მეცნიერება

მედიტაციის გავლენა თავის ტვინზე




მედიტაციის გავლენა თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაზე ნეირომეცნიერების, ფიზიოლოგიისა და ნეირობიოლოგიის შესწავლის საგანი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გახდა. 

თავის ტვინზე მედიტაციის გავლენა ნეიროვიზუალიზაციის საშუალებით შეისწავლება.

მედიტაციის გავლენა თავის ტვინზე ორ ძირითად კატეგორიაში შეიძლება გავაერთიანოთ: ა) თავის ტვინის მიმდინარე, ფუნქციურ მუშაობაზე [რომელიც ელექტროენცეფალოგრაფიით და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით იზომება] და 2) უფრო ხაგრძლივვადიანი გავლენა, რომლის დროსაც თავის ტვინი სტრუქტურულად იცვლება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მედიტაციაში გატარებული დრო [საათები] გარკვეულ ნიშნულს აღწევს. 


 

თავის ტვინის ნეიროპლასტიურობა

ნეიროპლასტიურობა არის მოზრდილი ადამიანის თავის ტვინის მოქნილობა ცვლილებების მიმართ. 

მეოცე საუკუნემდე ითვლებოდა, რომ თავის ტვინის ფორმირება ბავშვობაში იწყება და მოზრდილობაში მთავრდება. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თავის ტვინი მოზრდილობაშიც კი, ადამიანის ყოველდღიური ქცევის კვალდაკვალ, იცვლება.

რა თქმა უნდა, მოზარდის თავის ტვინი უფრო მოქნილია, ვიდრე მოზრდილის. 

ქცევებზე დამოკიდებული პლასტიურობა თავის ტვინის მნიშვნელოვანი თვისებაა და თავის როლს ასრულებს მისი სიჯანსაღის გაუმჯობესების, დასწავლის, მეხსიერების ფუნქციებისა და დაზიანების შემდეგ აღდგენის საქმეში [1, 2, 3].


 

ნეიროვიზუალიზაცია, როგორც ცვლილების მტკიცებულება 

ფუნქციური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია

ფუნქციური მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია [fMRI] თავის ტვინზე მედიტაციის გავლენის შესწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია, რომლიც მედიტაციის დროს თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებებს აკვირდება. როგორც თავის ტვინის კვლევის შედარებით ახალი ტექნოლოგია, fMRI მხოლოდ ახლახან ჩაერთო, როგორც მედიტაციის თავის ტვინზე გავლენის კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი. 

კვლევებმა აჩვენა თავის ტვინის ქერქის, ფრონტალური და პრეფრონტალური კორტექსის საკმაო გააქტიურება ვიპასანა მედიტაციის დროს. ქერქი და ფრონტალური კორტექსი ძენ მედიტაციის დროსაც აქტიურდებოდა. Mindfulness მედიტაციის დროს თავის ტვინის ფუნქციის [fMRI] გადაღების პროცესში გამოჩნდა, რომ კონცენტრაციისა და ემოციური რეგულირების უნარები გაძლიერდა. 

მეცნიერებმა ბარუქ ქანმა და ლუი ჩისემ შესაბამისი აკადემიური კვლევების რევიუ გააკეთეს, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ მედიტაციას ნამდვილად აქვს გავლენა თავის ტვინის ზემოთხსენებულ რეგიონებზე. ისიც აღინიშნა, რომ საჭიროა ახალი კვლევები, საკონტროლო ჯგუფების ჩართვით [1, 2].


ელექტროენეცეფალოგრაფიის მეთოდით დაკვირვება 

მედიტაციის დროს ელექტროენცეფალოგრაფიის საშუალებით თავის ტვინზე დაკვირვებით დამტკიცდა, რომ ფუნქციური ცვლილებები აღინიშნა ისეთი ადამიანების თავის ტვინებში, რომლებიც მედიტირებით იყვნენ დაკავებულები და შედარდა მათ თავის ტვინებს, რომლებიც არ მედიტირებდნენ. 

მედიტაციით დაკავებული ადამიანების თავის ტვინის ალფა ტალღებში ცვლილებები შეინიშნებოდა, ასევე იყო სტრუქტურული ცვლილებებიც. 

მედიტაციის დროს ნეიროვიზუალიზაციამ ასევე აჩვენა თავის ტვინის ელექტრული აქტივობის ალფა ტალღების სპეციფიური სიხშირეების მატება, ალფა ტალღების სიმძლავრის ზრდა და ელექტროენცეფალოგრაფიაზე სიხშირეების შემცირება გამოცდილ მედიტატორებში, ნაკლებად გამოცდილი მედიტატორების საპირისპიროდ/მათთან შედარებით [1,2].  



კვლევები

2016 წლის 1 ივლისს ჟურნალ Biological Psychiatry-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მედიტაციას ჰქონდა თავის ტვინის შეცვლის პოტენციალი და მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესების ძალა, რაც არ მოხდა ამავე კვლევის საკონტროლო - პლაცებოს ჯგუფში. 

მეცნიერებმა, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს, ამბობენ, რომ მედიტაციისთვის საჭიროა “ღია და მიმღები გონება, ობიექტური ცნობიერება, - რომელიც არ განსჯის მოვლენებს და მტკიცე კონცენტრაცია აწმყოზე.”

კვლევაში, რომელიც JAMA Internal Medicine-ში გამოქვეყნდა, 50 ხანდაზმული ინდივიდი ჩართეს, რომლებსაც ძილის მცირე პრობლემები ჰქონდათ და ორი პროგრამიდან ერთ-ერთის შესრულება დაავალეს. 

ერთ-ერთ ჯგუფში, უფროსი ასაკის მოქალაქეებს კარგი ძილისთვის საჭირო რუტინა ასწავლეს: ერთსა და იმავე დროს დაძინება და ძილის წინ ყავისა და ალკოჰოლისგან უარის თქმა. მეორე ჯგუფი mindfulness მედიტაციის ექვსკვირიან პროგრამაში ჩაერთო, რომლის დროსაც ინდივიდი არ აფასებს რეალობას და ამა თუ იმ ფიქრის მეტ-ნაკლებად მიმღები და გამშვებია. Mindfulness მედიტაციას სერთიფიცირებული მასწავლებელი ატარებდა. 

ერთწლიანი კვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ინდივიდებს, რომლებიც mindfulness მედიტაციას გადიოდნენ, მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ ძილის ხარისხი და ინსომნიის, დეპრესიისა და დაღლობის ეპიზოდებიც შეუმცირდათ მათთან შედარებით, რომლებიც არ მედიტირებდნენ. 

კვლევის ავტორი, დეივიდ ბლექი ამბობდა, რომ სავარაუდოდ, mindfulness მედიტაციამ თავის ტვინის აღგზნების წერტილები დაამშვიდა. ექიმ ბლექის თქმით, მედიტაცია უწყინარია საყოველთაოდ გამოყენებული ძილის წამლებისგან განსხვავებით, რომლებსაც პოტენციური მწვავე გვერდითი მოვლენები აქვთ [დეივიდ ბლექი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის ასისტენტ-პროფესორია]. 

“მარტო მედიტირებისგან განსხვავებით, რომელსაც გამოუცდელი ადამიანი ასრულებს,” - ამბობს ის, “უფრო მეტ სარგებელს სტანდარტული კურსებით, გამოცდილ ინსტრუქტორთან მედიტირების შედეგად მიიღებთ.” 

კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Psychiatry Research: Neuroimaging-ში გამოქვეყნდა, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც 30 წუთის განმავლობაში მედიტირებდნენ 8 კვირის განმავლობაში. შედეგად მათი თავის ტვინის რუხი ნივთიერების სიმჭიდროვე მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი - თავის ტვინის ეს ნაწილი კი პასუხს აგებს მეხსიერებაზე, ემპათიასა და სტრესის მართვაზე. 

თავის ტვინში მიმდინარე ცვლილებები მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით შემოწმდა, მედიტაციის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ. მედიტაციის შემდეგ რუხი ნივთიერების მოცულობა გაზრდილი იყო ჰიპოკამპუსში, რომელიც მნიშვნელოვანია დასწავლისა და მეხსიერებისთვის. თავის ტვინის გამოსახულებაზე ჩანდა, რომ რუხი ნაწილის მოცულობა შეიცვალა ამიგდალაში - ეს რეგიონი კი პასუხისმგებელია შფოთსა და სტრესზე. საკონტროლო ჯგუფის მონაწილეების ტვინებში, რომელიც მედიტაციით არ იყვნენ დაკავებული, ასეთი ცვლილებები არ აღინიშნებოდა.

 

თავის ტვინის ჯანმრთელობის მართვა მედიტაციით 

სანჯეი გუფთა ამერიკელი ნევროლოგი და ჟურნალისტია, რომელიც CNN-ში მუშაობს. მისი თქმით, იმის მიხედვით, თუ რას მივირთმევთ, როგორ გვძინავს, ვართ თუ არა აქტიური ფიზიკურად, განვიტვირთებით თუ არა დღის განმავლობაში - ვამცირებთ თუ არა სტრესს, ახალ უნარებს ვსწავლობთ თუ არა, ვაბამთ თუ არა ახალ სოციალურ კავშირებს - ამის შესაბამისად ფუნქციონირებს და იცვლება ჩვენი თავის ტვინი.

გუფთას თქმით, ახალი სტრესი ძველი და მიძინებული ნეირონული დაზიანებების ტრიგერიც კი შეიძლება გახდეს. ხსენებული ნერვული დაზიანებები სიმპტომების გაჩენიდან წლების წინ არის მომხდარი. შესაბამისად კარგი დიზაინის ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, ქრონიკულ სტრესს შეუძლია შეამციროს ადამიანის ადაპტაციისა და გარემოსადმი მორგების უნარი და შეამციროს კოგნიტური ფუნქციები. 

სტრესი ანადგურებს თავის ტვინის ჰიპოკამპუსის უჯრედებს - თავის ტვინის ეს ნაწილი მეხსიერების შენახვასა და საჭირო დროს ინფორმაციის გახსენებასა და ამოღებაზეა პასუხისხმგებელი. სტრესის შემცირებით, ვზრდით კონცენტრირების უნარსა და პროდუქტიულობას. 

“ყოველდღიური მედიტაციის რუტინა მაქვს, რომელიც 90 წამი ან ნაკლები დროის განმავლობაში გრძელდება, - ამბობს გუფთა, - ამ დროს ვხუჭავ თვალებს, ყურადღებით ვუსმენ ჩემს სუნთქვას და წარმოვიდგენ იმ ფიქრებს, რომლებიც მაწვალებენ და მაშფოთებენ. მედიტაციის დროს ეს ფიქრები თითქოს უწონადობის მდგომარეობაში არიან, ჩემს წინ ქაოტურად მოძრაობენ, ცურავენ. შემდეგ კი მე, მედიტაციის ძალით, მათ ჩემგან გავაცურებ. 

DNA, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა, ჩვენი სხეულის ძირითად თავისებურებებს განაპირობებს, თუმცა, არც მთლად მხოლოდ მემკვიდრეობით ფაქტორებზე უნდა ვიყოთ დამოკიდებულები. სამომავლო კვლევები აუცილებლად გაითვალისწინებს ცხოვრების წესს ჩვენი პოტენციური კეთილდღეობის განსაზღვრაში და აქ მხოლოდ მემკვიდრეობა თუ საოჯახო ისტორია არ იქნება განმსაზღვრელი. 

მთავარი მიზანია კოგნიტური ბაზისის შექმნა, რომელსაც მეცნიერები “თავის ტვინის გამძლეობას” ეძახიან. რაც უფრო მეტია კოგნიტური რესურსები, მით მეტია კარგად ფუნქციონირების უნარები და მცირდება თავის ტვინის შესაბამისი უჯრედების დაზიანების რისკები. ასე ვქმნით ბაზისს, რომელიც თავის ტვინს ექნება, როგორც რეზერვი, თუკი მისი რომელიმე ნაწილი დაზიანდება, მდგომარეობა გაუუარესდება, ან მოკვდება. 

ცხოვრებაშიც ასეა: რამდენად მრავალფეროვანი გეგმებიც გვაქვს, მით მეტია წარმატების შანსი. იგივე ეხება თავის ტვინის არქიტექტურის აშენებას. ასეთი ქცევებით, რომელიც წლობით  ან ათწლეულების განმავლობაში გრძელდება - ჩვენ ვაშენებთ ბაზისს იქამდე, როცა ჩვენი თავის ტვინის კოგნიტური ფუნქციები სუსტდება - რაც ასაკი გვემატება. 

ასაკთან ერად, კოგნიტური დაღმასვლა გარდაუვალი არაა. კვლევები აჩვენებს, რომ თავის ტვინზე ყოველღიური ზრუნვა იცავს მის ჯანმრთელობას ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში. 

ფოკუსირდით თქვენს თავის ტვინზე და დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია,” - ამბობს გუფთა სტატიაში, რომელიც CNN-ის ვებ-გვერდზე გასული წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნდა.

მედიაპორტალი © CACTUS-MEDIA.GE

"კაქტუსი" საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა, მეცნიერებისა და კულტურის შესახებ მოგიყვებათ.

ვრცლად >>