისხლში 4 სხვადასხვა სახის ნივთიერება აღმოჩნდა, მათ შორის, ფენტანილი.   

 

რა არის ფენტანილი?

ფენტანილი ძლიერი სინთეტიკური ოპიოიდური ანალგეტიკია, რომელიც თავისი მოქმედებით მორფინს ჰგავს, მაგრამ მასზე 50-100-ჯერ ძლიერია.  

ფენტანილი სამედიცინოდ დაშვებულია ძლიერი ტკივილის სამართავად ან ოპერაციის შემდგომი ტკივილების გასაყუჩებლად.  ხშირად ის ქრონიკული ტკივილების მქონე ისეთი პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება, რომლებიც სხვა ოპიოიდების მიმართ რეზისტენტულნი არიან.  

სამედიცინოდ დაშვებული ფენტანილი აქტიურ აგენტად ისეთ პრეპარატებში შედის, რომელთა ბრენდ-სახელებია Actiq®, Duragesic® და Sublimaze®.

შავ ბაზარზე ფენტანილს ბევრი სახელი აქვს: Apache, China Girl, China White, Dance Fever, Friend, Goodfella, Jackpot, Murder 8, TNT, and Tango and Cash.

ექიმის მიერ ფენტანილი ინიშნება ინექციის სახით ან როგორც კანზე დასაკრავი პლასტირი.  ზედოზირება კი იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ამ ნივთიერებას არასამედიცინოდ, არალიზენზირებულ ლაბორატორიებში დამზადებულს, უკანონოდ იძენენ და იყენებენ.

არაფარმაცევტული ფენტანილი ფხვნილის სახით იყიდება, ჰეროინთან ან სხვა ნივთიერებებთან შერეული ან/და ტაბლეტების სახით.


რატომ არის ფენტანილი საშიში?

ოპიოიდის რეცეპტორები ტვინის იმ ადგილებში მდებარეობენ, რომლებიც სუნთქვის სიხშირის რეგულირებაზე არიან პასუხისმგებელნი. ოპიოიდების დიდი დოზებით მიღებამ, მით უმეტეს, ისეთი ოპიოიდისა, როგორიცაა ფენტანილი, შესაძლოა, სუნთქვის უეცარი გაჩერება და შესაბამისად, სიკვდილი გამოიწვიოს.  

ფენტანილის ძლიერი მოქმედება ზედოზირების საფრთხეს ქმნის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მომხმარებელმა არ იცის, რომ აბი ან ფხვნილი, რომელსაც იღებს, ფენტანილს შეიცავს.

ფენტანილი, ისევე, როგორც სხვა ნარკოტიკები, რომლებიც შავ ბაზარზეც იყიდება, ხშირად სხვა ნივთიერებებთან შერეულია ისე, რომ ამის შესახებ მომხმარებელმა არ იცის.  ფენტანილი, რომელიც არალიცენზირებული სახით იყიდება, ხშირად ჰეროინსა და კოკაინს შეიცავს; ეს კი ზედოზირების საფრთხეს ერთი-ორად ზრდის და სიცოცხლეს უფრო მომეტებულ საფრთხეს უქმნის.  


სასწრაფო დახმარება ზედოზირების დროს

წამალი ნალოქსონი, ერთ-ერთი ბრენდსახელით Narcan, ოპიოიდის რეცეპტორების ანტაგონისტია - მათ მოქმედებას ბლოკავს და ნორმალურ სუნთქვას აბრუნებს.  ფენტანილის ზედოზირების დროს პაციენტს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ნალოქსონი, ხშირად დიდი დოზებითაც, რომ ზედოზირების უარყოფითი გვერდითი მოვლენები გააბათილოს.


როგორ მოქმედებს ფენტანილი ტვინზე?

როგორც ჰეროინი, მორფინი და სხვა ოპიოიდები, ფენტანილი ტვინის იმ რეცეპტორებს უერთდება, რომლებიც ტკივილსა და ემოციებზე არიან პასუხისიმგებელნი.  მისი მიღების შემდეგ ტვინში დიდი რაოდენობით გამოიყოფა დოფამინი, რომელიც ეიფორიასა და მოდუნებას იწვევს.   

ფენტანილის ზედოზირების გვერდითი მოვლენები ჰეროინის მოქმედებას ჰგავს და ეიფორიას, ძილიანობას, გულისრევას, დაბნეულობას, ყაბზობას, მოდუნებას, მიდრეკილების განვითარებას, სუნთქვის უკმარისობას, გონების დაკარგვას, კომასა და სიკვდილს იწვევს.


მოარიდეთ ბავშვებს - FDA-ს გაფრთხილება

ამერიკის სურსათისა და წამლისა სააგენტოს [Food and Drug Administration, FDA] განცხადებით, ფენტანილის ბავშვის კანზე მოხვედრაც კი საშიშია და შესაძლოა, სიკვდილი გამოიწვიოს.   

კანზე დასაკრავი პლასტირი, რომელიც ბრენდ-სახელით Duragesic გამოდის, ფენტანილს შეიცავს. თუ ბავშვმა ფენტალინის შემცველი ასეთი პლასტირი ან პირთან მიიტანა ან კანზე წაისვა, მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტი სისხლში ნახშირორჟანგის კონცენტრაციას სწრაფად სწევს მაღლა და სუნთქვით პრობლემებს იწვევს.

FDA-სთვის ცნობილ 32 შემთხვევაში, ბავშვებს ჩაუვარდათ ხელში ფენტანილიანი პლასტირი; აქედან 12 ბავშვი გარდაიცვალა.  

ამ შემთხვევების შემდეგ, FDA-მ ფენტანილის პლასტირის ნარჩენი ისეთი სამედიცინო ნარჩენების სიაში მოათავსა, რომელთა კანალიზაციის წყლით ჩარეცხვაა რეკომენდებული და არა საოჯახო სანაგვე ყუთში მოთავსება, სადაც ის ბავშვებმა ან ცხოველებმა შეიძლება იპოვონ.

მართალია, კანალიზაციის სისტემაში ფენტანილის მოხვედრა გარემოსდაცვით რისკებს ზრდის, მაგრამ  FDA-ს შეფასებით, ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობის რისკები გარემოსდაცვით რისკებს გადასწონის.  

 

                                            - - - - - - - - - - - - - - - 

 

წაიკითხეთ მეტი სხვა კლუბურ ნარკოტიკებზე:

 

1) რა არის MDMA, იგივე (E)ქსტაზი?

2) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია `მეფედრონის` შესახებ 

 

                                           - - - - - - - - - - - - - - -

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფენტანილის მოხმარების ბუმსა და წამლის გაზიარების კრიმინალიზებაზე წაიკითხეთ The New York Times-ზე:

 

  1. They Shared Drugs. Someone Died. Does That Make Them Killers?

  2. 1 Son, 4 Overdoses, 6 Hours


 

 


 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>