კვლევიდან გამომდინარე, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, აღმოჩნდა, რომ სიმსივნის სამკურნალო წამალმა Covid-19 ჰოსპიტალიზებული პაციენტების სიკვდილიანობა გაანახევრა.
წამალი, სახელად საბიზაბულინი, უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე სხვა საშუალებები, რომლებიც კოვიდ პაციენტების სამკურნალოდ არის დამტკიცებული. კომპანია Veru-მ, რომელმაც ეს წამალი აწარმოა, უკვე მიმართა ა.შ.შ.-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას [F.D.A.], ამ წამლის საგანგებოდ დაშვებისთვის კოვიდ პაციენტებში გამოსაყენებლად.
ექსპერტების თქმით, ახალი წამალი კიდევ ერთი საშუალება იქნება ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ.
“ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება ეს ყველაფერი,” - ამბობს ექიმი ილან შვარცი, რომელიც ალბერტას უნივერსიტეტში მუშაობს და ინფექციური დაავადებების სპეციალისტია, მაგრამ არ იყო ჩართული ამ კვლევაში. “სფეროში სხვა სამკურნალო საშუალებები არსებობს, რომლებიც ამცირებენ სიკვდილიანობას, მაგრამ კიდევ ერთი საშუალების დამატება სასიხარულოა.”
ექიმ შვარცის თქმით, საგულისხმო იყო ისიც, რომ კვლევა შედარებით პატარა იყო და მხოლოდ 134-მა პაციენტმა მიიღო წამალი. “საბოლოო ჯამში, კარგი ახალი ამბავია, მაგრამ მირჩევნია, არსებობდეს უფრო დიდი და დამოუკიდებელი, გადამოწმებელი კვლევები,” - ამბობს ის.
საბიზაბულინი უჯრედების გამრავლებას ბლოკავს, რითაც მიკროტუბულების ფორმირებას უშლის ხელს. მიკროტუბულები კი მნიშვნელოვანი მაკავშირებლებია, რომლებიც უჯრედების მოლეკულებს შორის ინფორმაციას ცვლიან.
ეს წამალი თავდაპირველად ტენესის უნივერსიტეტში შექმნეს სიმსივნის უჯრედების წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან სიმსივნის სწრაფად და უკონტროლოდ მზარდი უჯრედული სისტემა სწორედ მიკროტუბულებზეა დამოკიდებული.
ორი წლის წინ მკვლევარებმა კომპანია Veru-ში საბიზაბულინის კოვიდის წინააღმდეგ გამოყენება სცადეს. მათი აზრით, ამ წამალს, შესაძლოა, ვირუსის გამრავლება დაებლოკა, რადგან ვირუსის გამრავლების ჯაჭვიც მიკროტუბულებზეა დამოკიდებული, რომელიც ახალი ვირუსის მთლიანობას უზრუნველყოფს, ასრულებს რა შემაერთებელ ხიდებს უჯრედებს შორის.
მეცნიერების ჰიპოთეზით, ამ წამალს, შესაძლოა, კოვიდ პაციენტებში ფილტვის ანთების პრევენციაც მოეხდინა. ანთება, როგორც იმუნური პროცესი, იწყება მაშინ, როცა უჯრედები ინფექციის საშიშროებას ხედავენ და განგაშის სიგნალს იწყებენ, გამოყოფენ რა ცილებს მათ გარშემო, შედარებით ახლომახლო. უჯრედებმა სიგნალი მიკროტუბულების გარშემო არსებულ მოლეკულებსაც უნდა გადასცენ, რომ საფრთხის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად გავრცელდეს ორგანიზმში.
2020 წლის დასაწყისში მეცნიერებმა ტენესის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სამეცნიერო ცენტრში აღმოაჩინეს, რომ საბიზაბულინმა შეძლო ამ სასიგნალო სისტემის შესუსტება საცდელ ვირთხებში. თვეების შემდეგ Veru-მ წამლის გამოცდა ადამიანებშიც დაიწყო, რომელიც აბის სახით გამოდიოდა.
2021 წლის მაისში ბოლო ფაზის კვლევები დაიწყო. კომპანია კლინიკურ კვლევებში ჩასართავად ისეთ პაციენტებს ეძებდა, რომლებიც უკვე Covid-19 კლინიკაში მოხვდნენ. კვლევაში ჩართვის კრიტერიუმები იყო, რომ პაციენტი საჭიროებდა ჯანგბადს ან/და დამოკიდებული ყოფილიყო ვენტილატორზე. პაციენტები ასევე უნდა ყოფილიყვნენ გარდაცვალების მაღალი რისკის ქვეშ და უნდა ჰქონოდათ ისეთი თანმხლები დაავადებები, როგორებიცაა ჰიპერტენზია, ასაკი და ჭარბი წონა.
ბოლო კლინიკურ კვლევაში 134-მა მოხალისემ მიიღო საბიზაბულინი, ხოლო 70-მა - პლაცებო. 60 დღის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ ორ ჯგუფში მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო: პლაცებოს ჯგუფიდან 45.1 პროცენტი გარდაიცვალა, ხოლო ახალი წამლის ჯგუფიდან - 20.2 პროცენტი. ეს განსხვავება ითარგმნა, როგორც 55.2 პროცენტი სიკვდილიანობის შემცირება.
ექიმ დეივიდ ბულვარის თქმით, რომელიც ინფექციური დაავადებების ექსპერტია მინესოტას უნივერსიტეტში, ამბობს, რომ პლაცებოს ჯგუფში ასეთი დიდი გარდაცვალების მაჩვენებელი შესაძლოა იმიტომ აღირიცხა, რომ ძალიან პატარა კვლევაა და ადამიანების მცირე ოდენობა არ არის საკმარისი დასკვნების გამოსატანად და ობიექტური სტატისტიკის წარმოებისთვის.
“საკონტროლო ჯგუფში 45 პროცენტი გარდაცვალება ძალიან მაღალი მეჩვენება,” - ამბობს ის.
არაერთი ანტივირუსული წამალი ეხმარება Covid-19 პაციენტებს იმაში, რომ კლინიკაში არ მოხვდნენ, თუკი წამალს დაავადების ადრეულ ეტაპზე მიიღებენ. მაგალითად, პაქსლოვიდს ჰოსპიტალიზაციის რისკის დაახლოებით 90 პროცენტით შემცირება შეუძლია არავაქცინირებულ პაციენტებში.
წამლების ნაწილი არ არის ეფექტური უკვე ისეთ პაციენტებში, რომლებიც კლინიკებში მოხვდნენ და ინფექციის საშუალო ან მწვავე ფორმა აქვთ. ეს იმიტომ ხდება, რომ წამლები ვირუსების გამრავლებას ბლოკავენ, მაგრამ ორგანიზმის იმუნური პასუხის რეგულირება არ შეუძლიათ.
ჰოსპიტალიზებული Covid-19 პაციენტების სამკურალოდ ექიმებს უფრო მწირი არჩევანი აქვთ. დექსამეტაზონთან და ბარიციტინიბთან ერთად, ანთების საწინაამღდეგო ტოცილიზუმაბმაც აჩვენა გარკვეული ეფექტები.
აპრილში, როცა Veru-მ კლინიკური კვლევების ადრეული შედეგები გამოაქვეყნა, კომპანიამ თან გამოაცხადა, რომ შეაჩერა კვლევა, რადგან დამოუკიდებელი საკონსულტაციო საბჭოს თქმით, საბიზაბულინის სამკურნალო სიკეთეები უკვე ხელშესახები იყო და კლინიკური კვლევის გაგრძელება არაეთიკური იქნებოდა, პლაცებოს ჯგუფის მიმართ.
ექიმ ბულვარის თქმით, მართალია, ეთიკური ნორმები კვლევის შეჩერებისკენ მოუწოდებდა, კლინიკური კვლევა რომ გაგრძელებულიყო, შესაძლოა, მისი შედეგები უფრო მოკრძალებული აღმოჩენილიყო, საბოლოო ჯამში.
“კვლევები, რომლებიც დროზე ადრე წყდება, როგორც წესი, ზედმეტად ოპტიმისტურია ხოლმე, ვიდრე დროში გამოცდილი, რეალური ეფექტი,” - ამბობს ის.
ექიმ ბულვარის თქით, კოვიდის სამკურნალო წამალი მოლნუპირავირი თავიდან 50 პროცენტით ამცირებდა ჰოსპიტალიზების რისკებს. მაგრამ საბოლოოდ, ეს მონაცემი 30 პროცენტამდე დავიდა.
მისი აზრით, საბიზაბულინი, საბოლოოდ, მის ბედს გაიზიარებს.
“არ მგონია, მისი საბოლოო ეფექტურობის დონე 55 პროცენტი დარჩეს,” - ამბობს ის.
♦ მასალა ადაპტირდა სტატიიდან → Cancer Drug Greately Reduces Death in Hospitalized Covid Patients