ამერიკის შეერთებულ შტატებს ყვავილის ვაქცინის მილიონობით დოზა აქვს მომარაგებული, რომელიც ასევე მუშაობს მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგაც.
მაგრამ აფეთქებები სხვა ქვეყნებში მიმდინარეობს - უფრო ევროპაში.
ამერიკის შეერთებული შტატების ვაქცინების მარაგი ორი სახის ვაქცინას მოიცავს, რომელიც F.D.A.-ს განცხადებით, შესაძლოა გამოყენებული იყოს მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგაც, - ა.შ.შ.-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების [C.D.C.] ხელმძღვანელობის განცხადებით.
მარაგი მოიცავს ყვავილის ვაქცინების დაახლოებით 100 მილიონ დოზას. ამ ვაქცინებს გვერდითი მოვლენები აქვთ და იმუნიტეტის პრობლემების გარკვეული მდგომარეობის მქონე ადამიანებს არ უნდა მიეცეს.
შედარებით ახალი თაობის ვაქცინა, სახელად Jynneos, 2019 წელს დამტკიცდა როგორც ყვავილის, ასევე მაიმუნის ყვავილის პრევენციისთვის. C.D.C.-ს დირექტორის მოადგილის, ჯენიფერ მაკქუისტონის თქმით, ამ ვაქცინების 1 000 დოზაზე მეტი არის მარაგში.
მისი თქმით, დოზების რაოდენობა მომდევნო კვირების განმავლობაში მოიმატებს, რადგან კომპანიები უფრო მეტის წარმოებას აპირებენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსის გავრცელების მასშტაბურობა ჯერ კიდევ გაურკვეველია. ორშაბათის მდგომარეობით, ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ მაიმუნის ყვავილის მხოლოდ ერთი შემთხვევა აღრიცხეს მასაჩუსეტსის შტატში და სხვა პაციენტებს ახლა სწავლობენ.
ოკეანის მიღმა სიტუაცია განსხვავებულია.
ორშაბათის მდგომარეობით, აფრიკის კონტინენტის გარეთ, 14 ქვეყანაში 100 შემთხვევა დადასტურდა და ათეულობით შემთხვევას ახლა იძიებენ. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, მოიძიონ ყვავილის ვაქცინების მარაგები, ანტივირუსული მედიკამენტები და პერსონალური დაცვის საშუალებები.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას 31 მილიონი ყვავილის ვაქცინის მარაგი აქვს. ისინი ათწლეულებია, რაც ინახება და შესაძლოა, მათი მოქმედების ძალა შენელებული იყოს.
მაიმუნის ყვავილის ყველაზე დიდი კლასტერი ევროპაში აღრიცხეს, განსაკუთრებით ესპანეთში, რაც მეცნიერებს იმ ჰიპოთეზის განვითარების საშუალებას აძლევს, რომ პირველი აფეთქება სწორედ ამ ქვეყნიდან დაიწყო.
სახელმწიფო უწყებები ესპანეთში აფეთქების ორ ძირითად წყაროს იძიებენ: ერთია გეი პრაიდი კანარის კუნრძულებზე, რომელიც 5 მაისს დაიწყო და დაახლოებით 80 000 ტურისტი მოიზიდა და მეორე - საუნა მადრიდში.
მართალია, ევროპაში გავრცელებული შემთხვევების უმეტესობა ისეთ კაცებში აღირიცხა, რომლებსაც კაცებთან ჰქონდათ სექსი, პოპულაციის სხვა ნაწილიც მოწყვლადია ამ ინფექციის მიმართ.
ატლანტაში ემორის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების სპეციალისტი ბოგუმა ტიტანჯი ამბობს, რომ პასუხისმგებელმა პირებმა “ფართოდ უნდა შეხედონ ამ მოვლენას და საზოგადოების ყველანაირ ჯგუფს მიაქციონ ყურადღება, რომელიც შეიძლება უცებ გამოჩნდეს, როგორც სუსტი და დაუცველი ამ ინფექციის წინაშე.”
დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის პირველი ისეთი შემთხვევები იპოვეს, რომელებსაც საერთოდ არ ჰქონიათ კავშირი დასავლეთ აფრიკასთან და არც კანარის კუნძულების გეი ივენთებთან. რამდენიმე სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ინფექციის გავრცელების პატერნები იქითკენ მიუთითებს, რომ ვირუსი აფრიკის კონტინენტის გარეთ რაღაც პერიოდი მაინც, დამოუკიდებლად, ცირკულირებდა.
მაიმუნის ყვავილი დასავლეთ და ცენტრალური აფრიკისთვის არის ენდემური და მისი განგრძობითი გავრცელება ადამიანების გარკვეულ ჯგუფებს შორის, ენდემურ ტერიტორიასთან გეოგრაფიული კავშირის გარეშე, საკმაოდ უცნაურია.
“როგორც წესი, ჩვეულებრივ ასე არ ხდება: აფეთქებები ენდემურ რეგიონებს გარეთ და ისე, რომ მოგზაურობებს არ უკავშირდებოდეს, არ არის ჩვეულებრივი მოვლენა,” - ამბობს ექიმი ტიტანჯი.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას ყველა გააფრთხილა, რომ ყურადღებით უნდა იყონ, მეორე დღეს კი დაამატა, რომ შტატებში არის საკმარისი ვაქცინები, რომ ამერიკელები დაცულები იყონ. ზოგი სპეციალისტის თქმით, ქვეყნებში მასობრივი იმუნიზაციის კამპანია, სავარაუდოდ, არ იქნება.
არც დიდი აფეთქებებია ასეთი მედია-კამპანიების ძირითადი წინაპირობა.
ინფექციების მართვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებებმა, შესაძლოა, ინფიცირებული ადამიანების ახლო კონტაქტები აცრან. ამ მეთოდის ფარგლებში მხოლოდ კონტაქტებს ცრიან და ასე ცდილობენ იშვიათი დაავდებების აფეთქებების შეჩერება-შენარჩუნებას.
მასობრივი იმუნიზაციის კამპანიები არაა რეკომენდებული, რადგან ყვავილის ძველ ვაქცინას იშვიათი გვერდითი მოვლენები აქვს, როგორიცაა, მაგალითად, გულის კუნთის ანთება.
ეს ვაქცინა ასევე შეიძლება საშიში იყოს იმუნიტეტის პრობლემების მქონე ხალხისთვის, მათ შორის, HIV-ის მატარებელი ადამიანებისთვის. ყვავილის ძველი ვაქცინა, შესაძლოა, ფატალური იყოს ეგზემას დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის.
11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყვავილის ხელახლა აცრების ჩატარება გადაწყვიტა, ყვავილის შესაძლო ბიოლოგიური იარაღის გამოყენებისგან წინასწარი თავდაცვის მიზნით.
“საბოლოო ჯამში, ეს გეგმა მაინც არ განხორციელდა, რადგან ამ ვაქცინას ადამიანების ნაწილში უარყოფითი მოვლენების გამოწვევა შეეძლო,” - ამბობს ბილ ჰანაჟი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩანის სკოლის ეპიდემიოლოგი.
“ვაქცინების გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია,” - დაამატა მან. “მაგრამ როცა მილიონობით ადამიანს ცრი, იქ უკვე შემთხვევების რაოდენობაც იზრდება.”
ვაქცინების ახალი თაობა, როგორიცაა Jynneos, უფრო უსაფრთხო ჩანს დიდი ზომის პოპულაციაში და შესაძლოა, წერტილოვანი ვაქცინაცია იყოს საკმარისი ვირუსის შესაკავებლად. “იმედია სამომავლოდაც მაიმუნის ყვავილი იშვიათი იქნება და შემთხვევების რაოდენობა არ გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში, შერჩევითი ვაქცინაცია საკმარისი იქნება ვირუსის შესაკავებლად,” - ამბობს ექიმი ჰანაჟი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიმუნის ყვავილის პრევენციასთან ერთად, ქვეყანამ ორი მილიონი დოზა ანტივირუსული პრეპარატი ტეკოვირიმატი მოიმარაგა, რომელიც C.D.C.-ს განცხადებით, ყვავილის სამკურნალოდ არის დაშვებული. მარეგულირებელი იმაზეც მუშაობს, რომ ეს მედიკამენტი ინტრავენური ფორმითაც გამოვიდეს.
მაიმუნის ყვავილი ადამიანში პირველად 1970 წელს აღმოაჩინეს, 9 წლის ბიჭში, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აღირიცხა მაშინ, როცა ყვავილი უკვე ითვლებოდა აღმოფხვრილად. მაიმუნის ყვავილის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა, რადგან ყვავილზე ვაქცინაცია, მისი აღმოფხვრილად გამოცხადების შემდეგ, შეწყდა.
2003 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მაიმუნის ყვავილის ათეულობით შემთხვევა აღირიცხა, რომელიც ინფიცირებული ცხოველებიდან მოდიოდა. მართალია, ეს ვირუსი პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს საკვლევ მაიმუნებში, ადამიანებში ის მაინც მღრღნელების გავლით მოხვდა.
ვირუსით ინფიცირებიდან 1-2 კვირაში ადამიანს ეწყება ცხელება, ყელის ტკივილი, ხველება, დაღლილობის შეგრძნება და ქავილი მთელ სხეულზე. კანზე ჩნდება შესამჩნევი გამონაყარი: ჯერ სახეზე, შემდეგ - ხელის გულზე და ტერფების რბილ ნაწილზე, შემდეგ კი მთელს სხეულზე. ნაკაწრები წითლდება, იზრდება და ჩირქისმაგვარი სითხით ივსება.
პატარა ბუშტულები კანზე, რომელიც ყვავილისთვის ყველაზე დამახასიათებელი გამოხატულებაა, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში რჩება და ბოლოს გაქრობას იწყებს. ზოგ პაციენტს, შესაძლოა, ლიმფური ჯირკვლები გაუდიდდეს ყელის არეში, მხრის მიდამოებსა და საზარდულში.
ზოგ შემთხვევაში, გამონაყარი არც ჩანს, რადგან ის გენიტალიებთან ახლოსაა კონცენტრირებული და როგორც წესი, უმეტესად დაფარულია ტანსაცმლით. ვირუსი ასეთ ვითარებაშიც შეიძლება გადაეცეს ფიზიკური კონტაქტის დროს, დაბინძურებული საცვლებით ან თეთრეულით, ტანსაცმლით და სხვა ნივთებით.
ინფიცირებული ადამიანები უნდა იზოლირდნენ და სქესობრივი ქცევებისგან თავი უნდა შეიკავონ მანამ, სანამ იარები არ მოშუშდება და ნაწიბურების ნარჩენები კანს არ მოსცილდება.
ინფიცირებული ადამიანები უნდა მოერიდონ ახლო კონტაქტს იმუნიტეტის პრობლემების მქონე ხალხთან, ორსულებთან და ბავშვებთან, - ყველასთან, ვისაც ვირუსის გართულების მაღალი რისკი აქვს.
ბელგიის მთავრობა კონტაქტების კარანტინს ითხოვს.
ორშაბათს ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, ინფიცირებული ხალხი უნდა მოერიდოს შინაურ ცხოველებთან ახლო კონტაქტს - და არა მხოლოდ ცხოველების ჯანმრთელობის გამო.
“თუ ვირუსი ადამიანიდან ცხოველს გადაეცა, ის ცხოველებში დაიწყებს გავრცელებას და არის რისკი, რომ ინფექცია ენდემური გახდეს ევროპაში,” - აცხადებს ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.
მეცნიერთა ნაწილი წლების განმავლობაში იმაზეც ფიქრობდა, რომ მაიმუნის ყვავილის ხელახალი აფეთქება, შესაძლოა მომხდარიყო - ახლანდელი აფეთქება სრული სიურპრიზი არ ყოფილა.
ყვავილის ბოლო შემთხვევა ადამიანებში 1977 წელს აღირიცხა, ხოლო აღმოფხვრილად ის 1980 წელს გამოცხადდა. ყვავილის იმუნიზაციის პროგრამების დამთავრების შემდეგ, ხალხის ნაწილი ისევ გახდა სუსტი ამ ჯგუფის ვირუსების მიმართ.
პორტუგალიელმა მეცნიერებმა მაიმუნის ყვავილის ვირუსის გენეტიკური სექვენირება 4 მაისს ჩაატარეს. ბიოლოგიური ნიმუში მამაკაცისგან იყო აღებული და არ იყო სრულყოფილი.
აქამდე ცნობილია, რომ ეს შტამი ბიოლოგიურად ახლოსაა ნიგერიიდან დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და სინგაპურში 2018-2019 წლებში გადასულ და იქ აღმოჩენილ შტამებთან.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველივე დადასტურებული შემთხვევიდან აღებული ნიმუში გენეტიკურად 48 საათში გაშიფრა და საჯარო გახადა. ექიმ მაკქუისტონის თქმით, მასაჩუსეტსისა და პორტუგალიის ნიმუშის გენეტიკური თავისებურებები მსგავსი იყო.
“ყველა მინიშნება იქით მიდის, რომ ეს აფეთქება ადამიანიდან ადამიანში გადადებას უკავშირდება,” - ამბობს ის.
მიმდინარე აფეთქების ფარგლებში ჯერ არავინ გარდაცვლილა.
დასავლეთაფრიკულ ვარიანტს უფრო მსუბუქი სიმპტომები აქვს. ის მარტივად არ ვრცელდება და გარდაცვალების მაჩვენებელი 4 პროცენტი აქვს. ცენტრალურაფრიკული ვარიანტის გარდაცვალების მაჩვენებელი 11 პროცენტია, ხოლო თვით ყვავილის - 30 პროცენტი.
შესაძლო ნიშნები, რომ ვირუსის ძალა ან გადადების გზები შეიცვალა, არ არსებობს.
სწრაფად ცვალებადი, RNA-ზე დაფუძნებული კორონავირუსისგან განსხვავებით, მაიმუნის ყვავილის გამომწვევი დიდი DNA ვირუსია, რომელსაც საკუთარი გენეტიკური თანმიმდევრობითი დარღვევებისა თუ გადაცდომების გამოსწორება-კორექცია შეუძლია.
“ვირუსების ეს ოჯახი უფრო სტაბილურია. მაიმუნის ყვავილი ნაკლებად ექვემდებარება მუტაციებს,” - ამაბობს ექიმი რაინა მაკინინტირი, რომელიც სიდნეიში ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრია ავსტრალიაში.
“ძალიან გამიკვირდება, რომ რამე დრამატული ცვლილებები მოხდეს მუტაციის კუთხით, რაც მას უფრო გადამდებს გახდის,” - ამბობს ის.
და ეს არ არის კორონავირუსი.
“ამ ეტაპზე მასობრივი პოპულაციური აფეთქების რისკები არ არსებობს,” - დაამატა მან. “ვირუსი, რამდენადაც აქამდე გვაქვს ინფორმაცია, არ არის ძალიან გადამდები.”
♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან → As Monkeypox Cases Rise, Nations Are Urged to Examine Vaccine Stores