მეცნიერება

ვინ არის დაცული მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ?




მეცნიერების თქმით, ასაკოვანი ხალხს, რომლებიც აცრილები არიან ყვავილის წინააღმდეგ, შესაძლოა, ჰქონდეთ გარკვეული იმუნიტეტი მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგაც. ჯანმრთელი ბავშვები და ზრდასრულები, როგორც წესი, მწვავედ ავად არ ხდებიან. 

თუკი ახალი კორონავირუსის პანდემიისგან დაიღალეთ და მაიმუნის ყვავილის შემთხვევებიც იმატებს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რამდენად ვართ დაცულები ახალი ინფექციის წინაშე? 

პასუხი საკმაოდ მარტივია: ძლიერი იმუნიტეტის მქონე ბავშვები და მოზრდილები დაავადების მწვავე ფორმას გადაურჩებიან - ასე ამბობენ მეცნიერები სხვადასხვა ინტერვიუში. 

გამოიყო ორი მაღალი რისკის ჯგუფი. 

ერთია 6 თვეზე უმცროსი ასაკის ჩვილები. მიმდინარე აფეთქება მათ ჯერ-ჯერობით არ შეხებიათ. უფრო ხანდაზმული მოქალაქეებიც, შესაძლოა, იყონ საფრთხის ქვეშ, მაგრამ გარკვეულწილად მაინც არიან დაცულები ათწლეულების წინ მიღებული ყვავილის ვაქცინით. 

ვაქცინირებული ხანდაზმულები ასევე შეიძლება ინფიცირდნენ, მაგრამ მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები ექნებათ.

“ქვეტექსტი არის ის, რომ ათწლეულების წინ აცრილები, შესაძლოა, ინარჩუნებდნენ ანტისხეულების ძალიან მაღალ რაოდენობას და ვირუსის განეიტრალების უნარს,” - ამბობს ექიმი ლუიჯი ფერუჩი, დაბერების ეროვნული ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი.

“50 წლის წინაც რომ ყოფილიყვნენ ვაქცინირებულები, რაღაც დონის დაცვა მაინც არსებობს,” - თქვა მან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყვავილის რუტინული იმუნიზაცია 1972 წელს შეწყდა. სამხედროების ვაქცინირება 1991 წლამდე  გრძელდებოდა, როგორც თავდაცვის საშუალება შესაძლო ბიოტერორიზმის წინააღმდეგ.

ენტონი სტივენ ფაუჩის თქმით, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი მრჩეველია ინფექციური დაავადებების დარგში, ამბობს, რომ ყვავილის ვაქცინის დაცვის ხანგრძლივობის შესახებ დისკუსია 2001 წელს ჯილეხის გაჩენის შემდეგ გააქტიურდა. მისი თქმით, ვაქცინირებული ადამიანების უმეტესობა დაცულია, თუმცა, “ვაქცინის დაცულობის ხანგრძლივობა სხვადასხვაა და ინდივიდუალურია.”

“იმის გარანტია არ არსებობს, რომ ყვავილის აცრით ვაქცინირებული ადამიანი მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგაც დაცული იქნება,” - ამბობს ფაუჩი.

მაიმუნის ყვავილის შემთხვევები გაიზარდა: მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში უკვე 260 შემთხვევა დადასტურდა და დამატებით შემთხვევებზე გამოძიება 21 ქვეყანაში მიმდინარეობს. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები მაიმუნის ყვავილის 9 შესაძლო შემთხვევის წარმომავლობას სწავლობს. ყველა მათგანს პირდაპირი კავშირი და მოგზაურობის ისტორია არ აქვს იმ ქვეყნებში, სადაც მაიმუნის ყვავილი ენდემურია. 

როშელ ვალენსკიმ, C.D.C.-ს დირექტორმა, ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ამჟამად ა.შ.შ.-ში მაიმუნის ყვავილი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში იყოს გავრცელებული.

მაიმუნის ყვავილის ინფექცია რესპირატორული სიმპტომებით იწყება და შესამჩნევი გამონაყარით გრძელდება, რომელიც ჯერ პირის ღრუში ჩნდება, შემდეგ ხელის გულებსა და ტერფებზე გადადის და თანდათან მთელ სხეულს მოიცავს. გამონაყარი თანდათან დიდდება და ჩირქის მსგავსი სითხით ივსება.

ყოველი ჩირქოვანი პუსტულა ცოცხალ ვირუსს შეიცავს. დაზიანებულ იარას თეთრეულის და სხვა ნივთების დაზიანება შეუძლია და რისკის ქვეშ დგებიან ინფიცირებულების ახლო კონტაქტები. 

ინფიცირებულმა დაუბანელი ხელი თვალებზეც არ უნდა მოიკიდოს: ვირუსს მხედველობის დაზიანება შეუძლია.

“სანამ ედუარდ ჯენერი ყვავილის ვაქცინას განავითარებდა, ყვავილი დაბრმავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო,” - ამბობს მარკ სლიფკა, რომელიც ორეგონის ჯანდაცვისა და მეცნიერების უნივერსიტეტის იმუნოლოგია. ინფიცირებული ადამიანები გადამდებნი არიან მანამ, სანამ პუსტულების თავები არ მოშუშდება და მოძვრება. 

ექიმი სლიფკა და სხვა ექსპერტები ამბობენ, რომ მართალია, მაიმუნის ყვავილი შეიძლება მწვავედ განვითარდეს ადამიანში და ფატალურიც კი იყოს რიგ შემთხვევებში, მიმდინარე აფეთქება დიდ ეპიდემიაში არ გადაიზრდება.

“იღბლიანები ვართ, რომ ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები გვაქვს - ის საშუალებები, რომლებსაც დაავადების შერბილება შეუძლია, “ - ამბობს ანნა რაიმოინი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი  ლოს ანჯელესში, რომელიც აფრიკაში სწავლობდა მაიმუნის ყვავილს. “ვირუსის შესაჩერებელი საშუალებები გვაქვს.”

მაიმუნის ყვავილის სიმპტომები შეყრიდან 12 დღეში იწყება. ამ პერიოდში ექიმებს აქვთ საშუალება, რომ ინფიცირებული აცრან. ვირუსის შეყრის შემდეგ, - პოსტ-ფაქტუმ ვაქცინაციას ამ შემთხვევაში დაავადების დასუსტება შეუძლია. [იგივე სტრატეგია ახალი კორონავირუსის შემთხვევაში არ მუშაობს, რადგან ვირუსი ორგანიზმში მუშაობას ბევრად სწრაფად - ინფიცირებიდან 4-5 დღეში იწყებს]. 

ექიმ რაიმოინის თქმით, ვირუსი სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში არ ვრცელდება. ფრთხილი გამოკვლევა, ინფიცირებულების იზოლაცია, კონტაქტების ძიება და კონტაქტების კარანტინი აფეთქების შემანარუნებელი შეიძლება გახდეს.

ამჟამად ინფიცირებული ადამიანების უმეტესობა 50 წელს ქვემოთ კაცებია, რომლებიც ამბობენ, რომ გეი ან ბისექსუალები არიან. აქედან მიმდინარე, მიმდინარე აფეთქება, შესაძლოა, უკავშირდება კანარის კუნძულებზე ჩატარებულ გეი პრაიდს [ექსპერტების თქმით, ეს აფეთქება, შესაძლოა, ჰეტეროსექსუალებს შორისაც დაწყებულიყო, დიდ ივენთებზე]. 

“ვირუსის გავრცელების საფრთხე ერთი ჯგუფის ადამიანებით არაა შეზღუდული - ის შესაძლოა, ყველას შეეხოს, “- უთხრა ექიმმა ვალენსკიმ ჟურნალისტებს ხუთშაბათს. 

“ჩვენი პრიორიტეტია, ყველას მივცეთ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შანსი, რათა დავიცვათ ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, რომელიც ცნობიერების ამაღლებით და სამეცნიერო აზრის გავრცელებაში უნდა გამოიხატოს და არა სტიგმის ხელშეწყობაში.” 

ამ აფეთქების ფარგლებში აქამდე მაიმუნის ყვავილით არავინ გარდაცვლილა. ექსპერტები განსაკუთრებით ღელავენ ბავშვებზე, ხანდაზმულებზე და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებზე.

ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს გასტანს ყვავილის ვაქცინით გამოწვეული იმუნიტეტი.

C.D.C.-ს სპიკერმა, დეივიდ დაიანგელმა განაცხადა, რომ სააგენტო რეკომენდაციას უწევს ყვავილის ვაქცინას ყოველ სამ წელში ერთხელ, მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც “პროფესიული საქმიანობის გამო არიან ვირუსთან შეხების რისკის ქვეშ.” 

“სანამ მეტი გვეცოდინება, არსებულ ვაქცინებს გამოვიყენებთ მათთვის, რომლებიც ინფიცირებულების ახლო კონტაქტები არიან, ასევე მათთვის, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან, სამსახურის გამო - სამედიცინო პერსონალს, რომლებმაც მაიმუნის ყვავილის პაციენტებს უმკურნალეს,” - აღნიშნა მან.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ ინფიცირებულების ახლო კონტაქტების იმუნიზაცია დაიწყო. 

მოწყვლადი ჯგუფების ნაწილი უკვე დაცულია ამ ინფექციის წინააღმდეგ. კვლევაში, რომელიც ექიმმა სლიფკამ და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს, 306 ვაქცინირებულ მოხალისეს სისხლის ნიმუშები აუღეს. მათი ნაწილი ათწლეულების წინ იყო ვაქცინირებული, 75 წლის წინაც კი. მათ უმეტესობას ანტისხეულების მაღალი რაოდენობა აღმოაჩნდა. 

მეორე კვლევამ, რომელიც ექიმმა სლიფკამ და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ ერთი დოზა ყვავილის ვაქცინის გამოწვეული ანტისხეულების რაოდენობა ძალიან ნელა იკლებდა: 92 წელში ერთხელ ნახევრდებოდა. 

ექიმ ფერუჩისა და ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში [N.I.H.] მისი კოლეგებისა და მეცნიერთა ერთი ჯგუფის თქმით, ანტისხეულების რაოდენობა ათწლეულების განმავლობაში ნარჩუნდება. სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ყვავილის ვაქცინა შესაძლოა, საკმარისი დაცვა იყოს მაიმუნის ყვავილის წაინააღდმეგ. 

ჯიჯი გრონვალის თქმით, რომელიც ბიოუსაფრთხოების ექსპერტია ჯონს ჰოპკინსის ჯანდაცვის უსაფრთოების ცენტრში, თუკი  ყვავილმა გავრცელება დაიწყო, უპრიანი იქნებოდა ყველას იმუნიზაცია, ვისაც ვირუსთან შეხება ჰქონდა, მისი მაღალი ლეტალობის მაჩვენებლის გამო.

“იღბლიანი შემთხვევითობის იმედად ვერ დავტოვებთ მათ, რომლებიც დაუცველია,” - ამბობს ის.

ამ ეტაპზე ეს აუცილებელი არაა. “ეს მაიმუნის ყვავილია [monkeypox] და არა ყვავილი [smallpox].”

ლაბორატორიული მტკიცებულებები არაა საკმარისი იმის სათქმელად ან არგუმენტად, რომ ყვავილის ვაქცინას მაიმუნის ყვავილის წინაშე დაცვაც შეუძლია. ამ კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ, კვლევაში მონაწილეები ნებაყოფლობით უნდა დაინფიცირდნენ ყვავილით ან მისი მონათესავე ვირუსით, რომელიც აშკარად არაეთიკური ექსპერიმენტია.

სწორედ ამ მიზეზით, ყვავილის ახალი ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები მხოლოდ ცხოველებში იცდება.

Dyed skin tissue taken from a lesion on a monkey that had been infected with monkeypox virus.

შეღებილი კანის უჯრედი, რომელიც მაიმუნის ყვავილით ინფიცირებული მაიმუნის ნაიარევიდან აიღეს. Credit: CDC/Via Reuters

და მაინც, ვაქცინების ეფექტურობაზე მონაცემების მოგროვება აფეთქების დროს უნდა მოხდეს. ექიმმა სლიფკამ და მისმა გუნდმა სწორედ ეს გააკეთა 2003 წელს, როცა ათეულობით ამერიკელი დაინფიცირდა მაიმუნის ყვავილით, ცხოველებისგან.

მეცნიერები მილუოკიში ჩაფრიდნენ და სისხლის ნიმუშები აიღეს 28 მოქალაქისგან, რომლებსაც ცხოველებთან ჰქონდათ შეხება. რვა ადრე ვაქცინირებულიდან მხოლოდ ხუთს განუვითარდა კანზე დაახლოებით სამი ჩირქოვანი წარმონაქმნი, ხოლო არავაქცინირებულ ჯგუფში - 33 ადამიანს. 

დანარჩენ სამ ვაქცინირებულს არანაირი სიმპტომი არ ჰქონია. “მათ ვერც კი იგრძნეს, რომ ინფიცირებულნი იყვნენ,”- ამბობს ექიმი სლიფკა. 

მეორე კვლევამ რთ-ერთი აფეთქების დროს ოჯახის ისტორია შეისწავლა. ოჯახში მამა ვაქცინირებული იყო, რომელსაც მხოლოდ სამი ჩირქოვანი კაფსულა განუვითარდა, ხოლო არავაქცინირებულ დედას - 200.  მათ არავაქცინირებულ ექვსი წლის ქალიშვილს 90 პუსტულა ჰქონდა და 12 დღის განმავლობაში კომაში იყო. 

შემთხვევების ზრდასთან ერთად, მაიმუნის ყვავილის ვაქცინების სიძლიერის საკითხი მნიშვნელოვანი ხდება. 

მაიმუნის ყვავილი ნიგერიაში 2017 წელს აფეთქდა ხელახლა, და მას შემდეგ დადასტურებული 200 შემთხვევა და საეჭვო 500 შემთხვევა დაითვალეს.

მიმდინარე წლის დასაწყისში კონგოს დემოკტრატიულ რესპუბლიკაში 58 გარდაცვალება და დაახლოებით 1 300 საეჭვო შემთხვევა დაითვალეს.

აფრიკის ხალხი მაიმუნის ყვავილს ნადირობის დროს ცხოველებიდან იღებდა, მაგრამ იშვიათად აინფიცირებდა სხვებს. ექიმ რაიმოინის თქმით, გადაცემა ბოლო წლებში შეინიშნება, აქამდე კი ასე არ იყო.

ყვავილის აღმოფხვრამ, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, მაინც დატოვა რისკის ქვეშ საზოგადოება მისი ოჯახის სხვა ვირუსების მიმართ. 

2010 წელს ექიმმა რაიმოინმა და მისმა კოლეგებმა საზოგადოება გააფრთხილეს, რომ შესუსტებული იმუნიტეტი, პოპულაციის ზრდა და ველურ ცხოველებთან უფრო მოახლოება მაიმუნის ყვავილის ახალი აფეთქებების წინაპირობა იქნებოდა.

შეუკავებელი და გაუკონტროლებელი აფეთქებები, განსაკუთრებით იმუნიტეტის პრობლემების მქონე ადამიანებში, ვირუსს მუტაციების და მეტი გამძლეობის შანსს მისცემს - როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში. 

“აფრიკის გარეთ ველური გარემო რომ მაიმუნის ყვავილის რეზერვუარი გახდეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ეს სერიოზული საფრთხე იქნებოდა,” - ამბობს ექიმი რაიმოინი. - “ამ შიშს კი ნამდვილად აქვს საფუძველი.”



 

 სტატია ადაპტირდა მასალიდან - Who Is Protected Against Monkeypox? 

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>