მეცნიერება

მაიმუნის ყვავილის აფეთქება - რა ვიცით?




“გარდიანის” ინფორმაციით, ორშაბათს დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის კიდევ რამდენიმე ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ინფექციის ერთ-ერთი მატარებელი ბავშვია, რომელიც, ზოგი მედიის ინფორმაციით, ამჟამად კლინიკაში მკურნალობს. NHS - დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი - ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარს არ აკეთებს. 

ეს მაიმუნის ყვავილის პირველი აფეთქებაა აფრიკის გარეთ: ბოლო დღეების განმავლობაში ის სულ მცირე, 14 ქვეყანაში აღრიცხეს, მაშინ, როცა ჩვეულებრივ, მაიმუნის ყვავილი მხოლოდ აფრიკაში აღირიცხება ხოლმე.

მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსი, რომელიც ძირითადად, ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში ვრცელდება ხოლმე, ისეთ ადამიანებში აღირიცხა, რომლებიც ჩვეულებრივ, არ იყვნენ მოწყვლადნი ამ  ინფექციის წინაშე. 

 

რა არის მაიმუნის ყვავილი?

მაიმუნის ყვავილი ენდემურია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის უფრო მსუბუქი ფორმის ინფექციაა, ვიდრე ყვავილი [smallpox].

ა.შ.შ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილი 1958 წელს აღმოაჩინეს. ის დაავადებების საკვლევ მაიმუნებს შორის გავრცელდა.

 

რა არის სიმპტომები?

მაიმუნის ყვავილი სხეულზე გამონაყარით იწყება. გამონაყარი წითელი წერტილის ფორმისაა, რომელიც თანდათან დიდდება და ჩირქით ივსება. ინფიცირებულ ადამიანებს აქვს ცხელება და ქავილი სხეულზე.

სიმპტომები ვირუსის აღებიდან 6-13 დღის განმავლობაში ჩნდება, ზოგჯერ კი შესაძლოა, სამი კვირის შემდეგად გაჩნდეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ინფექცია შესაძლოა, ორი-ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს და უფრო მწვავედ ბავშვებში გვხვდება.

C.D.C.-ს განცხადებით, მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ “მტკიცებულებებზე დაფუძნებული, უსაფრთხო მკურნალობა” არ არსებობს. სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ [F.D.A.] აფეთქებების კონტროლისთვის და პრევენციისთვის ყვავილის [smallpox] ვაქცინები და ანტივირუსული საშუალებები დაუშვა. 

 

რამდენად გადამდებია ის?

ჩვეულებრივ, მაიმუნის ყვავილი დიდ აფეთქებებს არ იწვევს - წლების განმავლობაში აფრიკაში სულ რამდენიმე შემთხვევაა ხოლმე. ყველაზე დიდი აფეთქება ამერიკის შეერთებულ შტატებში 2003 წელს მოხდა, როდესაც რამდენიმე ათეული შემთხვევა ცხოველებიდან წამოვიდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს აფრიკის გარეთ მაიმუნის ყვავილის პირველი აფეთქება იყო.

1970 წლიდან აფრიკის 11-მა ქვეყანამ გამოავლინა შემთხვევები, ხოლო ადამიანში პირველი შემთხვევა 9 წლის ბიჭში აღრიცხეს, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპიბლიკიდან იყო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე მეტი შემთხვევა ნიგერიაში ხდებოდა ხოლმე: 2017 წელს 500 სავარაუდო და 200 დადასტურებული შემთხვევა აღრიცხეს. 

ვირუსი სხეულის ბიოლოგიური სითხეებით, კანთან შეხებით და სუნთქვის ან ხველების დროს ჰაერში გამოყოფილი წვეთებით ვრცელდება. წელს შემთხვევების უმეტესობა ახალგაზრდა  მამაკაცებში გამოვლინდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ სექსი ჰქონდათ კაცებთან. 

“ინფექციის კვალი გენიტალიებთან ან სხეულის მიმდებარე ტეტირორიაზე გაჩნდა, რაც შესაძლოა იმის მიმანიშნებელია, რომ შემთხვევების გადაცემა ახლო კონტაქტის და სქესობრივი აქტის დროს, კანის მცირე გაკაწვრის დროს, მოხდა,” - განაცხადეს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში პარასკევს. 

 

 

რამდენი შემთხვევა აღრიცხეს, და სად?

ხუთშაბათს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 38 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის, 37-ს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონდა. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2022 წელს პირველი შემთხვევა მასაჩუსეტსის შტატში აღირიცა, ოთხშაბათს. კაცს კანადაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. კანადას ორი მსგავსი შემთხვევა ჰქონდა მიმდინარე წელს. 

არც ერთი აღრიცხული შემთხვევა გარდაცვალებისა ჯერ არ ყოფილა.


 

რით განსხვავდება ეს აფეთქება სხვებისგან?

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აფეთქება დასავლეთ ან ცენტრალურ აფრიკასთან შესაძლო კავშირის გარეშე მოხდა. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პირველი შემთხვევა კაცში აღირიცხა, რომელმაც განაცხადა, რომ სექსი ჰქონდა კაცთან.

 

 

გვაქვს თუ არა სიფრთხილის საფუძველი?

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სქესობრივი აქტის დროს გადადების რისკი ძალიან მაღალია, ხოლო სხვა სახის კონტაქტებიდან გადადების რისკი - უფრო დაბალი.

სიმპტომები, ჩვეულებრივ, მსუბუქია და ადამიანების უმეტესობა კვირების შემდეგ ჯანმრთელდება, მაგრამ ამ ინფექციას გარდაცვალების მაჩვენებელი 3.3 პროცენტი ჰქონდა ნიგერიაში, ბავშვებს შორის, ახალგაზრდა მოზრდილებსა და იმუნიტეტის პრობლემების მქონე ადამიანებში.

 
 
 
♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან -  What Is Monkeypox?
მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>