მეცნიერება

ქალის ორგაზმი - რა ევოლუციური საფუძვლები აქვს მას?




თვალები იმისთვის გვაქვს, რომ დავინახოთ. ცხვირით ჟანგბადს ჩავისუნთქავთ. მთლიანი ორგანიზმის და ცალკეული ორგანოების ბევრი ფუნქცია ცხადია და მათი მნიშვნელობის ძიებას ზედმეტი ძალისხმევა არ სჭიდება. 

მაგრამ ორგანიზმში მიმდინარე ზოგი მოვლენის ახსნა უფრო დიდი გამოწვევაა. ბიოლოგებისთვის დღემდე ასეთი გამოცანაა ქალის ორგაზმი - მისი ევოლუციური წარმომავლობა და ფუნქციები. 

მართალია, რომ დღეს - ევოლუციური განვითარების ამ ეტაპზე - ორგაზმს მნიშვნელოვანი როლი აქვს ქალის ახლო ურთიერთობებში, სიამოვნების მიღებასა და სხეულის შესაძლებლობებით ტკბობაში, მაგრამ ორგაზმის - რომელიც ფიზიოლოგიურად კუნთების დაძაბვით, სისხლში ჰორმონების გამოყოფით  და უკიდურესად მძაფრი შეგრძნებებით გამოიხატება ფიზიოლოგიურად, - ევოლუციური ფესვები რთული ასახსნელია. 

ათწლეულების განმავლობაში, მეცნიერებმა არაერთი თეორია წამოაყენეს ორგაზმის ევოლუციური ფუნქციის ასახსნელად, მაგრამ არც ერთი მათგანი არაა საყოველთაოდ აღიარებული: მათზე შეჯერებული სამეცნიერო მოსაზრებები არ არსებობს. 

ორგაზმის ევოლუციური წარმომავლობის მკვლევართა არმიას ბოლო წლებში ორი მეცნიერი შეემატა: ისინი ცდილობენ, ორგაზმის, როგორც მოვლენის, წარმოშობა უძველესი ისტორიის აღდგენით მოახერხონ: იმის კვლევით, თუ როგორ და რატომ განვითარდა ადამიანი, როგორც ერთ-ერთი ძუძუმწოვარი, იმ სახით, როგორც ის დღეს არსებობს. 

სამეცნიერო გამოცემა The Journal of Experimental Zoology-ში ამ ავტორებმა სტატია გამოაქვეყნეს და დაასკვნეს, რომ ძუძუმწოვრის უნარი, მიაღწიოს ორგაზმს, სათავეს 150 მილიონი წლის წინ იღებს, რომლის დროსაც და რა საშუალებითაც მდედრის ორგანიზმიდან, მამრთან შეჯვარების შემდეგ, განაყოფიერების მიზნით, კვერცხუჯრედი გამოიტყორცნებოდა.

აქამდე ბევრი მეცნიერი ამ მიმართულებით არ წასულა: ორგაზმის მისტიკის ამოსახსნელად, ადამიანთან სახეობრივად დაკავშირებული სხვა ცხოველის [ძუძუმწოვართა კლასიდან] გამოკვლევა არავის დაუწყია. 

“ორგაზმს რაც შეეხება - ამ უნარს მხოლოდ ადამიანებისა და პრიმატების პრივილეგიად ვთვლიდით,” - ამბობს მიჰაელა პავლიცევი, ევოლუციური ბიოლოგი ცინცინატის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯში, და ამ კვლევის ავტორი. “ჩვენ სხვა სახეობებს ამ მიმართულებით ღრმად არ ვიკვლევდით და ორგაზმის პირველწყარო ფუნქციას არ ვეძებდით.” 

მამაკაცის ორგაზმზე ევოლუციურ ბიოლოგებს ამდენი კითხვა არასოდეს დაუსვამთ. მამრის ორგაზმი პირდაპირ უკავშირდება ეაკულაციას, რომლის საშუალებითაც ხდება გამრავლება და ამით მამრი მომავალ თაობას საკუთარ გენეტიკას გადასცემს. 

ორგაზმთან დაკავშირებული მძაფრი სიამოვნება მამაკაცს წაახალისებს, რომ სპერმა გამოყოს ორგანიზმიდან - ეს მისთვის ევოლუციურად მომგებიანი საქმეა. 

ქალებისთვის ორგაზმის ბიოლოგიური წარმოშობის ძირები კი უფრო რთული საძიებელია. კუნთების სპაზმი/კუმშვა, რომელიც ორგაზმის მიღწევისთვის მთავარი პირობაა, ქალის დაორსულებაში მონაწილეობას არ იღებს. და მაშინ, როცა კაცების უმეტესობისთვის ყოველი სექსი ორგაზმით მთავრდება, ქალების შემთხვევაში ეს სულაც არაა ასე - ქალისთვის სექსის ქონა ორგაზმის შეგრძნების აუცილებელი პირობა არ არის. 

2010 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული ქალების 35.6-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში სექსის დროს სულაც არ ჰქონდათ ორგაზმი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ანატომიაა: კლიტორი ფიზიკურად განცალკევებულია ვაგინისგან [მის გარეთ მდებარეობს და არა იქ, სადაც პენისი შედის და დაასტიმულირებდა, შიგნით რომ ყოფილიყო].  

ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ქალის ორგაზმი მაინც რაღაც ევოლუციურ ფუნქციას ემსახურება, რომელიც ბუნებრივი გადარჩევის დროს შენარჩუნდა. ახლა  გასარკვევია, რაში მდგომარეობს ეს ფუნქცია, უფრო ზუსტად. 

“დაუსაბუთებელი შინაგანი გრძნობა მეუბნება, რომ ორგაზმის მოტივაცია, შესაძლოა, ყოფილიყო ის უდიდესი სიამოვნება, რაც ამ შეგრძნებას მოაქვს და რომლის საბოლოო [ევოლუციური] ჯილდო განაყოფიერების სახით შეიძლება მოგვევლინოს,” - ამბობს დეივიდ ა. ფათსი, ევოლუციური ბიოლოგი პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

მეცნიერებმა ბევრი ჰიპოთეზა წამოწიეს. ექიმმა ფათსმა და მისმა კოლეგებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს, და კვლევები შემდეგ ჰიპოთეზაზე დააფუძნეს: ქალის ორგაზმი იმის შანსს ზრდის, რომ კვერცხუჯრედი გენეტიკურად მიმზიდველმა მამაკაცმა გაანაყოფიეროს. 

ელიზაბეთ ა. ლოიდი, ფილოსოფოსი ინდიანას უნივერსიტეტიდან, ამ მისთვის პრიმიტიული თეორიის დაჯერებას არ აპირებს. 2005 წელს მან გამოაქვეყნდა წიგნი “ქალის ორგაზმი”, სადაც ამ თემაზე არსებული 18 აკადემიური ნაშრომი მიმოიხილა. ეს ნაშრომები ქალის ორგაზმის ფუნქციების სხვადასხვა თეორიებსა და ჰიპოთეზებს მოიცავდა. 

ლოიდმა დაასკვნა, რომ არც ერთ თეორიას არ ჰქონდა საკმარისი საფუძვლები საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, ზოგი თეორია კი ადამიანის სექსუალობის შესახებ სხვა, აქამდე არსებულ, თეორიებთან მოდიოდა წინააღმდეგობაში. 

წლების მუშაობამ მხოლოდ გაამყარა ელისაბეთ ლოიდის სკეპტიციზმი. 

ლოიდის თქმით, საუკეთესო ახსნა ისაა, რომ ქალის ორგაზმს არავითარი ევოლუციური ფუნქცია არ აქვს და არც ჰქონია. ის მეტი არაფერია, თუ არა მამაკაცის ორგაზმის გვერდითი მოვლენა, თანაპროდუქტი. ორგაზმი ქალებისთვის, მისი თქმით, იგივეა, რაც ძუძუსთავები კაცებითვის. 

მაგრამ ექიმი პავლიცევი და მისი კოლეგა, - გუთნერ პ. ვაგნერი იელის უნივერსიტეტიდან, იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ქალის ორგაზმს უფრო ღრმა ევოლუციური ისტორია აქვს და სათავეს ადრეულ ძუძუმწოვრებში იღებს.

პავლიცევმა და ვაგნერმა სხვა ძუძუმწოვარი ცხოველების სექსუალური ცხოვრების შესწავლა დაიწყეს: ძველ და საკმაოდ ბუნდოვანი რეპუტაციის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში იქექებოდნენ და არდვარკიდან დაწყებული, კოალით დამთავრებული, ძუძუმწოვრების სექსუალური ევოლუციის შესწავლა დაიწყეს. 

საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა: მდედრი ძუძუმწოვრები სექსის დროს ოქსიტოცინსა და პროლაქტინს გამოყოფდნენ - ეს ის ჰორმონებია, რომლებიც ქალის ორგაზმის დროს გამომუშავდება და ვრცელდება ორგანიზმში. უფრო მეტიც - ბევრი სახეობის შემთხვევაში, მდედრ ძუძუმწოვრებს რეპროდუქციის რადიკალურად სხვადასხვა თავისებურებები ჰქონდათ.

თუკი ადამიანი, როგორც ძუძუმწოვარი სახეობა, ყოველთვე მხოლოდ ერთხელ არის მზად განაყოფიერებისთვის, სხვა ძუძუმწოვარი მდედრები, მაგალითად, კურდღელი და აქლემი, კვერცხუჯრედს მხოლოდ მამრთან შეჯვარების შემდეგ გამოყოფენ. 

პავლიცევი და ვაგნერი ამბობენ, რომ ოვულაციური ციკლის ევოლუცია ძუძუმწოვრების მხოლოდ ნაწილში მოხდა, მათ შორის ადამიანში, მაგრამ არა ყველა ძუძუმწოვარში. მანამდე, ჩვენი უძველესი წინაპარი ძუძუმწოვრების ოვულაციური ციკლი მამრთან სექსზე იყო დამოკიდებული: მხოლოდ მისით სტიმულირდებოდა და მზადდებოდა განაყოფიერებისთვის. 

ადრეულ ძუძუმწოვრებს კლიტორიც ვაგინის შიგნით ჰქონდათ. იმ ძუძუმწოვრებში, რომელთა ოვულაციური ციკლი განვითარდა და შეიცვალა, კლიტორი ვაგინიდან გარეთ “გამოვიდა.” ამ მიგნებებზე დაყრდნობით, პავლიცევი და ვაგნერი ფიქრობენ, რომ ქალის ორგაზმი თავდაპირველად გაჩნდა, როგორც ტექნიკური რეფლექსი, რომ მდედრს დაორსულებაში დახმარებოდა. 

როცა ადრეული ძუძუმწოვრები წყვილდებოდნენ, პენისით სტიმულირებული კლიტორი თავის ტვინში სიგნალებს აგზავნიდა, რომლებიც ჰორმონების წარმოებას და გამოყოფას ასტიმულირებდა, რომლის ერთ-ერთი შუალედური შედეგი კვერცხუჯრედის მომზადება იყო. როგორც კი კვერცხუჯრედი განაყოფირდებოდა, ჰორმონები უკვე იმისთვის იყო საჭირო, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი სათანადოდ მიბმოდა საშვილოსნოს და ნაყოფი განვითარებულიყო. 

ასეთი მოწყობა ისეთ მდედრ ძუძუმწოვრებს დაეხმარა, რომლებიც იშვიათად ხვდებოდნენ მამრს. შეხვედრის მწირ შესაძლებლობებს შორის, მათ ჰქონდათ შანსი, მაქსიმალური სარგებელი მიეღოთ განაყოფიერების თითოეული შემთხვევისგან.

დროთა განმავლობაში, ძუძუმწოვართა გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის ადამიანმა, სოციალურ ჯგუფებად დაიწყო ცხოვრება. მდედრებს უკვე ჰქონდათ მამრებთან რეგულარული შეჯვარების შესაძლებლობა, და ორგაზმის ევოლუციური ფუნქცია უკვე აღარ იყო აუცილებელი და გამოსადეგი, როგორც გამრავლების წამახალისებელი. 

ჩვენმა წინაპარმა მდედრებმა ევოლუციურად რეპროდუქციის ახალი სისტემა შეიმუშავეს: კვერცხუჯრედს რეგულარული, ყოველთვიური ციკლის სახით ამზადებენ განაყოფიერებისთვის. 

რაკი ორგაზმის თავდაპირველი ფუნქცია დაიკარგა, კლიტორმა ადგილმდებარეობა შეიცვალა. ექიმი ვაგნერი ფიქრობს, რომ ეს ევოლუციური ძვრები ორგანიზმის სენსორული სისტემის ძირეული და გამიზნული ცვლილება იყო: “ძველი სისტემის სიგნალების გაშვება ახალი რეალობის ანატომიურ აგებულებაში, ცრუ განგაშია და მეტი არაფერი,” - ასკვნის ის. 

“საბოლოოდ რომ თქვათ, ჩვენ არ ვიცით, სენსორული სისტემის ასეთი ცვლილება-გადაადგილება რატომ მოხდა,” - დაამატა მან. მაგრამ ძუძუმწოვრებს შორის “როგორც დამდგარი შედეგი, ეს საკმაოდ ძლიერად გამოხატული ევოლუციური თავისებურებაა.” 

ექიმმა ლოიდმა და ექიმმა ფათსმა მაინც შეაქეს ახალი კვლევის პუბლიკაცია, როგორც პროვოკაციული ნაშრომი ქალის ორგაზმზე.

“ძალიან მიხარია, რომ მსგავსი ნაშრომი გამოქვეყნდა,” - თქვა ექიმმა ლოიდმა, “რადგან ისევ წამოიწევა დებატები ქალის ორგაზმზე, ახლებულ ხედვებს გამოვკვეთავთ და კიდევ ერთხელ მივხვდებით, რამდენი რამ არ ვიცით ამ მნიშვნელოვან ბიოლოგიურ მოვლენაზე, და უფრო მეტად ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რა უნდა ვიცოდეთ.”

კვლევის ავტორები - პავლიცევი და ვაგნერი - ამბობენ, რომ მათი კვლევის მიზანი ამ საკითხე ერთი მოსაზრების გაბატონება-შეჯერება არაა.

“დისკუსია ღია უნდა იყოს, ყველა მიმართულებით,” - თქვა ვაგნერმა.

მისივე თქმით, ქალის ორგაზმის წარმომავლობის კვლევა, შესაძლოა, რეპროდუქციული მედიცინის განვითარებასაც დაეხმაროს.

“ასე მგონია, სულ სხვა კუთხით შევხედავთ ქალის რეპროდუქციულ სისტემას მაშინ, როცა მისი ევოლუციური განვითარების შესაძლო მოდელები სახეზე გვექნება,” - თქვა მან.

 


 

მასალა ადაპტირდა სტატიიდან - Scientists Ponder an Evolutionary Mystery: The Female Orgasm

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>