დიდი ბრიტანეთის სამედიცინო მარეგულირებელმა დაამტკიცა ფარმაცევტული კომპანია “მოდერნას” წარმოებული ვაქცინა, რომელიც ძლიერ იმუნურ პასუხს იძლევა როგორც ახალი კორონავირუსის ორიგინალი ვარიანტის, ასევე ომიკრონის წინააღმდეგ.
“მოდერნას” შექმნილი ვაქცინის დოზის ნახევარი ძველი ვარიანტის წინააღმდეგ მუშაობს, ხოლო მეორე ნახევარი - ომიკრონის წინააღმდეგ. ახალი ვაქცინა, რომელიც “მოდერნას” ვაქცინის მოდერნიზებული ვარიანტია, კარგ იმუნურ პასუხს იძლევა ომიკრონის ორი ქვე-ვარიანტის - BA.4-ისა და BA.5-ის - წინააღმდეგაც.
ექიმი ჯუნ რეინი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ფარმაცევტული საქმიანობისა და სამედიცინო პროდუქტების მარეგულირებლის აღმასრულებელი დირექტორია, კმაყოფილია, რომ ახალმა ბუსტერ დოზამ მარეგულირებლის სტანდარტებს უპასუხა უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტურობის კუთხით.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელმა სამეცნიერო საბჭომ, - კომისიამ, რომელიც ადამიანების მკურნალობასთან დაკავშირებულ მედიკამენტებზე მუშაობს.
“Covid-19 ვაქცინების პირველი თაობა მნიშვნელოვანი დაცვაა ამ დაავადების წინააღმდეგ და სიცოცხლეების გადასარჩენად,” - აღნიშნა ექიმმა რეინმა. -”ეს ბივალენტური ვაქცინა კიდევ ერთი იარაღია ვირუსის ახალი ვარიანტების მიმართ, რომლებიც ჩნდებიან და ჩნდებიან, მათი ევოლუცია არ წყდება.”
დიდი ბრიტანეთის სამედიცინო მარეგულირებლის განცხადებით, გვერდითი მოვლენები "მოდერნას" ორიგინალი ბუსტერი დოზის მსგავსი იყო და ჩვეულებრივ არის მსუბუქი რეაქციები, სერიოზული გართულებების გარეშე.
დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის მაღალი დონეა: მოსახლეობის 76 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული, ხოლო 60 პროცენტს მიღებული აქვს ბუსტერ დოზაც.