მეცნიერება

Covid-19 ვაქცინები მენსტრუალურ ციკლს დროებით ცვლიან - ახალი კვლევა




ვაქცინაციის შემდეგ ზოგს თავის სტკივა და ზოგს - მხრები. ზოგს გულისრევა აწუხებს და ზოგს - ლიმფური ჯირკვლები უდიდდება. ახლა კი, მონაცემების მოგროვების ფონზე, Covid-19 ვაქცინების სხვა პოტენციური გვერდითი მოვლენები იჩენს თავს: ცვლილებები მენსტრუალურ ციკლში.

კვლევაში, რომელიც სამედიცინო ჟურნალ BMJ-ში 27 სექტემბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ საშუალოდ, ქალებს, რომლებმაც ვაქცინა გაიკეთეს, ერთი დღით უგვიანდებოდათ მენსტრუაცია მათთან შედარებით, ვისაც Covid-19 ვაქცინა არ გაუკეთებია. 

ამ  კვლევამ კიდევ უფრო სრულჰყო იგივე მკვლევარების ადრინდელი მონაცემები, ასევე ცალკეული შემთხვევები, რომლის თანახმადაც Covid-19 ვაქცინამ, გარკვეულწილად, არია კიდეც მენსტრუალური ციკლი ქალთა ნაწილში. ძველი მონაცემები მოიცავს 20 000 ადამიანის შესახებ ინფორმაციას - მათგან 14 936 იყო ვაქცინირებული და 4 686 - არ იყო ვაქცინირებული. 

“მენსტრუაცია, როგორც ცალკე აღებული მოვლენა, ისედაც არ არის კარგად შესწავლილი, რაც ცუდია იმის გათვალისწინებით, რომ ციკლის სტაბილურობა პირდაპირ არის დაკავშირებული ნაყოფიერებასთან და ქალის ზოგად ჯანმრთელობასთან,” - ამბობს ექიმი ალისონ ედელმანი, რომელიც ორეგონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობისა და მეცნიერების სკოლის პროფესორია და ამ კვლევის მთავარი ავტორი იყო. “იმედი გვაქვს, ეს კვლევა ჩვენს ადრეულ მონაცემებსაც მიანიჭებს მეტ ვალიდაციას და საშუალებას მისცემს ჯანმდაცვაში მომუშავე ექიმებს, რომ გაითვალისწინონ ეს ფაქტი და კლინიკური რეკომენდაციები მისცენ პაციენტებს.”

მენსტუალურ ციკლში ოდნავი ცვლილებები და რყევები საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა და განსაკუთრებული შფოთის მიზეზი არ უნდა გახდეს. ჰორმონების მდგომარეობა, რომლებიც მენსტრუაციას და ქალის ნაყოფიერებას აკონტროლებს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, სტრესზე, წონის კარგვასა თუ მომატებაზე, კალორიების შემცირებაზე და დატვირთულ ვარჯიშზე. ამის შედეგად იცვლება მენსტრუალური სისხლდენის დღეები, ციკლის ხანგრძლივობა, მონადენი სისხლის სიუხვე. მეანებისა და გინეკოლოგების საერთაშორისო ფედერაციის თქმით, ციკლი, რომელიც 8 დღეზე ნაკლებ დროშია გადანაწილებული, ნორმალური მოვლენაა. 

როცა ექიმმა ედელმანმა და მისმა გუნდმა მონაწილეების ვაქცინამდე სამი ციკლის და ვაქცინის შემდეგ მინიმუმ ერთი ციკლის მონაცემები გააანალიზა, აღმოჩნდა, რომ პირველი დოზის შემდეგ ციკლმა 0.71 დღით გადაიწია და 0.56 დღით - მეორე დოზის შემდეგ. ისეთ ინდივიდებს, რომლებმაც ორივე დოზა ერთი ციკლის ფარგლებში მიიღეს, უფრო დიდი ცვლილებები ჰქონდათ: მათ ციკლი, საშუალოდ, თითქმის ოთხი დღის შემდეგ მოუვიდათ. ამ ქვეჯგუფში 100 ადამიანს ციკლი 8 ან უფრო მეტი დღის შემდეგ მოუვიდა. 

ექიმი ჯენიფერ კავასი, რომელიც რეპროდუქციული ენდოკრინოლოგია ემორის უნივერსიტეტში, ამბობს, რომ რადგან მენსტრუაცია მწყობრში ვაქცინაციიდან ერთი თვის შემდეგ ჩადგა, ეს ცვლილებები, სავარაუდოდ, არ იმოქმედებს ქალის ნაყოფიერებაზე გრძელვადიანად. 

ჯერ არ არის ცხადი, რა მექანიზმით მოქმედებს Covid 19 ვაქცინები მენსტრუალურ ცვლილებებზე. სავარაუდოდ, ვაქცინის მიღების შემდეგ, იწყება პროცესი იმუნურ სისტემასა და სხეულის სხვადასხვა ნაწილს შორის, და იმუნური სისტემა ცდილობს, ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილი გარე პათოგენებისგან  დაიცვას, და მათ შორისაა ქალის რეპროდუქციული სისტემაც.

ვაქცინები ააქტიურებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას, და შესაძლოა [მაგრამ არაა ზუსტად დამტკიცებული], ენდომეტრიუმსაც, რომელიც საშვილოსნოს გამყოფი ხაზივით გასდევს შიგნიდან და ყოველთვიური ციკლის ფარგლებში, ამზადებს მას ნაყოფის მისაღებად და გამოსაკვებად, საკვერცხის განაყოფიერების შემთხვევაში.

ახალი კვლევა ამბობს, რომ Covid-19 ვაქცინებს, შესაძლოა, სწორედ გამოღვიძების ეფექტი ჰქონდეთ. 

რაკი კვლევაში ბევრი ქალი იყო ჩართული მთელი მსოფლიოდან, მეცნიერებს ჰქონდათ საშუალება, ერთმანეთისთვის შეედარებინათ სხვადასხვა ტიპის ვაქცინების, მათ შორის ახალი ტექნოლოგიებით მომზადებული mRNA [Pfizer-BioNTech & Moderna], ასევე ძველი, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინების [AstraZeneca, Covishield, Johnson & Johnson & Sputnik V] და ინექტივირებული ვაქცინების [Covaxin, Sinopharm & Sinovac] გავლენები. 

კვლევაში არ იყვნენ ჩართული ისეთი ქალები, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებდნენ ან რომლებსაც ვაქცინამდე არასტაბილური მენტრუაცია ჰქონდათ. 

ამ თემის მკვლევარ მეცნიერებს ჯერ იმის თქმაც არ შეუძლიათ, საჭიროა თუ არა დროში ან მესტრუაციასთან მიმართებით უნდა დაიგეგმოს თუ არა ვაქცინაცია.

მაგრამ მათი კვლევის შედეგები დაეხმარება ადამიანებს, დაგეგმონ ესა თუ ის პროცედურა, და აღარ ეშინოდეთ, თუკი მენსტრუაციის შემდეგ რამე შეიცვლება. იმ ფაქტმა, რომ მენსტრუალური ციკლი მალევე დგება მწყობრში, შესაძლოა, შიშიც შეამციროს ვაქცინების ახალი ტექნოლოგიის - mRNA-ის მიმართ. 

ექიმ კავასის თქმით, ვაქცინების გვერდითი მოვლენები - იქნება ეს მენსტრუალურ ციკლში ცვლილება, თავის ტკივილი თუ ცხელება - არ არის იმის მიმანიშნებელი, რომ ვაქცინა კარგად ან განსაკუთრებით კარგად მუშაობს, კონკრეტულ შემთხვევაში. ორგანიზმის რეაქცია, კავასის თქმით, ინდივიდუალურია და ის მისი იმუნური სისტემის მგრძნობიარობასა და ჰორმონალურ ძვრებზეა დამოკიდებული. 

ნებისმიერ ინფექციას შეუძლია მენსტრუალურ ციკლში ცვლილების მოტანა; და თავად Covid-19 ინფექციას ბევრად დიდი და ხანგრძლივვადიანი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე დროებითი ცვლილებები მენსტრუალურ ციკლში. 

სპეციალისტების თქმით, არ არსებობს მინიშნება იმის თაობაზე, რომ ვაქცინებს გავლენა ჰქონდეთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. უმეტეს შემთხვევაში, არეული მენსტრუალური ციკლი მალევე ჩადგა მწყობრში. 

ამის მიუხედავად, ბუნებრივია, რომ ქალს აინტერესებს ნებისმიერი ცვლილება მენსტრუალურ ციკლში, თუნდაც, მოკლევადიანი. 

“თუკი მენსტუალური ცვლილებები თვეების განმავლობაში გრძელდება, უკვე ღირს, რომ ქალმა მეან-გინეკოლოგს მიაკითხოს და საკუთარი მდგრომარეობა ამ კუთხით უფრო დეტალურად შეამოწმოს და შეფასოს,” - ამბობს ექიმი კავასი. -”ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, სავარაუდოდ, არ უკავშირდება Covid-19 ვაქცინას.” 

 

 

 მასალა ადაპტირდა სტატიიდან - New Study Shows Covid Vaccines Can Temporarily Alter Menstrual Cycle

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>